თამთა ჩაჩანიძე
27.03.2024

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცის გაერთიანების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდვანი ხდება, ამასთან პარტიების უმეტესობა კვლავ იმ პრობლემის წინაშე დგას - გადალახავენ თუ არა საარჩევნო ბარიერს.

ანალიტიკოსები ამ მოცემულობით მინიმუმ ორ და მაქსიმუმ ოთხ პარტიას უწინასწარმეტყველებენ რომ პარლამენტში მოხვდებიან. ამას უკავშირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც, რომელიც სხვა პარტიების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

„ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას - გამარჯვების პლატფორმას" მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება",- ამბობს სააკაშვილი, რასაც „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს" მიმართულება უნდა შეცვალოს და „ძველი „ნაცების" შემოკრება ეცადოს".

შეფასებები

მიხეილ სააკაშილმა აღნიშნული განცხადება სასამართლო პროცესზე „ვივა მედიდან" ჩართვისას გააკეთა.

„მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას" - „გამარჯვების პლატფორმას" მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება.

„რა მოხდება ამ გამარჯვების მერე? პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. მეორე კანონი იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება. მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ აქედან და ვინც წასულია დაბრუნდნენ.

„გლეხები თავისი მიწის ნაცვლად მუშაობენ სხვის მიწაზე და შემედგი კანონი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფო მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნება შეღავათიანი პირობები მათი გამოსყიდვის, ასევე, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი კი იქნება ამნისტია...," - განაცხადა სააკაშვილმა.

„გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სააკაშვილმა ყველაფრის მოგება თავად არ უნდა მოინდომოს.

"ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება. ამისთვის საჭიროა, რომ ე.წ "ნაცური" პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი მოიძებნოს "ნაცებში" და ისინი დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰგონია, რომ ის გვარამიას და მელიას გარეშეც მოიგებს. მისთვის არაფერი არ არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა პარტიებშია მიმოფანტული "ნაცმოძრაობიდან", მაგრამ ჩემი აზრით, ის ცდება და მისი მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ვინც "ნაცებში" ყოფილა - "ნაცებში", ვინც "ქოცებში" - "ქოცებში" და დანარჩენი ჩვენთან", - განახადა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ "მიხეილ სააკაშვილს დანარჩენ შიდა "ნაცურ" პარტიებთან "შუტკა" აქვს გახსნილი და შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, რადგან მაინც მისი წიაღიდან მოდიან და მაინც მარტო მას ართმევენ ხმებს."

"მაგრამ ასეთი სიხისტე, თუნდაც ამ პარტიებთან, ჩემი აზრით, არ იქნება მისთვის მომგებიანი. იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა უნდა ცდილობდეს გაერთიანებას და შემოკრებას ძველი "ნაცების" და არა მათ დაბულინგებას და მუქარას. ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი რომ გაბრაზდეს და "ლელოში" შევიდეს, "ნაცმოძრაობა" ამით ვერ მოიგებს", - განაცხადა ხვიჩიამ.

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცახდებს, რომ სააკაშვილის განცხადება იყო მორიგი აღიარება, რომ ენმ სხვა პარტიებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

„სააკაშვილის მხრიდან ეს ერთგვარი მორიგი აღიარებაა, რომ ოპოზიციურ ველზე ენმ დომინირებს და სხვა პარტიებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ახლო ისტორიას რომ გადავხედოთ, ოპოზიციური პარტიების გამსხვილება არ მოხდა, რადგან აქ უწინარესად ამბიციები მოქმედებს, ყველას სურს, რომ თავისი პარტიის ლიდერი იყოს, ეს პარტიები კი ერთგვარ კოოპერატივებად, კანტორებად აქციეს, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და თავიანთ ლიდერების ხუშტურებზე დადიან.

„სხვადასხვა თემაზე სააკაშვილის აღიარება არაერთხელ გვინახავს, არც ახლაა გასაკვირი, მაგრამ აქ კითხვა ისმის, მაშინ (პატარა პარტიების) გამოსავალი რა არის, ყველა ენმ-ს ერთ სიაში უნდა გაერთიანდეს? აქაც იქნება ამბიციურ პოლიტიკურ აქტორთა დაპირისპირება თუ, სიაში ვის რომელი ადგილი ექნება და ძალიან ბევრს, გიორგი ვაშაძისგან განსხვავებით, არ მოუნდება, რომ საკუთარი პარტია დაშალოს და ენმ-ში გაწევრიანდეს.

„ეს ვარიანტი ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის როლს კიდევ ერთხელ აკნინებს, რაც ძალიან ცუდია. ამ დამაკნინებელ და დესტრუქციულ როლს, რასაკვირველია სააკაშვილის პარტია ასრულებს, როცა სურს, რომ დომინანტი და პირველი იყოს ყველაფერში, რაც კი ოპოზიციას ეხება. არაერთხელ გვინახავს, რომ არჩევნებამდე რაღაც დროით ადრე, რადიკალური ოპიზიციური პარტიები ვითომ ერთმანეთისგან დისტანცირდებიან, ვითომ იბუტებიან, მაგრამ შემდეგ ისევ ერთ გუნდად ვხედავთ ხოლმე.

„კვლევები გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნება" რა საკვირველია დამაჯერებლად მოიგებს და „ნაცმოძრაობას" მეორე ადგილი ექნება. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს ეს ხაზარაძის იქნება, გახარიასი თუ გვარამია-მელიას ტანდემის, მათ არანაირი შანსი არ აქვთ და მაქსიმუმ ორი პროცენტი მოიპოვონ, რაც გასასვლელი არაა.

„ბუნებრივია ყველაფერი იმ სცენარისკენ მიდის, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა, მიიტაცეს და ა.შ. იქნება თავდასხმები ცესკოზე, სასამართლოზე, „ქართულ ოცნებაზე" და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვინახავს, რომ წინა სხვადასხვა დონის არჩევნების შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო პროტესტი, მათ შორის რადიკალური, შემდეგ კი, მიღებული მანდატების რაოდენობაზე დათანხმდნენ.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არჩევნები უფრო დემოკრატიულია, ელექტორონულია და მისი გაყალბება შეუძლებელია - იქმნება ელექტრონული ვერსია და შემდეგ დამატებით ბიულეტენები გადაითვლება. ასე რომ, იქ მანიპულაციები, ჰაკერული ჩარევა და ა.შ. გამორიცხულია, ამას ნაცოპოზიცია და არასამთავრობო სეტორში მისი სატელიტები აცნობიერებენ, მაგრამ, საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაციას და მის ვითომ გაყალბებულად გამოცხადებას მაინც შეეცდებიან, მაგრამ, ამას წინა არჩევნების მსგავსად აზრი არ აქვს, საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ტარდება",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადება ერთის მხრივ თავისი პარტიის უპირატესობიდან გამომდინარეა, ხოლო მეორეს მხრივ სიმართლე, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე პარტიის გარდა სერიოზული გამოწვევაა.

„სააკაშვილმა ეს განცხადება ცოტა სარკაზმულად და თავისი პარტიის უპირატესობიდან გამომდინარე გააკეთა, რაც არაკორექტულია და კრიტიკას ნამდვლად იმსახურებს. თუმცაღა, მეორეს მხრივ მან პრაქტიკულად სიმართლე თქვა - ის პარტიები, რომლებიც 5%-ს ვერ გადალახავენ, ოპოზიციურ ფლანგს რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას" უტოვებენ.

„მგონია, რომ 5%-ს სულ ცოტა კიდევ ორი პარტია გადალახავს, „ლელო" და გახარიას პარტია. შესაძლოა ბარიერთან მელია-გვარამიას ერთობაც მივიდეს - ვნახოთ სიტუაციას როგორ წარმართავენ, დანარჩენებს მართლაც სერიოზული გამოწვევა აქვთ.

„ქართული ოცნება" რა თქმა უნდა პირველ ადგილზე გავა, მაგრამ ოპოზიციამ შეიძლება გაიმარჯვოს თუ უკვე პარლამენტში მოხვედრილი პარტიები საერთო ენას იპოვიან. ოპოზიციის გამარჯვება ის იქნება თუ ბევრი - 4-5 პარტია მაინც გადალახავს ბარიერს. თუ ბევრმა პარტიმ ბარიერი ვერ გადალახა, მთელი ეს ხმები პირველ რიგში „ქართულ ოცნებასთან" და მერე „ნაციონალურ მოძრაობასთან" წავა.

„უკვე პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება ოპოზიციამ საერთო ენა გამოძებნოს, როგორც პოლონეთში მოხდა - ერთი პარტია პირველ ადგილზე კი გავიდა, მაგრამ მთავრობა სხვა პარტიებმა ჩამოაყალიბეს, ვინც მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ეს სცენარი კი დასაშვებია, მაგრამ არჩევნების დღეს „ოცნება" გაიმარჯვებს და პირველ ადგილზე გავა, მთავარია მან ბევრი ხმა არ აიღოს.

„თუ „ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებს, ეს ოპოზიციისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება. სხვა პარტიები ნაკლებს აიღებენ, მაგრამ პარლამენტში ბევრი შევა. ახლა ქართველმა ამომრჩეველმა ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს, რომ „ოცნებას" და ენმ-ს ელექტორატი მაინც ჰყავს და ისინი 5%-ს მაინც გადალახავენ.

„მოდი ახლა ხმას სხვა პარტიას მივცემ - თუ ამას ქართველი ამომრჩევლის დიდი ნაწილი გააკეთებს, მაშინ პარლამენტში ბევრი პარტია აღმოჩნდება და ეს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვება იქნება, არა „ქართული ოცნების", არა „ნაცნოძრაობის", არა ოპოზიციის, არამედ დემოკრატიის გამარჯვება",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×