სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "არ იქნება საფრთხე, რომ ჩინეთი, იაპონია ან კორეა ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური მიზნით ჩაუკეტავს ბაზარს"
    ნინო ქეთელაური
    19.06.2017

     "სავაჭრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, აზიის ქვეყნები საქართველოსთვის უფრო მიმზიდველნი არიან, რადგან მათთან არ იქნება იმის საფრთხე, რომ, მაგალითად, ჩინეთი ან იაპონია ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური მიზნით ჩაუკეტავს ბაზარს, რაც რუსეთის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია", - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება საქართველო-აზიის სავაჭრო ურთიერთობის პერსპექტივაზე.

    თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ამას საფუძვლიანი მომზადება და პოლიტიკური ნება სჭირდება, რადგან არც ერთი სახელმწიფო არ დაინტერესდება ისეთი ქვეყნით, რომელსაც ბიზნესის განვითარებისთვის საკანონმდებლო ბაზაც კი არ აქვს მოწესრიგებული.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკვე დღის წესრიგშია ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა.

    "მისი მეშვეობით შესაძლებელია, რომ საქართველომ სარკინიგზო მიმოსვლა დაამყაროს აზიის სახელმწიფოებთან. ჩვენ ვიცით, რომ ეს რკინიგზა ერთმანეთთან არა მხოლოდ სამ ქვეყანას დააკავშირებს, არამედ მთლიანად ევროპას და აზიას, რომელთა შორის დერეფნის და სატრანზიტო ფუნქციის შესრულება საქართველოს შეუძლია.

    "როგორც ცნობილია, ამ რკინიგზის მეშვეობით პირველ ეტაპზე 5 მილიონამდე ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. შესაბამისად, აზიასთან, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან, განსაკუთრებით ჩინეთთან, სადაც უდიდესი ბაზარია, შესაძლებელია კავშირის დამყარება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და სავაჭრო ურთიერთობაში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

    "აქ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომლის გატანაც შესაძლებელი იქნება თუნდაც ჩინეთის ან იაპონიის მიმართულებით. ასევე საუბარი შეიძლება ფეროშენადნობებზე, შავი მეტალურგიის პროდუქციაზე. მეორე მხრივ კი, აუცილებელია ჩინური და იაპონური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    მისი თქმით, ამ მიმართულებით ჩინეთი აქტიურობს და აზიის ქვეყნებს შორის რამდენიმე ბიზნესფორუმიც გაიმართა, მათ შორის საქართევლო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი. გარდა ამისა, აზიის ქვეყნები დაინტერესებულები იქნებიან სარკინიგზო მიმოსვლის უმოკლესი მანძილით, რათა საკუთარი ტვირთი გადაიტანონ და ამისთვის გამოიყენონ ქართული ნავსადგურებიც.

    "ბუნებრივია, ანაკლიის პორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ საქართველოს პოტენციალი აზიისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ აზიას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ეკონომიურად განვითარებულ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა: ჩინეთი, იაპონია, ასევე, აზიის ე.წ ვეფხვები, ვგულისხმობ ჰონგკონგს, მალაიზიას და სინგაპურს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    პოლიტოლოგის აზრით, აზიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განსავითარებლად საჭიროა ბაზრის დივერსიფიცირება.

    "საქართველოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, მაგრამ დღეს მათ შორის ლიდერის პოზიცია ევროპის წამყვან ქვეყნებს უკავიათ", - აცხადებს ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ აზია კარგი ალტერნატივა იქნებოდა რუსული ბაზრის ჩასანაცვლებლად.

    "ჩემი აზრით, შესაძლებელია, რომ აზიის ბაზარი რუსული ბაზრის ალტერნატივა იყოს. განსაკუთებით, როდესაც ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.

    "თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული პროდუქციის თვითღირებულება აზიის ბაზარზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე რუსეთში, რადგან რუსეთი საქართველოს მოსაზღვრეა, შესაბამისად, ტრანსპორტის დაბალი ხარჯიდან გამომდინარე, შედარებით დაბალი ფასი აქვს.

    "თორემ, სხვა მხრივ, სავაჭრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, აზიის ქვეყნები საქართველოსთვის უფრო მიმზიდველნი არიან, რადგან მათთან არ იქნება იმის საფრთხე, რომ, მაგალითად, ჩინეთი ან იაპონია ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური მიზნით ჩაუკეტავს ბაზარს, რაც რუსეთის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია.

    "ამავე დროს, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადად ამ საგარეო-სავაჭრო ურთიერთობას კერძო კომპანიები ახორციელებენ და არა სახელმწიფო. შესაბამისად, თუ სახელმწიფოსთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდეს, მეორე მხრივ, ქართული კომპანიები რა პოზიციას დაიკავებენ, ეგ სხვა საკითხია. თუმცა ვერც მათ გაამტყუნებ, რადგან კერძო კომპანიას, პირველ რიგში, კომერციული მოგება აინტერესებს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია ისევე, როგორც ჩინეთი, იაპონია და ა.შ, ამიტომ დაბალი საბაჟო გადასახადები ქმნის იმის პერსპექტივას, რომ საქართველოს და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განვითარდეს.

    "ამისთვის საჭიროა კონკრეტული ბიზნეს-ფორუმების ორგანიზება და აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საქმეშიც, პირველ რიგში, კერძო კომპანიები იქნებიან ჩართული და არა სახელმწიფო", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ სავაჭრო ურთიერთობისთვის ნებისმიერი მიმართულება კარგია, თუ ამის პოტენციალი არსებობს.

    "თავის დროზე შევარდნაძემაც დააპირა ეს და 100-კაციანი დელეგაცია გაუშვა ჩინეთში, მაგრამ შედეგი ნული იყო. ამიტომ ასეთ პროექტებს ძალიან საფუძვლიანი მომზადება და მარკეტინგი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რა პროდუქტს გავიტანთ და შემოვიტანთ იქიდან, როგორი იქნება ინვესტიციები და რას შევთავაზებთ მათ", - აცხადებს პოლიტოლოგი.

    მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და მერე უნდა დაიწყოს უცხოეთში ინვესტორებზე "ნადირობა".

    "ჩვენ თუ ახლა ურიკას ცხენის წინ დავაყენებთ და ჯერ ინვესტორების ძებნას დავიწყებთ, აქ რას ვთავაზობთ?! არც ერთი ინვესტორი არ არის "ნეტარ მორწმუნე ბრიყვი", რომ თუნდაც ჯეჯელავას განცხადებების საფუძველზე ჩამოვიდეს აქ და მილიარდები დააბანდოს სარისკოდ, როცა მისი კაპიტალის დაცვის ვერანაირ გარანტიას ვერ დაინახავს.

    "ამიტომ ჯერ აქ უნდა შევქმნათ საინვესტიციო გარემო, კანონმდებლობით და დაბალი გადასახადებით. ასეთი მაღალი გადასახებით, რაც ჩვენთან არის, ვერც ერთ ინვესტორს ვერ მოიზიდავ, თორემ კორეაც კარგია, იაპონიაც, არაბული სამყაროც მშვენიერია. ემირატებმა, ბაჰრეინმა, ქუვეითმა, დუბაიმ არ იციან, სად დააბანდონ ფული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ბრმად მოვლენ და გარემოს შესწავლის გარეშე დააბანდებენ ფულს", - აცხადებს ცინცაძე, რომელიც ექსპორტისთვის საუკეთესო ქართულ პროდუქციად მინერალურ წყლებს მიიჩნევს.

    "მინერალურ წყლებს პოლიტიკური და ეკონომიკური მონდომების შემთხვევაში ადვილად შეუძლია მსოფლიოში მონოპოლიური პოზიციების დაკავება", - აცხადებს პოლიტოლოგი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter