სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    13.07.2018

     ბრიუსელში ალიანსის სამიტი უკვე დასრულდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი სამიტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეთავაზების გარეშე დასრულდა. ერთადერთი პრიზი, რაც ქვეყანამ მიიღო, ისაა, რომ სამიტზე პრეზიდენტი უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა. თუმცა ექსპერტების ნაწილის თქმით, ჩვენთვის ერთგვარად უკან გადადგმული ნაბიჯი ამ სამიტზე ისაა, რომ საქართველოს საკითხი განიხილეს არა ასპირანტ ქვეყნებთან, არამედ უკრაინასთან ერთად.

    საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი გარკვეულ დროს ექნება, მაგრამ ახლა არა, - ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მხარდამჭერი განცხადება გაისმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან, ტრამპის ეს სიტყვები იყო ყველაზე მკაფიო გზავნილი - ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არ არის.

    2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და 10 წლის შემდეგ თბილისში ცვლილების გარკვეული მოლოდინი იყო. თუმცა სამიტზე ისევ ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა სამაგალითოა, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველ-ნატო-ს კომისიის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში არანაირი ახალი შეთავაზება საქართველოსთვის არ ჩაწერილა.

    უფრო მეტიც, მკაფიოდ ჩაიწერა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი მაპ-ი იქნება და ამით დასრულდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ერთგვარი სპეკულაციებიც, რომ შესაძლოა, საქართველო მაპ-ის გარეშეც მიიღონ ნატო-ში.

    ნატო-ს 2-დღიან სამიტზე შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და სხდომის შემდეგ მიიღეს 8-პუნქტიანი დეკლარაცია, სადაც ალიანსი მადლობას უხდის თბილისს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. სამიტზე მიიღეს 79-პუნქტიანი კომუნიკეც, სადაც საქართველოს სამი თავი ეთმობა.

    ერთადერთი, რაც ნატო-საქართველოს დეკლარაციაში მნიშვნელოვან ჩანაწერად შეფასდა, არის ის, რომ ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

    გარდა ამისა, ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და მასში საქართველოს როლი. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო მზად არის საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის განსამტკიცებლად და 2019 წელს ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები.

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე, რაც დიდი წარმატებაა.

    სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია თითქმის ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაში მონაწილებდა. გიორგი მარგველაშვილი მცირე ხნით შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ასევე, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ეს ორი შეხვედრა ქართული დელეგაციის უდიდეს წარმატებად შეფასდა.

    სამიტის ბოლოს კი მარგველაშვილმა შემაჯამებელი პრესკონფერენციაც გამართა და, ზალკალიანის მსგავსად, ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაცია ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და მეთაურების დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დეკლარაცია, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქმედო გეგმაა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატო-ს წევრობამდე.

    მარგველაშვილის თქმით, დეკლარაციაში სამი ძირითადი მნიშვნელოვანი გზავნილია. პირველი - ალიანსის 29 ქვეყნის მიერ აღიარებულია, რომ რუსეთი არის აგრესორი და საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან ჯარი უნდა გაიყვანოს; მეორე - ნათლად განსაზღვრულია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მესამე - სანამ ალიანსის წევრი გახდება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესზე თანხმდებიან ნატო-ს ლიდერები.

    მისივე თქმით, მისი მესიჯი იყო, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად.

    როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი, ამაზე პასუხი ბრიუსელში არავის გაუცია.

    საგულისხმოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო ყველა სამიტზე იღებდა ტექნიკურ ინსტრუმენტებს, ეს იყო ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ბოლოს იყო არსებითი პაკეტი. ამჯერად კი კონკრეტული წინადადებები საქართველოსთან მიმართებით კომუნიკეში არ ჩაწერილა.

    მიუხედავად ამისა, ამ სამიტით კმაყოფილია "ოცნება". მათი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს განცხადება იმაზე, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის ღიაა და რომ უამრავი მხარდამჭერი განცხადება იყო.

    ოპოზიცია და პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ამ სამიტზე საქართველოს ნატო-სთან დაახლოება არ მომხდარა.

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, "წლევანდელი სამიტი ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში".

    "პირველი სამიტია, სადაც არაფერი მიგვიღია. ყოველი სამიტის წინ საქართველო ცდილობდა, რაღაც მიეღო. პოლიტიკურად ნატო ვერ გვაძლევდა და სამაგიეროდ ვიღებდით რაღაცას პრაქტიკულად: ახალ პაკეტს, საწვრთნელ ცენტრს და ა.შ., რაც გვეხმარებოდა, გაგვეღრმავებინა ნატო-სთან თანამშრომლობა და თავსებადობა. ამ სამიტზე საჩუქრად მოგვცეს არა ახალი ცენტრი ან პაკეტი, არამედ შეხვედრა უკრაინასთან დაწყვილებით - ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენზე ბევრად ცუდად აქვს საქმე, რადგან მას ღიად ბლოკავს უნგრეთი და ამ ეტაპზე პროგრესის თეორიული შანსიც არ აქვს," - აცხადებს ხარშილაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ექსპერტი   (13.07.2018)
    ნუთუ ქართველები ისეთი ბნელები ვართ ვერ გავიგოთ, ვის რა როლი აქვს იმ საქმეში, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა, ნატოში თუ გვინდა, აშშ-ია იქ მთავარი და მასთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა უმაღლეს დონეზე, 2008-წლის სამმიტზე ბუშმა დააყენა ჩვენი გაწევრიანების საკითხი, ის ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს და ამას მოჰყვა შედეგი, იმის შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად წინსვლა არ გვქონია, ვინაიდან ობამას ადმინისტრაციასთან არ გვქონდა კარგი დამოკიდებულება, რესპუბლიკელები უფრო გულშემატკივრობენ საქართველოს და ეხლა ჩვენ გვეძლევა შანსი ვისაც აქვს და იცნობს ტრამპს, ის ნამყოფია საქართველოში, იცნობს მიშას, ამასთან კონგრესმენებიც მხარს გვიჭერენ და ეს შანსი ჩვენ სუნდა გამოვიყენოთ, აქ არ არის მთავარი ვინ ვისისტია, აქ მთავარია პრაგმატიზმი, თუ ეს შანსი ხელიდან გაუშვით მერე გვიანი იქნება თითზე კბენაი და ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას ვიღაცეების ხუშტურუკებს...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved