ელზა პაპოშვილი
03.03.2024

იგეგმება თუ არა მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები? ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება იგივე ბედი ეწიოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საკადრო ცვლილებები ლოგიკურიცაა, რადგან ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების წინ ეცდება შემოიკრიბოს ისეთი გუნდი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნაკლები კითხვა და პრეტენზია ექნება.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში, პრემიერ მინისტრად დამტკიცების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა პრაქტიკულად უცვლელი დატოვა. მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დატოვა საკუთარი ნებით თანამდებობა. მაშინ ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო - ახალმა პრემიერმა ერთგვარი „გამოსაცდელი ვადა“ მისცა მინისტრებს, დააკვირდებოდა მათ მუშაობას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, სწორედ ამის შესაბამისად მიიღებდა კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებებს. ორიოდე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის გადაგომას კი ანალიტიკოსთან ნაწილი სწორედ ამ პროცესს უკავშირებს და მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებასაც არ გამორიცხავს.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერმა კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა. გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ. 

პრემიერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობაში უკეთესად გაერკვა, მიხვდა, რომ ხარვეზები არსებობს, ამიტომ მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთანავე პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები სხვა სამინისტროებსაც შეეხოს და ამას სამუშაო პროცესს უწოდებს. 

ანალიტიკსოები კი „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე ცდილოს წინასაარჩევნოდ სახლში ის მინისტრები გაუშავს, რომელთა მუშაობაც საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამისთვის მმართველი პარტია საზოგადოებრივ გამოკითხვებსაც ატარებდეს.

ვინ როგორ აფასებს აზარაშვილის წასვლას

„ზურაბ აზარაშვილმა ბევრი საქმე გააკეთა, მაგრამ ბოლოს ხარვეზები იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარაში ყოფნისას განუცხადა ჟურნალისტებს.

მდინარაძის თქმით, იყო განსხვავებები ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

„როდესაც არის გარკვეული სხვაობები, მათ შორის, ხედვებში, მიდგომებში, რატომ არის პრემიერ-მინისტრი ვალდებული, ასეთ დროს მუშაობა გააგრძელოს რომელიმე მინისტრთან?! ეს გამოიკვეთა ჯანდაცვის მინისტრის შემთხვევაში. ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, მაგრამ ბოლო პერიოდში კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო და იყო მართლაც განსხვავებები, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიღებული იქნა ეს ერთობლივი გადაწყვეტილება“, - ამბობს მდინარაძე.   

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ კი ჯანდაცვის სამინისტროს „ოცნების“ ფიასკო“ უწოდა, მინისტრის გადაყენებას კი - „კინკლაობის ერთ-ერთი ეპიზოდი“.

„ვერ იყოფენ ტენდერებს, ქრთამებს და სიმდიდრეს. შესაბამისად, დაე, დაჭამონ ერთმანეთი ბოლომდე იმიტომ, რომ ქართველი ხალხისთვის, ამას, რაც ხდება, არავითარი მნიშვნელობა და შედეგი არ ექნება. ერთი ჩვეულებრივი კინკლაობის ეპიზოდია, რომელიც ეხება ძალაუფლების, სკამების, ფულის, ქრთამების და ტენდერების გადანაწილებას. საბოლოო ჯამში, ქართველო ხალხის ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე ეს არ არაფრით აისახება. ამიტომ, ვწუხვარ, რომ კიდევ რამდენიმე თვე, 26 ოქტომბრამდე მოგვიწევს ამ უმსგავსობის ყურება. 

„ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ ხელისუფლების ერთი დიდი ფიასკო. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება. „ქართულმა ოცნებამ” 2013 წელი ამ მხრივ ნორმალურად დაიწყო, შემოიღო ყველასთვის ჯანდაცვა, მაგრამ დღეს, ეს არის ერთი ჭაობის და კორუფციის წყარო. ასეთი იყო ზურაბ აზარაშვილამდე და ასეთი იქნება აზარაშვილის შემდეგ. არავითარი სისტემური ცვლილება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, უბრალოდ, არ იქნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ატარებს თუ არა „ოცნება“ გამოკითხვებს

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, გასაკვირი არ არის, თუკი წინასაარჩევნოდ ხელისუფლება იმ მინისტრებისა და მაღალი რანგის ჩინოვნიკების სახლში გაშვებას ცდილობს, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს.

„რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოების თვალში არ იყოს ზედმეტი კითხვები ამა თუ სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით. მეორეც, როცა ახალი მინისტრი და გუნდი მოდის, მასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პრეტენზიები არ არსებობს და ახლის მიმართ მოლოდინი ყოფველთვის დადებითია. 

„რაც შეეხება კონკრეტულ მინისტრებს, რომლებმაც კობახიძის მთავრობა დატოვეს, ეს გასაკვირი არ არის, რადგან პრემიერს სჭირდება ისეთი გუნდი, რომლის მიმართაც კითხვები არ იარსებებს. არ გამოვრიცხავ კი არა, დარწმუნებულიც ვარ, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ გამოკითხვებს აკეთებს. ზუსტად იცის რომელ სამინისტროსთან დაკავშირებით რა პრეტენზიები არსებობს. ამიტომ, რატომ უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას ისეთი მინისტრები, რომლებიც გაკეთების ნაცვლად აქეთ აშავებენ?!

„ოპოზიციაც ვხედავთ როგორ ცდილობს ნებისმიერი თემიდან რაღაც გამოიყვანოს. ამიტომ ეს მმართველი გუნდის მხრიდან ერთგვარი თავდაცვაც არის. საარჩევნო მარათონს ყველა ხვდება ძლიერი გუნდით, რომლის მიმართაც კითხვები არ იარსებებს. როგორც ოპოზიციაშია გადაჯგუფებები, ასევე საჭიროა ხელისუფლებაშიც გადაჯგუფება. მე არც იმას გამოვრიცხავ, ხელისუფლება უფრო  შორსაც წავიდეს და ვიღაც ვიღაცეები დააკავოს კიდეც“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

რაც შეეხება იმას, გამოაცლის თუ არა ამით სალაპარაკო თემას ხელისუფლება ოპოზიციას, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მისი ნათქვამი მოსახლეობას დიდად არ სჯერა. ეს კი, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ მათ საყრდენს წაართმევს და ეს კიდევ ერთი თემა იქნება, კანდიდატის სტატუსის შემდეგ, რომლით მანიპულაციასაც ოპოზიცია ნაკლებად შეეცდება.

„შესაძლოა, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დიდი თავები დაგორდეს...“

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა საქმე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დაკავებამდე მივიდეს.

„თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე გასაშვები კი არა, დასაკავებელია თავის მოადგილეებთან ერთად. მის მიმართ იმდენი პრეტენზიაა დაგროვებული, რომ არაფერი გამორიცხული არ არის. ასევე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მისამართით ძალიან ბევრი პრეტენზიები იყო. როგორც ჩანს,  რესპუბლიკური საავადმყოფო გახდა მთავარი საბაბი, რის გამოც, ის კობახიძემ მოიშორა. 

„პრემიერი ცდილობს, რომ ამით საკუთარი გუნდი მოიყვანოს. ეს ასევე დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროპაგანდასთანაც. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდ თანხას იღებს და ეს სადღაც 6 მილიარდამდეა. აქ იმდენი პროგრამები არის ჩაგდებული, რომ თუ კარგად ჩაუკირკიტებს კობახიძე, ბევრის დაჭერასაც შეძლებს.

„თუმცა, რა თქმა უნდა, „ოცნება“ცდილობს ამით საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი კორუფციასთან ბრძოლას იწყებს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ, თუკი დასჭირდათ, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დიდი თავები დაგორდეს. თუმცა მინისტრების დაკავებას რამდენად გაბედავენ, ეს არ ვიცი“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×