სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.07.2019

     ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში ძალიან ბევრი ადამიანი გაფართოების საკითხს ეჭვის თვალით უყურებს.

    „...თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში - არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეჭვით უყურებს ამ გაფართოებას. მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები ერთ დღეში არ ხდება," - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

    ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტუსკის ამ განცხადებაში ახალი არაფერია.

    „დონალდ ტუსკმა ჯერ კიდევ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა არ არის პირდაპირი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რაც შემდეგ ევროკავშირის ლიდერების მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერა უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობების კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ, იქაც არის საგანგებოდ აღნიშნული, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის გარანტიას არ წარმოადგენს.

    „სწორედ ამაზე იყო და დღესაც ამაზეა გაცხარებული დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე, ყველაზე წინ წასულ ქვეყნებს, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ევროპული საბჭოს ლიდერებს შორის, მისცენ თუ არა ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება განიხილებოდნენ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები. მოიმატა ევროსკეპტიკოსების რაოდენობამ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო და უფრო შორს გადაიწევს. დონალდ ტუსკის ეს განცხადება, ფაქტობრივად, იყო გამეორება იმ პოზიციის, რაც მას ადრე ამ საკითხზე დაუფიქსირებია," - ამბობს ის.

    ანჯაფარიძე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უახლოეს პერსპექტივას ვერ ხედავს. მისი თქმით, ეს საკითხი ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და მათ შორის ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზეც.

    „ევროკავშირმა შეიმუშავა ასეთი მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მიმართ, რომელსაც „მეტი მეტისათვის" ჰქვია, რაც უფრო მეტს და უკეთ შეასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, უფრო გაიზრდება შანსები იმისა, რომ მან გარკვეულ პერიოდში ევროპული პერსპექტივა მიიღოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ კონიუნქტურაზე, რომელიც ახლა ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეშია ჩამოყალიბებული.

    „რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი, ამის თქმა რთულია, მაგრამ პირადად მგონია, რომ თვალსაწიერ მომავალში სერიოზულ ძვრები, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს ან ევროკავშირში გაწევრიანების გზა იპოვოს, ვერ ვხედავ, თუნდაც იქიდან გამომდინარე რა პროცესებიც მიდის დღეს ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×