თამთა ჩაჩანიძე
04.03.2024

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მითხოვნით ხელმოწერების კამპანია გრძელდება და როგორც სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ თქვა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ ხელმოწერებს სამშაბათს წარუდგენენ. ენმ-ს წარმომადგენლების მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ასიათასობით ადამიანი ითხოვს, თუმცა, ანალიტიკოსებთ ეეჭვებათ, რომ მხოლოდ ამის საფუძველზე შეცვალოს გადაწყვეტილება ზურაბიშვილმა.

ენმ ხელმოწერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს, ამჯერად ჯგუფი ზუგდიდს ესტუმრა, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ბაჩანა შენგელიასთან ერთად, ანაკლიაში იმყოფებოდა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, უამრავი ადამიანი სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„ზუგდიდში ხელმოწერების კამპანია გრძელდება. ბაჩანა შენგელიასთან ერთად ახლა ანაკლიაში ჩამოვედი, შევხვდი მოსახლეობას. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელს აწერენ. მათი პოზიცია არის ერთი ადამიანი, რომელიც არის ამ ყველაფრის შემოქმედი, არქიტექტორი და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფრის მშენებლობა-აღმშენებლობას, უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

„შევხვდით უამრავ ადამიანს და ისინი სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. მათ აღნიშნეს, რომ არ უნდა დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და აუცილებელია მისი გარეთ ყოფნა. ხედავთ, რამდენი რამ იყო გაკეთებული 2012 წლამდე, რამდენ რამეს ჩაეყარა საფუძველი. 2012 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი ინგრევა და მიწასთან სწორდება მხოლოდ.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია იმისთვის, რომ ისევ და ისევ აღორძინდეს აქაურობა და ეს ადგილი მთელი მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი გახდეს, რასაც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა, დაიწყო და ძალიან ბევრ რამეს საფუძველი ჩაუყარა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" ეს ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ასე რომ, გრძელდება კამპანია და ხვალ უკვე, სალომე ზურაბიშვილთან ასიათასობით ხელმოწერას მივიტანთ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, ქვეყანა აგრესიული შემოტევებისგან უნდა დაიცვას - სააკაშვილზე უფრო მძიმე შეტევა სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გამოეხმაურა.ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილმა ქვეყანა დააზიანა და ეს გასათვალისწინებელია.

„რადგან მორალზეა საუბარი, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ადამიანების პოზიცია და არა მისი პარტიული მომხრეების ხელმოწერები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა მისი პატიმრობის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა „ფეიკების" მოშველიებით, გადაიხადა უამრავი ფული, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას დააბრალა, რომ მას წამლავენ, აწამებენ, კლავენ, არ მკურნალობენ.

"ამაზე უფრო მძიმე შეტევა ჩვენს სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია. აქედან გამომდინარე თუ პრეზიდენტს ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, მან უნდა ეს ქვეყანა დაიცვას ასეთი აგრესიული შემოტევებისგან,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რას შეცვლის ხელმოწერები და რა გავლენა აქვს სააკაშვილს არჩევნებზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუნდაც ზურაბიშვილმა სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს, ეს დროებითი იქნება.

„არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხელმოწერა იქნება და სალომე ზურაბიშვილს კრიმინალი სააკაშვილის დროებით გათავისუფლებაზე რამდენი ევროპარლამენტარი მოუწოდებს. თუ ფორმალურ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ის შეიწყალოს, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებს, მაგრამ, თუ მას ადეკვატურობის გრძნობა საერთოდ დაკარგული აქვს, არ იცის, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში კვლავ შეაბრუნებენ მიმდინარე საქმეებზე და სურს, რომ ქართველ ხალხს საბოლოოდ დაუპირისპირდეს, ბურთი, მოედანი და დისკრეცია მას აქვს.

„თუმცა, ზურაბიშვილმა მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილის გარეთ გამოსვლა დროებითია, რაც პოლარიზაციას კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში აიყვანს. თუ ის პროევროპული პოლიტიკის გამხმოვანებელია, რომელსაც მშვიდობა და ჰარმონია სურს და ამ დისონანსით აპირებს ევროინტეგრაციული გზის გაგრძელებას, ძალიან შემცდარა.

„ასიათასობით ხელმოწერა დაახლოებით იმ კურიოზს მაგონებს, როდესაც თაკო ჩარკვიანი ამბობდა, რომ სააკაშვილის დასახვედრად და გასათავისუფლებლად ასიათასობით ადამიანი გამოვაო და რამდენიც იყვნენ ვნახეთ. კი ბატონო, შესაძლოა ენმ-ის მხარდამჭერებმა გათავისუფლების მოთხოვნას და პეტიციას ხელი მოაწერეს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მაგრამ ეს სამართლებრივ პროცესებს არ ცვლის და ბრალდებებზე, რაც აქვს და რომელზეც ვერდიქტი არაა, მაინც მოუწევს პასუხის გაცემა. ეს ძალიან უსუსური პოლიტიკური სვლაა იმ ოპოზიციური უსუსური აქტორებისგან, რომელსაც დესტრუქციული ნაცოპოზიცია ჰქვია.

„ვთქვათ, დავუშვით ის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილი გამოვა, ეს საზოგადoებაში სიტუაციას დროებით დაძაბავს და ამის შედეგი ის იქნება, რომ ზურაბიშვილს საზოგადoებაში საბოლოოდ თავი მოეჭრება და საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ აქ არ დაედგომება. ამით „ქართული ოცნება" უფრო გაძლიერდება, რადგან ხალხი აშკარად დაინახავს თუ ვინ ვის მხარეს დგას - ერთი მხარეა „ქართული ოცნება" მშვიდობა და განვითარება და მეორე მხარეა დესტრუქცია, სამოქალაქო დაპირისპირება და ა.შ.

„სააკაშვილს ფორმალური გავლენა აქვს, იურიდიული გავლენა მას ვერანაირად ვერ ექნება, ის უკრაინის მოქალაქეა და უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერც ამომრჩეველი იქნება და ვერც არჩეული. სალომე ზურაბიშვილმა რომ ორმაგი მოქლაქეობა მიანიჭოს, ესეც გამორიცხულია, რადგან, სანამ მოქალაქეობაზე განაცხადი პრეზიდენტამდე მივა, პროცედურები უნდა გაიაროს, როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე სუს-ში. საკაშვილს შეუძლია, რომ „ვივა მედის" ლუქს პალატიდან აზრები წეროს, მაგრამ, შედეგი არაფერი არ იქნება",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ხელმოწერებს პრეზიდენტს აზრს ვერ შეუცვლის, თუმცა სააკაშვილს არჩევნებზე გარკვეული გავლენა მაინც ექნება.

„რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ხელმოწერები პრეზიდენტზე გავლენას არ მოახდენს, რადგან ქალბატონი სალომე ორცეცხლშუაა - ერთის მხრივ დასავლეთიდან რეკომენდაცია-ზეწოლაა კარგი გაგებით, რომ თუ პროდასავლური პრეზიდენტი ხარ ეს უნდა გაითვალისწინო და მეორეს მხრივ ზეწოლაა საქართველოდან, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან და ასევე პრეზიდენტი რადიკალურ ჯგუფებს უფრთხის.

„ხელისუფლებამ ზურაბიშვილს ულტიმატუმიც კი წაუყენა, რომ თუ სააკაშვილს შეიწყალებს, გარკვეული ჯგუგები გამოვლენ. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკადრებელი იკადრა, როცა ევროპაში ვიზიტისას გამოვიდა და თქვა, რომ სააკაშვილს ძალიან ბევრი დანაშაული ჰქონდა. ამ დროს ეს ქალბატონი 2018 წელს „ოცნებას" უჭერდა მხარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული აქვს ქართველი ხალხის წინაშე. ის მთლად გულწრფელი პრეზიდენტი არაა და ყველაფერს უნდა ველოდოთ.

„სააკაშვილის ფაქტორს ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ფაქტია ჩანს, რომ მას მომხრეები ჰყავს და ხელისუფლებამ რაც არუნდა იძახოს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, ვხედავთ, რომ ენმ-ს აწმყოში არსებობს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×