სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიტვის კულტურის მინისტრი ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ევროპულ გამოცდილებაზე
    აკაკი გვიმრაძე
    21.12.2017

     "კულტურული პროექტების დაფინანსების პროცესი მთლიანად განცალკევებული უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენისგან. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისა და კულტურული მრავალფეროვნების თავისუფლების საშუალებას.

    "განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კულტურის მმართველობის სისტემის მაქსიმალურ დემოკრატიზაციას", - განაცხადა "რეზონანსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა, ვისთანაც საქართველო-ლიტვას შორის კულტურული თანამშრომლობის, ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ვისაუბრეთ.

    "რეზონანსი": რა მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას კულტურის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობაში?

    ლიანა რუოკიტე-ჯონსონი: კულტურა დაფუძნებულია ინტერაქტივზე, ურთიერთქმედებაზე. შესაბამისად, კულტურას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ჩვენს ურთიერთობაში, ლიტველ და ქართველ ხალხს შორის კონტაქტების გამყარებასა და ურთიერთგაგების გაუმჯობესებაში, საერთო ღირებულებების გაცვლასა და კომუნიკაციაში.

    საქართველოსთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობა და უამრავი კონტაქტი, რაც პერმანენტულად საჭიროებს განახლებასა და გავრცობას.

    "რ": რა კონკრეტული პროექტების რეალიზაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის?

    ლ.რ: ჩვენ ქართული ფილმის სკოლის დიდი თაყვანისმცემლები ვართ და მუდამ ვეძებთ თანამშრომლობისთვის თემებს ლიტვისა და საქართველოს ნაციონალური ფილმის ცენტრებს შორის.

    მიხარია, რომ ლიტვური დოკუმენტური ფილმების პროგრამა წარმოდგენილი იქნება თბილისის "სინედოკ" ფესტივალზე მომავალ წელს, ბალტიური ფილმების ჩვენება დაგეგმილია თბილისის ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, როდესაც ლიტვა და საქართველო იზეიმებენ სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს.

    ასევე, მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველო-ლიტვის ერთობლივი წარმოების ფილმი "#ფქქუ" წარდგენილი იყო ტოკიოს ფილმის ფესტივალზე ოქტომბრის ბოლოს.

    აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს უკვე ხანგრძლივი თანამშრომლობა თეატრის სფეროში - 2015-2017 წლებში ლიტველ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ახლოს გასცნობოდნენ გელა კანდელაკისა და მისი ბუდრუგანა-გაგრას ჩრდილების თეატრის უნიკალურ ხელოვნებას თბილისში, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში. ერთობლივად მათ დადგეს წარმოდგენა "ბიჭი და თოლიები". ასევე, ლიტვური თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრის ფესტივალის მუდმივი სტუმარია.

    ჩვენს კულტურათა უფრო ღრმად გაცნობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლიტერატურის თარგმნას, შესაბამისად, ჩვენ გავზარდეთ თარგმანის რაოდენობა ორივე მხარეს, ლიტვურად და ქართულად.

    გასულ წელს ლიტველ მკითხველებს ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ ქართული მწერლობის კლასიკურ ნაწარმოებებს - ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ბონდო მაცაბერიძე.

    ერთ-ერთმა ყველაზე უფრო აქტიურმა მთარგმნელმა ლიტვურიდან ქართულად - ნანა დევიძემ წარუდგინა ქართველ მკითხველს ლიტერატურული ალმანახი "აფრა", რომელიც მთლიანად მიეძღვნა ლიტვურ ლიტერატურას.

    ნოემბერში საქართველოს ნაციონალურ მუზეუმში გავხსენით ვიტას ლუცკუსის ფოტოგამოფენა, რომელიც უკვე მეექვსეა ბოლო წლებში, რაც მეტყველებს ლიტვური ფოტოგრაფიის სიძლიერესა და ქართველი პარტნიორების დინამიზმზე.

    სულ ახლახან საქართველოს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთობლივად ხელმოწერილი თანამშრომლობის პროგრამა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჩვენი კიდევ უფრო ახლო თანამშრომლობისათვის. ეს ხსნის შესაძლებლობებს და მომავალში კონკრეტულად იქნება დამოკიდებული პროდიუსერებზე, მენეჯერებზე, ექსპერტებზე, ხელოვანებზე, თუ როგორ გამოიყენებენ ამ პროგრამის შესაძლებლობებს და როგორ მოახდენენ მის იმპლიმენტაციას პრაქტიკაში.

    "რ": თუ შეიძლება გვითხარით, რა მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ბოლო წლებში ლიტვის კულტურის სფეროში, როგორ შეიძლება საქართველომ გაიზიაროს ეს გამოცდილება?

    ლ.რ: განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კულტურის მმართველობის სისტემის მაქსიმალურ დემოკრატიზაციას - სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ექსპერტების კონსულტაციებზე, პროგრამულ დაფინანსებაზე პროექტების მიხედვით და ხელმისაწვდომობის პრინციპზე.

    კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს კულტურული ორგანიზაციების ქსელის შექმნას, ხოლო თავად უკვე აღარ არის პასუხისმგებელი თანხების მოძიებაზე კულტურული პროექტებისათვის და ეს პროცესი მთლიანად განცალკევებულია პოლიტიკური პროცესისგან.

    ეს არის უმნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისა და კულტურული მრავალფეროვნების თავისუფლების საშუალებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

    მთავრობის მონაწილეობა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ შექმნას დასაფინანსებელი პროგრამების ძირითადი პრინციპები, მაგრამ არ მონაწილეობს უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღებაში.

    ლიტვას ასევე შეუძლია, გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ მატარებლებზე გადატანაში, იგულისხმება: მუზეუმები, ბიბლიოთეკები.

    "რ": რა მთავარი ცვლილებები მოხდა კულტურის პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც ლიტვა გახდა ევროკავშირის წევრი?

    ლ.რ: ევროკავშირი ქმნის მთავარ დღის წესრიგს ევროპულ დონეზე კულტურული პოლიტიკის განხორციელებისთვის, წევრ ქვეყნებთან ერთად აძლიერებს კულტურულ დიალოგსა და თანამშრომლობას, მხარს უჭერს კულტურული პროექტების განვითარებასა და კულტურის სფეროს მოღვაწეების აქტივობას.

    ევროკავშირის წევრი ქვეყნები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას და ქმნიან სოლიდურ მონაცემთა ბაზას თავიანთ ქვეყნებში. ასევე, უნდა აღვნიშნო ევროკავშირის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა - ევროპის კულტურული დედაქალაქები, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018, რაც არის მნიშვნელოვანი თითოეული ქვეყნისათვის და რაც აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში კულტურას.

    ლიტვა წარმატებით მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში. და, რაღა თქმა უნდა - ევროპის სტრუქტურული ინვესტიციები ჩვენს კულტურის ინფრასტრუქტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციაა, რაც არის საფუძველი კულტურული კონტრიბუციისა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

    "რ": კულტურისა და ხელოვნების რომელ სფეროებშია ლიტვა ცნობილი მსოფლიოში?

    ლ.რ: ლიტვას უამრავი რამის შეთავაზება შეუძლია. ჩვენ გამოვირჩევით და აღიარება გვაქვს მუსიკაში, თეატრში, ფოტოგრაფიაში, ვიზუალურ ხელოვნებაში.

    ლიტვის სამ ყველაზე დიდ ქალაქში - ვილნიუსში, კაუნასსა და კლაიპედაში მთელი წლის განმავლობაში ვატარებთ საერთაშორისო ფესტივალებს, ამასთანავე, ორ უმსხვილეს რეგიონულ საერთაშორისო გამოფენას - წიგნის გამოფენას ვილნიუსში თებერვალში და ხელოვნების გამოფენას, ასევე, ვილნიუსში ივნისის თვეში.

    "რ": 2018 წლისთვის რა მთავარი გეგმები და ამოცანები გაქვთ?

    ლ.რ: სახელმწიფოებრიობის ასწლოვანი იუბილეს ფართომასშტაბიან აღნიშნვას ვგეგმავთ ლიტვაში, რა დროსაც აქცენტი აღებული იქნება საზოგადოებრივ და კულტურულ მონაწილეობაზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, განხორციელდება საუკუნოვანი მუსიკის ფესტივალის ორგანიზებით, რომელიც მთელი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ივლისის თვეში.

    ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებას საზღვარგარეთაც, კულტურულ პროგრამას წარვადგენთ: საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე, კულტურული ღონისძიებები გვექნება: გერმანიაში, პოლონეთში, ისრაელში, რუსეთში, შვედეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

    მოხარული ვარ, რომ ბალტიელ მეზობლებთან ვითანამშრომლებთ ამ პროცესის განმავლობაში და შევეცდებით ჩვენი ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განვითარებას.

    "რ": საქართველოში პირველად იმყოფებით. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?

    ლ.რ: საქართველოში პირველად ვარ, არადა, აქამდე ორჯერ ვგეგმავდი თქვენთან სტუმრობას, მაგრამ სულ ბოლო მომენტში გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტები ჩაიშალა. თუმცა ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ.

    უცხოელები მუდამ მეკითხებიან, ინტერესდებიან და ამავე დროს უკვირთ კიდეც, თუ რა არის ისეთი ძლიერი ჩვენ შორის, რაც ასე გვაერთიანებს, რაც გვხდის ასე ძვირფასს და ახლობელს ლიტველებსა და ქართველებს ერთმანეთისთვის, რატომ არის განსაკუთრებული ურთიერთობა ამ ორ პატარა ქვეყანას შორის. მე მათ ვპასუხობ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ გვაერთიანებს თავისუფლებისათვის ბრძოლა და სწრაფვა, გავდივართ განვითარების მსგავს გზას და მუდამ ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. ჩვენ შორის არის ძლიერი სულიერი კავშირი... ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მომეცა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved