თამთა ჩაჩანიძე
04.03.2024

ოპოზიციონერი ლიდერები, „ქართული ოცნება" და დასავლელი დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს. პოლიტიკურ მხარეებს განსხვავებული პროგნოზები აქვთ - ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსეთს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არ აწყობს, ამიტომაც „ფარული ჩარევა არ სჭირდება". მმართველი პარტიის მტკიცებით კი, „არავინ იცის მოსკოვი ვის სასარგებლოდ ჩაერევა" და რა პოლიტიკას განსაზღვრავს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის არგუმენტი, რომ რუსეთი შესაძლოა „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჩაერიოს, საფუძველს მოკლებულია, რადგან „ოცნება" საკმარისი რეიტინგი აქვს. მათი თქმით, არც ისაა ლოგიკური თუ რუსეთი ოპოზიციის ენმ-ს სასარგებლოდ ჩაერევა, რადგან პარტიები საჭირო რეიტინგს ჩამოშორებულები არიან და „ჩარევა აზრს ჰკარგავს".

ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მოსკოვის მთავარი ამოცანაა საქართველოში ულტრამემარჯვენე ძალებმა გაიდგან ფესვები და „ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩეს.

რას ამბობენ პოლიტიკოსები

მოდით იმაზე ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში. ეს არავინ იცის რა პოლიტიკას განსაზღვრავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია.

„როდესაც რუსეთის ლიდერი ძალიან აქებს დემოკრატ ბაიდენს, რომელიც არის თანამედროვე სამყაროში უკრაინის მთავარი მხარდამჭერი რუსეთთან ომში, მათ შორის, ქმედითი მხარდამჭერი, და რუსეთის პრეზიდენტი მას აქებს და ამბობს, რომ ის ჩვენ გვაწყობსო, არაფერი არ არის გამორიცხული. ამიტომ, მოდით, იმაზეც ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში. ეს არავინ იცის რა პოლიტიკას განსაზღვრავს.

„გამოდგება რომელიღაც რუსი პროპაგანდისტი ან პოლიტიკოსი, შეაქებს ქართულ პრაგმატულ პოლიტიკას და რადგან ჩვენ იმავე სიტყვას ვიყენებთ, ასე პრიმიტიულად ხდება შეფასება: „პრაგმატული თქვენც ახსენეთ, იმათაც ახსენეს და ეს არ ნიშნავს, თქვენს რუსულ ვექტორს?" - ასე პრიმიტიულად ნუ შევხედავთ",- განაცხადა მდინარაძემ.

ევროოპტიმისტების დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, 2024 წლის არჩევნებში რუსეთს არ დასჭირდება ფარული ჩარევა, რადგან რუსეთისთვის მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში.

„გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნებია. დღეს იყო საუბარი იმაზეც, ჩაერევა თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ აღარც სჭირდება ფარულად ჩარევა, იმიტომ, რომ რუსეთი მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას". რუსეთისთვის მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ არ მოვიდნენ პროდასავლური ძალები ან პარტიები. ამიტომ, რუსეთს ფარული ჩარევა, არც სჭირდება", - აღნიშნა დეკანოიძემ „პალიტრანიუსთან".

ვფიქრობ, არსებობს რეალური რისკები, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობას საფრთხეს შეუქმნის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყების წინ განაცხადა.

„არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის.

„აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, ისინი ხმას ფარულად აძლევენ და მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა.

ამ პრობლემაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სქაი ნიუსთან" ინტერვიუში.

„ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს,, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არის თუ არა რუსული ჩარევის საფრთხე 2024 წლის არჩევნებზე

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის არგუმენტი, რომ რუსეთი შესაძლოა „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჩაერიოს, საფუძველს მოკლებულია, რადგან „ოცნებას" საკმარისი რეიტინგი აქვს, მისი თქმით, არც ისაა ლოგიკური თუ რუსეთი ოპოზიციის ენმ-ს სასარგებლოდ ჩაერევა, რადგან პარტიები საჭირო რეიტინგს ჩამოშორებულები არიან და „ჩარევა აზრს ჰკარგავს".

„ალბათ ოპოზიცია თვლის, რომ რუსეთი „ოცნების" სასარგებლოდ ჩაერევა, სოციოლოგიურ გამოკვლევებში გამოკითხვები შემთხვევითი შერჩევის წესითაა, თან მითუმეტეს ოპოზიციას სოციოლოგიურ კვლევების შედეგებზე არ დაუძახია ოპოზიციას, რომ რუსეთი ჩაერიაო, არადან მათ მომხრე „ენდიაი", „აირაის" ჯგუფებმაც კი გამოკვლევებში აჩვენეს, რომ „ოცნებას" უკეთესი მდგომარეობა აქვს.

„ქართული ოცნების" გამარჯვებას რუსეთის ჩარევა არ სჭირდება. „ოცნების" გამარჯვებას რაც სჭირდება ისაა, რომ ოპოზიციამ იმდენი შეცდომა დაუშვას, რომ „ოცნებამ" გაიმარჯვოს. ოპოზიცია მაგ შეცდომებს უშვებს, ოღონდ რუსეთის დახმარებით უშვებს თუ მის გარეშე, არ ვიცი.

„ერთხანს იყო ვერსია, რომ რუსეთს აქ არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა აწყობსო, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ის უნდა ჩაერიოს „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, მაგრამ ენმ და სხვა პარტიები საჭირო რეიტინგს იმდენად დაშორებულები არიან, რომ ჩარევა აზრს ჰკარგავს. ამიტომ არ მგონია, რომ ჩარევის ვერსია რაიმე ლოგიკურ საფუძველს იძლეოდეს, თორე ლოზუნგის და სიტყვის დონეზე ყველას შეუძლია თქვას",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მოსკოვის მთავარი ამოცანაა საქართველოში ულტრამემარჯვენე ძალებმა გაიდგან ფესვები და „ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩეს.

„ჩემი აზრით, მოსკოვის მთავარი ამოცანაა, რომ „ოცნებამ" გაიმარჯვოს და ულტრამემარჯვენე ძალებმა, როგორიცაა „ალტ ონფო" და სხვებმა მეტი ხმები მიიღონ. ამიტომ რუსეთი შეეცდება თავისი პიარსამსახურებით, ფულით, გავლენებით ის სიტუაცია შექმნას, რომ პარლამენტში რაც შეიძლება ცოტა ოპოზიციური პარტია მოხვდეს, მეტად „ქართული ოცნება" იყოს და მემარჯვენე ძალები.

„რუსეთს ძალიან დიდი შრომა არ დასჭირდება, რადგან „ოცნება" მაინც წარმატებულია, მაგრამ, მისი მთავარი ამოცანაა, რომ პროდასავლური და პროდემოკრატიული ძალები პარლამენტში არ მოხვდნენ. ის „ოცნებასთან" ითანამშრომლებს, რათა „ოცნების"ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს. ამის მშვენიერი მაგალითია, როცა რუსეთმა ცხინვალს უკარნახა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკონ რუსეთთან მიერთებაზე, რამაც შეიძლებასაქართველოში არჩევნებზე დაძაბულობა გამოიწვიოს.

„ამ ტიპის რაღაცეებს აკეთებენ ისინი, რათა შექმნან განწყობა, თითქოს "ქართული ოცნება" მშვიდობის პარტიაა და რომ მაქსიმალურად ცდილობს ქვეყანაში სიმშვიდე იყოს - ქვეყანაში ამის აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან არავითარი ომის საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ რუსეთი ამ ლეგენდის და მითის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, თავის პროპაგანდისტული მანქანებით, ტელევიზიებით თუ სხვადასხვა ფორმებით.

„თუ პარლამენტში იმდენი პოლიტიკური ძალა გავიდა, რომ „ოცნებამ" მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა და ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, მაშინ რუსეთს შიგნით პარლამენტში ჩარევა გაუჭირდება, მაშინ ოპოზიციის ყიდვა მოუწევს, მაგრამ ეჭვი მეპარება ეს გამოუვიდეს.

„რუსეთს ამის დაშვება არ უნდა, რომ კოალიციური მთავრობა შედგეს, ისეთი სცენარი, რაც პოლონეთში მოხდა, როცა პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა, შემდეგ ადგილებზე გასულ პარტიებმა კი შეკრეს ერთობა და მთავრობა ჩამოაყალიბეს. რუსეთისთვის და „ოცნებისთვის" ყველაზე საშინელი სიზმარი ესაა და მათი მთავარი ამოცანაც ესაა, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანონ",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×