ნატალია ჯვარიძე
14.04.2024

„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპროტესტო აქცია ორშაბათს არის ჩანიშნული. ანალიტიკოსები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მრავალრიცხოვან აქციას ელოდებიან. ზოგიერთი მათგანი მონაწილეთა გარკვეული ნაწილის პარლამენტში შესვლას და სხდომის ჩაშლასაც ვარაუდობს. ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ხელისუფლება კანონის დროში გაწელავს და შესაძლოა ზაფხულამდე საერთოდაც თაროზე შემოდოს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ცხდაყოფს, რომ ორშაბათს საპროტესტო აქცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება და შესაძლოა გარკვეულმა ჯგუფებმა პარლამენტში შესვლა და სხდომის ჩაშლაც სცადონ.

„ლაზარე გრიგორიადის შეწყალება, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გარკვეული სტიმული იქნება და გამოვლენ აქციაზე. ძირითადად გამოვა ის ხალხი, რომლებიც მანამდეც მონაწილეობდნენ და ვინც უკვე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„საქმე ისაა, რომ ოპოზიციაში ერთგვაროვანი განწობა არ არის, ანუ მისცემენ თუ არა ამ აქციას რადიკალური ხასიათი. გუშინ სალომე ზურაბიშვილმაც თქვა, რომ ჯახის და რადიკალური ქმედებების დრო არ არის, რადგან თუ მათ გაიმეორეს იგივე მცდელობა, როდესაც აქციის მონაწილეები პარლამენტში შევარდნენ, ეს დასავლეთში არც ოპოზიციას გამოაჩენს კარგად და არც ხელისუფლებას.

„ვფიქრობ, რომ აქცია იქნება. შესაძლოა გარკვეული ჯგუფები პარლამენტის შიგნითც შევიდნენ და იქ შეეცადონ კომიტეტის სხდომის ჩაშლა. თუ „ოცნება" ამ კანონპროექტს გაიტანს, და დიდი ალბთობით გაიტანს კიდეც, ამ შემთხვევაში აქცია გაგრძელდება, კარვებს გაშლიან და პატარა წინააღმდეგობის კერებს შექმნიან. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ სიტუაცია გამწვავდა, „ოცნებამ" თავის მხარდამჭრებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებითაც, ორშაბათს საპროტესტო მუხტი უფრო გამძაფრებული იქნება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან კანონპროექტის მიღებაზე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება" ამ კანონის მიღებაზე მუშაობას გაწელავს და მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისისთვის თაროზე შემოდებს.

„წინა აქცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და შესაბამისად, მგონია, რომ ახლა საპროტესტო მუხტი უფრო მოიმატებს და ხალხის რაოდენობაც გაიზრდება. თუმცა არ მგონია ორშაბათს ხელისუფლებამ რაიმე ცვლილებები განახორციელოს. ალბათ საკითხი კომისიის სხდომაზე გავა და განხილვა იქნება. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება საპროტესტო აქციის მასშტაბზე. ქვეყანაში გამომდინარე ვითარებიდან, თუნდაც ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებიდან და შოლცის განცხადებებიდან, ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდება. ირაკლი კობახიძემ რაც თქვა - რომ თითქოს შოლცს ატყუებდნენ და ამ კანონპროექტში ის არ წერია, რაც მას წარუდგინეს - ეს მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი პარტია ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. აღარაფერს ვლაპარაკობ ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც ცალსახად ჩამოყალიბებულია.

„არ მგონია ხელისუფლებამ ამ ეტაპზე კანონპროექტზე მუშაობა შეწყვიტონ. უფრო მოსალოდნელია ეს დროში გაწელონ. მათ თავიდანვე თქვეს, რომ სწრაფად არ მივიღებთო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირველ მოსმენაზე მიიღონ კიდეც, მაგრამ ნელ-ნელა შეეცდებიან აღნიშნული კანონის შეჩერებას, რადგან პროტესტი გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

„ორშაბათს გადაწყვეტილების მიღებაზე უშუალოდ საპროტესტო მუხტი დიდად გავლენას არ მოახდენს. არ ვამბობ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ იქნება. ეს აუცილებლად იმუშავებს, თუმცა ორშაბათს ხელისუფლებას სხვა სტრატეგია აქვს. კანონის უკან წაღება არ შეუძლიათ, რადგან ეს აღიქმება, როგორც მარცხი და არ აწყობთ. რაც შეეხება მიღებას, ესეც არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მითუმეტეს თუ დიდი საპროტესტო აქცია იყო, ეს ხიფათის მომტანია. ამიტომ ხელისუფლება შუალედურ ვარიანტს აირჩევს. დროში მაქსიმალურად გაწელავს და შესაძლოა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისამდე ეს კანონპროექტი საერთოდ თაროზე შემოდონ. ეს მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება და ალბათ ამას აირჩევენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×