სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    25.11.2017

     "გამორიცხული არ არის, რომ შიო მუჯირის პატრიარქის მოსაყდრედ დასახელება ეკლესიის შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კონსენსუსის საფუძველი იყოს, რომ უხიფათოდ მიიყვანოს საქმე პატრიარქის არჩევამდე ან თავად გახდეს ეკლესიის მესაჭე იმის გამო, რომ ამ დაპირისპირების განეიტრალება მოხდეს.

    "შესაძლოა, ის ყველასთვის მისაღები კანდიდატი იყოს - რუსეთისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის და შიდა საეკლესიო თვალსაზრისითაც. ზოგადად, პრობლემაა ის, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით შიო მუჯირის შესახებ, გარდა ზედაპირული ინფორმაციისა, რომელიც მთლად სანუგეშო არ არის," - აცხადებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და იმ სავარაუდო კანიდატებზეც საუბრობს, რომლებიც, დიდი ალბათობით, პატრიარქობისთვის იბრძოლებენ.

    "რეზონანსი": პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი და ის უკვე განიხილება მომავალში პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატადაც. რა იცით მის შესახებ?

    ბექა მინდიაშვილი: მოსაყდრედ დასახელება ნიშნავს, რომ მას პატრიარქისგან დიდი ნდობა აქვს გამოცხადებული, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მომავალი პატრიარქი უცილობლად იქნება შიო მუჯირი. პატრიარქის ვინაობას წყვეტს სინოდის არჩევნები. სინოდზე გავა, მაქსიმუმ, სამი კანდიდატურა, შესაძლოა, დასახელდეს მხოლოდ ერთიც და შემდეგ სინოდი ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთს აირჩევს. თუმცა ამ სიმბოლური კაპიტალით, რაც მას პატრიარქმა გადასცა, შიო მუჯირი ერთი ნაბიჯით წინ იქნება სხვა კანდიდატებთან კონკურენციაში. გარდა ამისა, წინ იქნება იმის გამოც, რომ, მინიმუმ, 40 დღის და, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში ის იქნება პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგება.

    პირადად არ ვიცნობ შიო მუჯირს, მაგრამ ბიოგრაფიული შტრიხებიდან ირკვევა, რომ მას კონსერვატორიაში მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, თბილისის 53-ე სკოლა აქვს დამთავრებული, ბერად აღკვეცის შემდეგ სწავლას აგრძელებს მოსკოვში, ტიხონის თეოლოგიურ ინსტიტუტში. ის იქ ლევან ვასაძესთან ერთად სწავლობს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია. რუსეთში სწავლა და ვასაძესთან მეგობრობა ეჭვს აჩენს, რომ, შესაძლოა, მუჯირი რუსეთისთვის მისაღები კანდიდატურა იყოს იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოს ეკლესიას მხოლოდ ფორმალურად განიხილავს ავტოკეფალიურად და მას საეგზარქოსოდ მიიჩნევს.

    ვიცით, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების საგარეო პოზიციები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის რუსეთის ინტერესის გამტარია როგორც მართლმადიდებლურ საეკლესიო კონტექსტში საერთაშორისო დონეზე, ისე ინტერრელიგიურ კონტექსტში. ასევე, შიდა ქართულ სივრცეში რუსეთი ქართულ ეკლესიას რბილი ძალის ყველაზე ძლიერ აქტორად განიხილავს. გავლენის თვალსაზრისით ერთ-ერთი იდეოლოგიური წყაროა ერთმორწმუნეობის კონტექსტიდან გამომდინარე და, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რუსეთი დაინტერესებული არ იყოს, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი.

    მეორე მხრივ, როგორც ბოლო მოვლენები ააშკარავებს, საქართველოს ხელისუფლებაც მაქსიმალურად დაინტერესებულია და ჩართულია მომავალი პატრიარქის შერჩევაში. ციანიდის ამბით აშკარად გამოავლინა, რომ ერთი ჯგუფის მიღმა გარკვეულწილად ხელისუფლების ინტერესიც იყო დიმიტრი შიოლაშვილის დასუსტება. დღეს დიმიტრი შიოლაშვილი აღარ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი.

    შიო მუჯირი განათლებული, წიგნიერი ეპისკოპოსია და ასეთი სინოდში ცოტაა. ასევე, მასთან დაკავშირებული არ ყოფილა მაფიოზური სკანდალები, რაც სხვა ეპისკოპოსებს უკავშირდებოდა. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რა ბიზნესის ფლობას და საქმიანობას აბრალებდნენ ერთმანეთს.

    გამორიცხული არ არის, რომ ამ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ის შიდა კონსენსუსის საფუძველი იყოს, რომ უხიფათოდ მიიყვანოს საქმე პატრიარქის არჩევამდე ან თავად გახდეს ეკლესიის მესაჭე იმის გამო, რომ ამ დაპირისპირების განეიტრალება მოხდეს.

    შესაძლოა, ის ყველასთვის მისაღები კანდიდატი იყოს - რუსეთისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის და შიდა საეკლესიო თვალსაზრისითაც. ზოგადად, პრობლემაა, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით შიო მუჯირის შესახებ, გარდა ამ ზედაპირული ინფორმაციისა, რომელიც მთლად სანუგეშო არ არის.

    "რ": ვასაძის მეგობარი პრეზიდენტიცაა, მაგრამ ის ანტიდასავლელი არ არის და ქორეპისკოპოსის შემთხვევაში რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი?

    ბ.მ.: თუ გავითვალისწინებთ, რომ ვასაძის გავლენა ეკლესიაში საკმაოდ სერიოზულია და ის სწორედ მართლმადიდებლობის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ჭრილში ხედავს თავისი მოღვაწეობის წარმართვას საქართველოში, თავის ანტიდასავლურ პროპაგანდას ამ ფუნდამენტზე აგებს და მუდმივად ჩანს საეკლესიო იერარქებთან, დაახლოებულია საპატრიარქოსთან, ეს შეიძლება იყოს სახიფათო კავშირი, თუ მუჯირისა და ვასაძის კავშირი მართალაც ისეთი სერიოზულია, როგორც ზოგადადაა ცნობილი.

    "რ": ითქვა ისიც, რომ რუსეთის წარმომადგენელი იყო ჩამოსული საპატრიარქოში და მაშინ გადაწყდა ქორეპისკოპოსი შიოს თანამოსაყდრეობაც.

    ბ.მ.: თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს საქართველოში მომავალი პატრიარქის ვინაობასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი აქვს, გამორიცხული არ არის, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გავლენიანი ილარიონ ალფეევი მხოლოდ აფხაზეთის საკითხზე სასაუბროდ არ იყო ჩამოსული და ამაზეც ყოფილიყო საუბარი. თუმცა ეს ვარაუდია და დამადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს.

    "რ": მუდმივად საუბარია იმაზე, რომ საპატრიარქოში რამდენიმე დაჯგუფებაა, რომლებიც გავლენებს იყოფენ და რომელ დაჯგუფებას ეკუთვნის შიო მუჯირი?

    ბ.მ.: ეს არის კიდევ ერთი შტრიხი. კონკრეტულად რომელიმე დაჯგუფებასთან ის არ ჩანს, მაგრამ მისი გაეპისკოპოსებისთანავე, 2003 წელს, ეკლესიის შიგნით დაიწყო ლაპარაკი, რომ ის მომავალში, შესაძლოა, პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატურა ყოფილიყო. წინა წლებში საუბარი იყო, რომ ერთი კანდიდატურა იქნებოდა დიმიტრი შიოლაშვილი, მეორე - ვიღაც სახელისუფლებო და მესამე - შიო მუჯირი, რადგან ის არავისთან იყო დაკავშირებული და რესპექტაბელურია სხვებთან შედარებით განათლებისა და შედარებითი ზომიერების გამო. თუმცა მის სახელთან დაკავშირებული ყველაზე სახიფათო ელემენტი რუსეთთან ურთიერთობაა და თან ეს დამოკიდებულება არ ვიცით. მისი დამოკიდებულება არაფრის მიმართ არ ვიცით.

    "რ": კიდევ ვის აქვს შანსი, რომ პატრიარქობის კანდიდატად იყაროს კენჭი? ადრე რამდენიმე მეუფე სახელდებოდა - ბათუმისა და ლაზეთის მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, ჭყონდიდის მეუფე პეტრე ცაავა, დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი აბრაამ გარმელია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე შარაშენიძე...

    ბ.მ.: სამომავლოდ საპატრიარქოს ჯგუფიდან, ე.წ. შორენა თეთრუაშვილის ჯგუფიდან, შეიძლება ვიხილოთ გერასიმე შარაშენიძე. პეტრე ცაავას გამოვრიცხავ. გამორიცხული არ არის, დიმიტრი შიოლაშვილს კვლავ გაუჩნდეს სურვილი. არაა გამორიცხული, აბრაამ გარმელიას ჯგუფიდან გაჩნდეს კანდიდატი, ან თავად მეუფე აბრაამმა მიიღოს მონაწილეობა. არც დანიელ დათუაშვილი (ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი) უნდა გამოირიცხოს.

    ძალთა ბალანსი მაინც ისეა შენარჩუნებული, როგორც სკანდალამდე იყო, რაც სინოდს ბოლო კრებამ აჩვენა, სადაც ვერანაირი გადწყვეტილება ვერ მიიღეს. მუდმივად საუბარი იყო, რომ მეუფე პეტრე დაისჯებოდა და არანაირი სასჯელი არ გამოუტანეს.

    "რ": 46 ეპისკოპოსიდან ვინ არიან გავლენიანები და თან ისეთებიც, რუსეთს რომ აკრიტიკებენ?

    ბ.მ.: ყველაზე საინტერესო განცხადებებით გამოდიოდა ამერიკის ეპისკოპოსი საბა, მაგრამ ის გავლენიანი არ არის. ასევე, აბრაამ გარმელიას წრეში შემავალი ეპისკოპოსები არიან უფრო დასავლეთზე ორიენტირებული, რუსეთის პოზიციას აკრიტიკებენ და მათ ამბიციაც აქვთ, კანდიდატურა ჰყავდეთ.

    საბოლოოდ რთულია თქმა, ვის რა კავშირები აქვს, თუ არ ჩავთვლით ღიად პრორუსულ ეპისკოპოსებს. იგივე სპირიდონ აბულაძე, რომელიც პუტინის ქება-დიდებას აღავლენს; იობ აქიაშვილი, რომელიც საუბრობს, რომ მართლმადიდებელი ერების კავშირი უნდა შევქნათ და დასავლეთი გარყვნილების წყაროა. იოანე გამრეკელი, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს შტაბ-ბინასაც სტუმრობდა, მაინც ანტიდასავლურ პოზიციაზეა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter