თამთა ჩაჩანიძე
15.04.2024

ისრაელის ომის კაბინეტი ვერ შეთანხმდა თუ როდის და როგორ უნდა უპასუხოს ქვეყანამ ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას. ქვეყნის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის თქმით, ისრაელს ომი არ სურს. დასავლელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ ყველაფერი გაკეთდება ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.

14 აპრილის ირანის მასშტაბური თვადასხმის საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ კვირას ჯერჯერობით მხოლოდ ლიბანის სამხრეთში მდებარე დაჯგუფება „ჰესბოლას" პოზიციებზე მიიტანა იერიში, თუმცა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე ამგვარი რამ ჯერ არ განუხორციელებიათ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სიტუაციის გართულება არაა მოსალოდნელი, ამის განსაკუთრებული წინააღმდეგი აშშ-ია, რადგან ირანის დარტყმებს „ფორმალური ხასიათის იყო".

თუმცაღა, ანალიტიკოსები დასძენენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა ესკალაცია გამორიცხული არაა. მათი თქმით, ეს საქართველოსაც შეეხება, რადგან საქმეში მეზობელი ირანი იქნება ჩართული, მეორეს მხრივ ისრაელი სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით აზერბაიჯანში და აქედან გამომდინარე, „გარკვეული პოლიტიკური ძვრები იქნება".

რას აპირებს ისრაელი ირანის დარტყმიდან მეორე დღეს

14 აპრილის ღამის იერიში იყო ირანის შეიარაღებული ძალების პირველი ღია შეტევა ისრაელზე. ირანიდან გაშვებული 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების 99% ისრაელის საჰაერო სისტემების მიერ გადაჭერილია. თეირანში აცხადებენ, რომ ეს 1-ლ აპრილს ისრაელის მიერ დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური და ექვსი ოფიცერი შეეწირა და თუ ამას ისრაელის რეაქცია მოჰყვება, პასუხის პასუხი აუცილებლად იქნება.

იერიშიდან პირველივე საათებში ისრაელი აცხადებდა, რომ პასუხი აუცილებალდ იქნებოდა, თუმცა, „როიტერსი" ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის კაბინეტი ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ასეთი რეაგირების დროსა და მასშტაბებზე შეთანხმებას ვერ აღწევს.

ისრაელის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის თქმითაც, ისრაელს არ სურს ომი და ამ სიტუაციაში საჭიროა ბალანსი. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბევრ მსოფლიო ლიდერს ესაუბრება და ირანის ქმედებების საპასუხოდ მიმდინარეობს დიალოგი მოკავშირეებთან.

"განვიხილავთ ყველაფერს. ვმოქმედებთ ცივი გონებით და გააზრებულად. ვფიქრობ, რომ ვმოქმედებთ ძალიან ფოკუსირებულად და ძალიან პასუხისმგებლობით და დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავიცვათ ისრაელის ხალხი", - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა „სიენენთან".

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ისრაელისა და ირანის ელჩებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც ისრაელზე ირანის შეტევის გამო გაიმართა, ერთმანეთის ქმედებები დაგმეს.

„ირანი უნდა შეჩერდეს, სანამ ის მსოფლიოს კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანს, რეგიონულ ომამდე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო ომში", - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა.

მისი თქმით, ირანს მსოფლიო ბატონობა სურს და რომ მისმა თავდასხმამ დაადასტურა, რომ თეირანს „არ ადარდებს ისლამი და მუსლიმები".ერდანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

„ზომები უნდა იქნას მიღებული არა ისრაელის, არა რეგიონის, არამედ მსოფლიოს გულისთვის. შეაჩერეთ ირანი დღეს", - აღნიშნა ისრაელელმა დიპლომატმა.

თავის მხრივ, გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ საეიდ ირავანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ოპერაცია იყო "მთლიანად ირანის თავდაცვის უფლების განხორციელება, როგორც ეს ასახულია გაერო-ს წესდების 51-ე მუხლში და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ".

„ეს ქმედება იყო აუცილებელი და პროპორციული", - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ოპერაცია იყო ზუსტი და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული, რათა შეემცირებინათ ესკალაციის პოტენციალი და თავიდან აეცილებინათ სამოქალაქო ზიანი.

„ირანი არასოდეს ცდილობს წვლილი შეიტანოს რეგიონში კონფლიქტის გავრცელებაში", - აღნიშნა ელჩმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებთან ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა განიხილა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„მხარეები შეთანხმდნენ ირანის თავდასხმის მაქსიმალურად მკაცრად დაგმობის და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრები გამართა კოლეგებთან თურქეთიდან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან, რომლის დროსაც მან ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას და "კოორდინირებული დიპლომატიური რეაგირების" მნიშვნელობას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა, ნებისმიერი რეაგირების შემთხვევაში თავშეკავება გამოიჩინოს.

„ყველანი შეშფოთებულნი ვართ შესაძლო ესკალაციის გამო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენების გამწვავება, ესკალაცია", - განაცხადა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ირანის თავდასხმების მოგერიებისა, იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

როგორ აისახება საქართველოზე თუ ირან-ისრაელის კონფლიქტი გამწვავდა

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავარაუდოდ ისრაელი სიტუაციას არ გაართულებს, თუმცა, ესკალაცია მთლად გამორიცხული, არაა. მისი თქმით თუ სტუაცია გართულდა, ეს საქართველოსაც შეეხება, თუნდაც სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით.

„ისრაელი სავარაუდოდ სიტუაციას არ გაართულებს, მის გეგმებში ირანთან ახალი ფრონტის შექმნა ნამდვილად არ შედის. მითუმეტეს, როცა უკრაინაში ომია და დასავლეთის ყურადღება იქითაცაა მიმართული. ამ კონფლიქტში ღიად შესვლა არც ირანს დიდად არ სურს, ეს მათი განცხადებებიდანაც ჩანს. ორივე მხარე პირდაპირ ომში ჩართვას ერიდება. მთავარი ის იყო, რომ ირანს უბრალოდ არ შეეძლო ეს უყურადღებოდ დაეტოვებინა.

„მთლიანობაში ესკალაცია გამორიცხული არაა, ამ ეტაპზე ორივე მხარეს ესმის კონფლიქტის გამწვავების მნიშვნელობა და მოლოდინია, რომ შემდეგ გამწვავება აღარ მოხდება", -განაცხადა კაკაჩიამ.

ამბობს, რომ თუ ვითარება გამწვავდა საქართველოს შეეხება, თუმცა არა პირდაპირ.

„საქართველოს ასე პირდაპირ არ შეეხება. უკრაინას განსაკუთრებით შეეხება, რადგან დასავლეთიდან ყურადღება უკვე ისრაელზეც კონცენტრირდება, რასაც გარკვეული რესურსები მიაქვს. ახლა უკრაინა სერიოზულ დეფიციტს განიცდის, მათ შორის სამხედრო შეიარაღების.

„რაც შეეხება საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთში რეგიონალური სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, როგორც ისრაელთან, ისე სხვა ქვეყნებთან. ეს კი სიტუაციას დაძაბავს.

„თუ სიტუაცია დაიძაბა, ამან შესაძლოა ეკონომიკაზე, მათ შორის ფასების ზრდაზე და სხვა რაღაცეებზე იქონიოს გავლენა",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

როგორც ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აღნიშნა, ისრაელის მხრიდან ირანის საპასუხო დარტყმა ნაკლებსავარაუდოა.

„რადგან ირანის დარტყმა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მსხვერპლი და განსაკუთრებით ნგრევა არ მოჰყოლია. ამიტომ არა მგონია, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმას უნდა ველოდოთ, მითუმეტეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია",- განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე, თუ კონფლიქტი გამწვავდა, საქართველოს რა კუთხით შეეხება, ექსპერტმა გვითხრა: „რეგიონში დაძაბულობა, ყოველთვის მოქმედებს ხოლმე რეგიონის ქვეყნებზე, ერთი შეხვედვით დაპირისპირების ეპიცენტრი ჩვენგან შორსაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იმოქმედებს, რადგან ამ საქმეში ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი იქნება ჩართული, ესაა ირანი. მეორეს მხრივ ისრაელი სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით აზერბაიჯანში და აქედან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური ძვრები იქნება.

„ძნელი სათქმელია კონკრეტულად რა ძვრები, თუმცა, ყველანაირი შეიძლება იყოს, დივერსიებიდან დაწყებული (არა საქართველოს ტერიტორიაზე) აზერბაიჯან-ირანის ურთიერთიბის კიდევ უფრო დაძაბვით დამთავრებული. ეს სავაჭრო ურთიერთობებზე მქომედებს, პოლიტიკურ დესტაბილიზაციას იწვევს და ა.შ. ეს ყველაფერი კი მერე საბოლოო ჯამში იწვევს ეკონომიკური და სტაბილური სივრცის გაუარესებას.

„ეს შესაძლოა დღეს არაა, მაგრამ, გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება, რადგან აქ მხოლოდ ისრეალ-ირანის დაპირისპირებაში არაა საქმე", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×