„ოცნება“ პარლამენტში ორ დამოუკიდებელ საკონსტიტუციო ინიციატივას არეგისტრირებს - “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ და “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
თამთა ჩაჩანიძე
25.03.2024

„ოცნება" პარლამენტში ორ დამოუკიდებელ საკონსტიტუციო ინიციატივას არეგისტრირებს - "ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ" წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც მთელ რიგ აკრძალვებს ითვალისწინებს.

ოპოზიცია საკითხის განხილვაში მონაწილეობას აპირებს, მიიჩნევენ, რომ ინიციატივის ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოამზადა, არის „აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი", რაც საბოლოო ჯამში, „სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს.

ანალიტიკოსთა შეფასებები სხვადასხვაგვარია - ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" ამ თემას არჩევნებისთვის სათავისოდ კარგად გამოიყენებს, ნაწილი კი იმას ფიქრობს, რომ შესაძლოა ოპოზიციამ ეს საკითხი წამოწიოს იმ მიზნით, რომ დასავლეთიდან „ოცნების" მისამართით მწვავე კრიტიკა წამოვიდეს, შემდეგ კი აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ დასავლეთს ეს ხელისუფლება არ უნდა. თუმცაღა, მათი თქმით, „ამით ქართველი ამომრჩევლის გულს ვერ მოიგებენ".

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლია ერთი მოწვევის პარლამენტს, თუ პროექტს მხარს დაუჭერს 113 დეპუტატი. თუ ცვლილებების მომხრე იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი - 100 ხმა, მაშინ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაშიც არანაკლებ 100 ხმა.

რას ითვალისწინებს „ოცნების" ინიციატივა

"ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ" წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია".

რაც შეეხება "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

კონსტიტუციური კანონის პროექტით, მმართველი გუნდი შემდეგი შეზღუდვებისა და აკრძალვების შემოღებას გეგმავს:

1.კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2.არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3.აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4.სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5.ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6.აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7.აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8.აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებიდან და კონსტიტუციურ კანონპროექტიდან გამომდინარე, ახლო მომავალში პარლამენტში რამდენიმე კანონში ცვლილებების პროექტი დაინიცირდება.

შეფასებები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამ დრომდე „ოცნების შეთავაზება არ გაითვალისწინა, რომ ამ საკითხის დარეგულირების მხრივ საკუთარი ვერსიები წარედგინათ.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არც ერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან არ გახმოვანებულა, პირიქით, ვნახეთ წინასწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.

„ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ახლო მომავალში, ჩვენ, ასევე, დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული", - განაცხადა მდინარაძემ.

„გირჩის" დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების" ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ ტექსტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მოამზადა ადამიანის უფლებებ ის შემზღუდავია. მისივე თქმით, „ოცნება" ამ დებატებს წააგებს, რადგან თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული.

„იქ წერია პროპაგანდა. პროპაგანდა არის ისეთი დეფინიცია, რომელიც ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის პროპაგანდა და რა არ არის. შესაბამისად, ის, რაც მე წავიკითხე უბრალოდ ადამიანის უფლების დარღვევაა. ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს, ანუ რაც უნდა ის უქნას. ადამიანს შეუძლია თვითმკვლელობა ჩაიდინოს და იქ, რაც წერია, იმის აკრძალვა საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია.

„შესაბამისად, მე მგონია, რომ ამ დებატებს „ქართული ოცნება" წააგებს, იმიტომ რომ თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული და ტექსტი, რომელიც მათ მოამზადეს არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა," - განაცხადა მეგრელიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე - პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური იარაღი, -განაცხადა "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა.მისი თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

"ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის - "ქართული ოცნების" (ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს) პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე. უბრალოდ, რომ "დაგუგლოთ" "ლგბტ პროპაგანდა", სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რა მიზანი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ამ თემას არჩევნებისთვის გამოიყენებს. მისი თქმით, პრობლემა აქ იმაშია თუ სად გადის ზღვარი ლგბტ პროპაგანდასა და ადამიანის უფლებების შეზღუდვას შორის, რის განხილვაშიც ოპოზიცია უნდა ჩაერთოს.

„ჩვენთან ყველაფერი რა თქმა უნდა არჩევნებზეა მიბმული და ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობასთან ბევრი არაფერი აქვს სათქმელი, ეს თემა აიღო, რომელიც აქამდე არ გახსენებიათ და რომელზედაც თვლიან, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის ხმები მოიზიდონ.

„მეც ლგბტ თემის პროპაგანდის დიდად მომხრე არ ვარ, მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, თუ სად გადის ზღვარი პროპაგანდასა და ადამიანის უფლებების შეზღუდვას შორის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიცია ამ თემაზე ჩამოყალიბდეს და ზუსტად იცოდეს რას მოითხოვს ცვლილებები. კანონის წინააღმდეგი კი არ იყოს (ჩემი აზრით), არამედ თემის დახვეწა უნდა მოითხოვოს და ზუსტი პარალელების დასმა თუ რა და როგორ ხდება, როგორ ეწინააღმდეგება ეს ადამიანის უფლებებს და ზოგადად კონსტიტუციურად რა შედეგს მოგვიტანს.

„თავისთავად ის, რომ ხელისუფლება ამ თემას პროპაგანდისთვის და საარჩევნოდ იყენებს, ეს ნათელია. ოპოზიციამაც ამ თემას ამ კუთხით უნდა შეხედოს და არა სხვა მხრივ",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ თემას წამოსწევს იმ მიზნით, რომ დასავლეთიდან „ოცნების" მისამართით კრიტიკა წამოვიდეს, შემდეგ კი, საყვარელიძის პროგნოზით, ამ თემას გვერდით გადადებს და აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ დასავლეთს ეს ხელისუფლება არ უნდა. თუმცაღა ანალიტიკოსის თქმით, ამით ქართველი ამომრჩევლის გულს ვერ მოიგებენ.

„სავარაუდოა, რომ ოპოზიცია წამოწევს საკითხს იმაზე, რომ ქართული კანონმდებლობა, ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ზღუდავს - ამის ძახილს დაიწყებს ევროპელების გასაგონად. ევროპაში სწორედ ადამიანთა უფლებების ნიშნითაა დაშვებული ჰომოსექსუალური კავშირები და ოპოზიციას იმედი ექნება, რომ დასავლეთიდან შესაბამისი კრიტიკა წამოვა ხელისუფლების მისამართით.

„ოპოზიცია დასავლეთის გულს მოიგებს, მაგრამ კიდევ უფრო წააგებს ქართველი ამომრჩევლის გულს. მეეჭვება რომ ამ თემაზე საპროტესტო ტალღა აგორდეს, უბრალოდ ოპოზიციას იმის იმედი ექნება, რომ დასავლეთის კრიტიკა გაძლიერდება და მერე უკვე ამ თემას გვერდზე გადაიტანენ, რომ ეს ლგბტ საკითხს უკავშირდებოდა და წინ წამოსწევენ იმას,რომ აი დასავლეთს ეს ხელისუფლება არ მოსწონს და შესაბამისად, თუ ევროპისკენ მივდივართ, ხელისუფლება უნდა გადავაგდოთ.

„თუმცა, ამ ინიციატივის ფონზე, მოსახლეობისთვის ცხადი იქნება, რომ თუ ხელისუფლებას გადააგდებენ და ოპოზიციას მოიყვანენ, მაშინ დღის წესრიგში ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი აუცილებლად დადგება",- განაცხადა მან.

კითხვაზე, თავად „ოცნების" ამ ინიციატივას რა მიზანი აქვს, საყვარელიძემ განაცხადა: „ერთი ის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება თავიდან აირიდოს. ფაქტი მოხდება თუ არა, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ სავარაუდოა, რომ დასავლეთის ქვეყნების ზეწოლა საქართველოზე, რომ ამგვარი კანონი მიიღონ, ალბათ არის. დასავლეთის ის ქვეყნები, რომლებმაც ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვეს, ეცდებიან ეს პრეცედენტი მარტო მათი კი არ იყოს, არამედ შეიძლება გავრცელდეს.

„ამიტომ, დასავლეთიდან მოწოლა იმაზე, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აუცილებლად დაუშვითო, რა თქმა უნდა იქნება. უპრიანია რომ ასეთი კანონები მიღებული იყოს, რადგან თუ ერთსქესიანთა ქორწინება დღეს არ მოხდება და საზოგადოებრივი აზრი მეტ-ნაკლებად კანონის მაგივრად იმუშავებს, გავა წლები, თაობები შეიცვლება და იმ ახალ თაობებში რა მოხდება არავინ იცის. გადამწყვეტი არც კანონი არაა, მაგრამ რაღაც დამატებითი ფაქტორი უდავოდ არის იმის, რომ დღეიდან საკანონმდებლო პრევენცია იქნება ჩადებული",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×