„როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება ელჩებს ინტენსიურად ხვდებიან, რადგან მათზე გავლენა მოახდინონ"
ნატალია ჯვარიძე
19.04.2024

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. „ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება ელჩებს ინტენსიურად ხვდებიან, რადგან მათზე გავლენა იქონიონ.

„მე მეგონა, რომ „ქართული ოცნება" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შემოტანამდე ელჩებს შემოივლიდა, ასევე უცხოეთის ქვეყნებსაც დაელაპარაკებოდა, ერთად განიხილავდნენ და ისე გადადგამდა ამ ნაბიჯს, თუმცა შემოიტანეს ისე, რომ ისინი არ შეუმზადებიათ.

ქვეყანაში ყველაზე მწვავე აღნიშნულ კანონზე ატეხილი ამბებია, ამიტომ ღარიბაშვილი და ევროკავშირის ელჩი სწორედ ამაზე ისაუბრებდნენ. ახლა, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას უნდათ, რომ დასავლეთის ელჩებზე გავლენა იქონიონ და ამიტომ ხვდებიან ინტენსიურად". - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძეს მიაჩნია, რომ პაველ ჰერჩინსკი რაღაც შუამავლობის როლს ასრულებს სრულიად მოწყვეტილია რეალობას. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ხელისუფლების მხრიდან საგარეო პარტნიორებთან ამ კანონზე შეხვედრები არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტო-ვიდეო მასალა არ გავრცელდა.

„საქართველოში აკრედიტირებული ელჩები კვირაში რამდენჯერმე ხვდებიან სხვადასხვა მინისტრებს და რასაკვირველია, ოპოზიციის წარმომადგენლებს. იმის წარმოჩენა, რომ პაველ ჰერჩინსკი რაღაც შუამავლობის როლს ასრულებს სრულიად მოწყვეტილია სინამდვილეს. ეს არის ღარიბაშვილის ჩვეული განრიგი. რასაკვირველია, მათ შორის მსჯელობა არსებულ საკამათო კანონზე იქნებოდა.

ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს პროცესი დეტალურად უნდა აეხსნას ყველა საგარეო აქტორს. იმაზე დაყრდნობით, რომ საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა ვიზუალური მასალა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ საგარეო პარტნიორებთან ამ კანონზე შეხვედრები არ იყო. რა განრიგი აქვს ყოველდღიურად პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და დეპუტატებს, რომლებიც საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურად არიან ჩაბმულები ეს საჯარო ყოველთვის ვერ იქნება, ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამრიგად, მარტო ფოტოებზე და ვიდეოებზე დაყრდნობით არ უნდა ილაპარაკონ," - განაცადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×