სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    10.11.2017

     საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა - ოფიციალური თბილისის ეს მიზანი ფორმალურად ცნობილია ყველასთვის ევროკავშირში და ამას საქართველოს მოსახლეობაც უჭერს მხარს, თუმცა წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაზე ხელისუფლება უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას ოპოზიცია აკრიტიკებს და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც ამბობს, რომ წევრობაზე განაცხადი უნდა შევიდეს.

    რატომ არ შეაქვს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი? მთავრობის არგუმენტია, რომ უახლოეს წლებში საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში და ამიტომაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ შეიტანს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება და შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც იარსებებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს გასაგები, შესრულებადი და რეალური.

    პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირში გაწევრიანება რეალური არ არის, თუმცა ხელისუფლების მიდგომას, რადგან არავინ მიგვიღებს ხვალ, ამიტომ განაცხადი საჭირო არ არის, ერთი ნაწილი იზიარებს, მეორე ნაწილი - არა.

    მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ ხელისუფლების არგუმენტი მისთვის გაუგებარია, რადგან, მაგალითად, 2002 წელს, როდესაც საქართველომ ნატო-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანა, არც მომხრე ჰყავდა ვინმე ალიანსის შიგნით და არც არავინ შეგვპირებია გაწევრიანებას, მაგრამ დღეს მომხრეებიც მოვიპოვეთ და ამ გზაზე წინსვლაც გვაქვს.

    ნოდია მიიჩნევს, რომ პირიქით, "უკეთესია, ეს ფორმალური განაცხადი მაინც არსებობდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში სათქმელი აქვთ, თქვენ ხომ მაინც არ გითხოვიათ?!"

    "განაცხადის შეტანას წინ არაფერი არ უდგას. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ დონეზე ჩვენ ასეთი სურვილი უნდა განვაცხადოთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ამ ეტაპზე პასუხი უარყოფითი იქნება. ის, რომ ამ ეტაპზე მზად არ ვართ, საერთოდ არ არის არგუმენტი იმიტომ, რომ წევრობის პერსპექტივა არ გულისხმობს, რომ ამ წუთში ხარ მზად, ეს გულისხმობს იმის აღიარებას, რომ საქართველო თუ იქნება მზად, მაშინ შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე რომ, არგუმენტს, ჩვენ მზად არ ვართ, საფუძველი არა აქვს," - ამბობს ნოდია.

    მისი თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ორი ძირითადი მოთხოვნაა - ერთი ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად უნდა იყოს ძლიერი და მეორე, ქვეყანა დემოკრატიული იყოს.

    "ზუსტად განსაზღვრული არ არის, რა დონეზე უნდა გქონდეს ეკონომიკა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მზად მიგიჩნიონ. არიან ქვეყნები, შედარებით ღარიბები ევროკავშირის წევრებს შორის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეკონომიკის განვითარების დონეს აქვს მნიშვნელობა. უფრო დიდი მნიშვნელობა კი აქვს პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების დონეს. ანუ, აღიარებული უნდა იყო დემოკრატიულ ქვეყნად, რაც ჯერჯერობით საქართველოზე ნამდვილად არ ითქმის," - აღნიშნავს ნოდია.

    საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი არაფრისმომცემი, გზას აცდენილი, არარეალური განცხადება იქნება, რომელიც არაფერს მოგვიტანს. იგი იმ ხელის შემშლელ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ახლა საქართველოსგან წევრობის განაცხადი არარეალურია.

    "იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანო, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა უნდა არსებობდეს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე რეგიონში, რაც აბსოლუტურად არ არის ჩვენდამი კეთილგანწყობილი ამ ეტაპზე. გარდა ამისა, რეგიონის ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წარმატებული უნდა იყვნენ ეკონომიკური, სოციალ-პოლიტიკური და დემოკრატიის სიმწიფის კუთხით. პირობითად, ჩეხეთის დონეზე რომ იყვნენ, კიდევ შეიძლებოდა განაცხადზე საუბარი, მაგრამ ამისგან ჩვენ ამ ეტაპზე შორს ვართ. ასევე, პლუს ამას რაც მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებში - კატალონიის ამბები, ბრექსიტი და კიდევ სხვა პრობლემები, რასაც ემატება რუსეთის პოლიტიკა და ეს ყველაფერი ასეთ განაცხადს არარეალურს ხდის.

    "არის კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ფაქტორი და ევროკავშირისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ბალკანეთის ქვეყნებია, რადგან ისინი ევროპის შუაგულში არიან. ამიტომ თუ სადმე გაფართოება მოხდება, ეს ჯერ ბალკანეთში უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ - სხვა რეგიონებში. ხოლო როდესაც ბალკანეთის მიმართაც არ ხდება გაფართოება, ეს სიტუაციაც ხელის შემშლელია. კი, თეორიულად შეიძლება განაცხადი შეიტანო, მაგრამ ეს აბსოლუტურად გზას აცდენილი განაცხადი იქნება, არაფრის მომცემი," - ამბობს კაკაჩია.

    მისი თქმით, წევრობაზე განაცხადის შეტანა ჯერ ადრეა, თუმცა საქართველოს შეუძლია, ყოველგვარი განაცხადის გარეშე გააკეთოს ის, რასაც ბალკანეთის ქვეყნები აკეთებენ.

    "საქართველომ უნდა შეისწავლოს, მაგალითად, ის დოკუმენტები, რაც ევროკავშირმა სლოვენიისგან მოითხოვა, სანამ ის წევრი გახდებოდა და, ვთქვათ, თუ ჩამოთვლილია 300 ან 500 მოთხოვნა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, თანდათანობით შეასრულოს და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის საქმე წინ წაიგდოს. ეს უფრო სწორია, რამდენიმე წლის შემდეგ შედეგიც გვექნება და მეტი სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური უფლებაც, რომ განაცხადი შევიტანოთ," - აღნიშნავს კაკაჩია.

    სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის.

    ასევე სექტემბერში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკავიჩუსმა განაცხადა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის წევრ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა მიეცეს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში უნდა გაიმართოს და ამ ბოლოდროინდელი მხარდამჭერი რეზოლუციისა და განცხადების შემდეგ უფრო დიდი აქტიურობა შეიძინა საქართველოსგან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (10.11.2017)
    რას ვუცდით საინტერესოა- " სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის." გვაქვს საფუძველი და უნდა ვიმოქმედოთ...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter