სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    27.10.2017

     თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, ინტრიგა რჩება მხოლოდ ოთხ ქალაქში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომსა და ოზურგეთში. ესენი ის რეგიონებია, რომლებიც "ოცნებისთვის", შესაძლოა, აქილევსის ქუსლი აღმოჩნდეს, აქედან რომელიმეში საადავეების აღება ვერ შეძლოს და თიანეთის ანალოგიური სცენარი განვითარდეს. ამ მხრივ კი ყველაზე საინტერესოდ ბორჯომი და ოზურგეთი განიხილება, სადაც კონკურენტებს, პრაქტიკულად, ერთნაირი შანსი აქვთ. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების შედეგების მიხედვით ასე ჩანს.

    შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, 59 თვითმმართველი თემიდან 53 ოლქში "ოცნების" კანდიდატებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. 50%-იანი ბარიერის გადალახვა "ოცნების" კანდიდატებს მხოლოდ 6 რეგიონში გაუჭირდათ. მმართველი გუნდის კანდიდატებს მეორე ტურში შებრძოლება მოუწევთ ძირთადად დამოუკიდებელ კანდიდატებთან და ყოფილ თანაგუნდელებთან.

    პირველადი მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს "ქართული ოცნების" ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერობის კანდიდატებმა.

    უფრო კონკრეტულად კი, ამ ოთხ ქალაქში ოფიციალური შედეგები ასეთია:

    აყაზბეგი - "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი - 44,62%, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული - 26,85%-ით;

    ხაშური - "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 42,24%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 18,48%;

    ბორჯომი - "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია - 40,35%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე - 40,15%;

    ოზურგეთი - "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 43,35%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 41,86%;

    აღსანიშნავია, რომ ხაშურის დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს არჩევნებზე მხარდაჭერა "ქართული ოცნების" ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მოქმედ წევრთა ჯგუფმა გამოუცხადა.

    ნოზაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან", 2017 წელს კი აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანება "ქართული მარშის" ღონისძიებებში.

    რაც შეეხება ბორჯომს, "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან ლიპარტიას ყოფილ თანაგუნდელთან გაუჭირდა გამარჯვება.

    ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იყრიდა კენჭს, 2014 წელს "ქართული ოცნების" წევრი იყო და 3 წლის განმავლობაში ადგილობრივ საკრებულოს ხელმძღვანელობდა.

    "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს გამარჯვება გარანტირებული აქვთ.

    ვინ იქნება მეორე ან მესამე მეჭიაური, დაახლოებით 3 კვირაში გაირკვევა. მანამდე კი პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ შესაძლოა, "ოცნება" არც ერთ რეგიონში არ დამარცხდეს, რადგან რეგიონებში ადმინისტრაციული რესურსი კარგად მუშაობს.

    "სიმართლე გითხრათ, ამ არჩევნებით მაინცდამაინც არ დავინტერესებულვარ. რეგიონში რა ხდება, კაციშვილმა არ იცის, თუმცა ალბათ იქ ჰყავთ თავიანთი მაყურებელი, ხელმძღვანელი პარლამენტიდან, როგორც ქუცნაშვილია და აქვს დავალება, რომ არავითარ შემთხვევაში ოპოზიციამ არ გაიმარჯვოს, თორემ ეს მისთვის იქნება ავის მომასწავებელი. მაგალითად, თიანეთის მერი ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ვერ ცვლის, მაგრამ ამინდს ცვლის ქუცნაშვილის შემდგომი კარიერული მდგომარებისთვის. ქუთაისში, როგორც ჩანს, მეორე ტური არ იქნება, რადგან ვაშაძემ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე.

    "ოცნებას" რეიტინგი არ სჭირდება - ადმინისტრაციული რესურსით თავისუფლად შეძლებენ გამარჯვებას. ასე რომ, მე მგონი, ყველგან გაიმარჯვებენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ცინცაძე.

    ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მეორე ტურში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ოპოზიციის მობილიზებას, ამიტომ წინასწარ გაუჭირდება პროგნოზირება, სად დამარცხდება და გაიმარჯვებს "ოცნება".

    "რეგიონებში არსებულ სიტუაციას არ ვიცნობ, ამიტომ რთულია წინასწარ პროგნოზი. მთავარია, ესა თუ ის კანდიდატი რამდენად შეძლებს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მობილიზებას. ოპოზიცია საკუთარი მხარდამჭერებით თუ გაერთიანდა რომელიმე კანდიდატის გარშემო, მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა, რომელიმე რეგიონში "ოცნება" დამარცხდეს," - გვითხრა ლაგაზიძემ.

    არჩევნების შედეგებს დემოკრატიული პროცესის ნაწილად აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გუგული მაღრაძის თქმით, შედეგები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა არ არის.

    "ეს მარცხი არ არის. ეს არის ნორმალური, ჩვეულებრივი მოვლენა. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის პროცესის მაჩვენებელი. ჩვენი ხელისუფლება იყო ერთადერთი ძალა, რომელმაც 50%-იანი ბარიერი შემოიღო. ჩვენ გვინდა, მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა, რომ ვინც აირჩია ქალაქის მერად ან რაიონის გამგებლად, მას ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უნდა უჭერდეს მხარს.

    "შედეგები ნიშნავს, რომ მმართველ ძალას ადამიანები ენდობიან, მაგრამ, ამასთან, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს არჩევანი სხვა პარტიების მიმართ. იცით, არჩევნებში 12-13 პარტია მონაწილეობდა და ეს ხმები გადანაწილდა დანარჩენებზე, ამიტომ დააკლდა ჩვენს კანდიდატებს პროცენტები. არაფერი საგანგაშო არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არ არის ერთპარტიული დიქტატი. ჩვენთან არჩევნები ძალიან ნორმალურ რელსებზე მიდის, არაფერი სერიოზული დარღვევა არ ყოფილა, ყველგან მიდიოდა მშვიდად და დემოკრატიულად," - გვითხრა მაღრაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter