თამთა ჩაჩანიძე
02.03.2024

თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლეო პალეტა საუბრობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ის, რომ ომის შესაძლო შედეგებზე უკვე არის მსჯელობა ნატოს ქვეყნებში, დასავლური ჯარის უკრაინაში შესაძლო განთავზებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაც ნათლად ადასტურებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ორივე შესაძლო სცენარზე საუბრობს თუ რა დაემუქრება საქართველოს რუსეთის უკრაინაში წაგების, ან წარმატების შემთხვევაში, თუმცა დასძენს, რომ გააჩნია თავად ვლადიმირ პუტინი მოგებად რას ჩაითვლის, რადგან, მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სრულ ოკუპაციას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს.

მაისაიას პროგნოზით, თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, პუტინი ამაზე არ გაჩერდება და საბჭოთა იმპერიის აღდგენას შეეცდება. მათ შორის ეს გეგმა საქრათველოზეც ექნება და ამასთან, საფრთე ევროპასაც ემუქრება. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, გააჩნია იმ დროისთვის საქართველოს რუსეთის მიმართ რა პოლიტიკა ექნება. ვახტანგ მაისაიას მეორე სცენარით, თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდა, საქართველოს თავს მაშინაც არ დაანებებს და არაა გამორიცხული, რომ 2008 წლის სცენარი განმეორდეს, რადგან „პატარა გამარჯვებით" იმიჯის აღდგენას შეეცდება.

ლეო პანეტას პროგნოზი

„კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

„საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს რა მოხდება მომავალში.

„საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით", - განაცხადა ლეონ პანეტამ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, დაზვერვის ასპარეზზე მისი მუშაობის დროს ცხადი იყო, რომ ვლადიმირ პუტინის უმთავრესი მიზანია როგორც შეერთებული შტატებში, ისე სხვა ქვეყნებში „დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს".

„მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაზვერვის ასპარეზზე გავატარე, ვიღებდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებდა ვლადიმერ პუტინი. ცხადი იყო, რომ პუტინს უმთავრეს მიზნად აქვს შეარყიოს დემოკრატია შეერთებული შტატებში და ასევე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სხვაგანაც. ეს არის მისი მთავარი მიზანი და ცხადია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავის ზრახვებში წარმატებას ვერ მიაღწევს", - განაცხადა ლეონ პანეტამ.

რა ელის საქართველოს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" იმ ორ შესაძლო სცენარზე საუბრობს, რომელიც უკრაინის ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს საქართველოში.

„რუსებს კავკასიის რეგიონის უსაფრთხეობის კონტექტში ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ კომფორტული პირობები აქვთ. მოსკოვი ხედავს, რომ სომხეთი ლამის გავიდეს რუსული გავლენის ზონიდან, აზერბაიჯანიც ოსტატურად ბალანსირებს. უკრაინაში რუსეთის წაგების ან მოგების შემთხვევაში, მოსკოვს საქართველოში აქვს თავისი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესები. ისინი ჩვენ არცერთ შემთხვევაში თავს არ დაგვანებებენ, ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობა და კიდევ სხვა ნიუანსები ამას ადასტურებს.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში რუსეთის ფინანსური ფინანსური შემოსვლა კიდევ უფრო გაძლიერდა, ამასთან პრორუსული ძალები კიდევ უფრო ძლიერდებიან. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს ჩვენზე ყურადღება არ მოუდუნებია და არც მოადუნებენ, რუსეთისთვის საქართველო ყოველთვის იყო განსაკუთრებული ინტერესის ზონა.

„გააჩნია რუსეთი გამარჯვებად რას ჩათვლის. ის რომ უკრაინის მთლიან ოკუპაციას ვერ შეძლებს, ესეც ფაქტია, მაგრამ, შესაძლოა, ნახევარი უკრაინის ოკუპაციით გაჩერდეს და თუ ასეთ წარმატებას მიაღწია, არ გამოვრიცხავ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოება მოინდომოს. თუმცა მთავარია იმ დროისთვის საქართველოში როგორი ხელისუფლება იქნება და რუსეთის მიმართ როგორ პოლიტიკას გაატარებს - დაშოშმინების პოლიტიკა შენარჩუნდება, თუ ეს მიდგომა შეიცვლება. რუსეთი თუ დაწინაურდა, საფრთხე მხოლოდ საქართველოს კი არა, ევროპასაც ემუქრება. დასავლეთის ქვეყნები უკვე ასეთ სცენარებსაც განიხილავენ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაც ამას ადასტურებს და მაკრონის ბოლო განცხადებაც.

„ახლა რუსეთმა თავისი გეოეკონომიკური გეგმების რეალიზაციას ახდენს. დაიწყო სანკტ პეტერბურგი-მუმბაის სატრანზიტო კორიდორის გაჭრა. რუსეთს სურს, რომ ირანთან ფაქტიურად სამხედრო კონტაქტი დაამყაროს, გავიდეს სპარსეთის ყურის მიმართულებით და ინდოეთისკენ გაჭრას სივრცე. აქ რუსეთის ახალი ინტერესი შემოვიდა, სადაც რუსეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშველოვანი ხაზია.

„თუ რუსეთმა უკრაინაში წააგო და შეატყო, რომ მის იმიჯს საფრთხე ემუქრება, პატარა გამარჯვება ყველა ვარიანტში დასჭირდება და არ გამოვრიცხავ, რომ 2008 წლის საქართველოს სცენარი განმეორდეს.

„სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, საქართველოზე ზეწოლა არცერთ შემთხვევაში არ შესუსტდება, შესალოა უფრო გაძლიერდეს კიდეც. ეს იქნება ჰიბრიდული თუ კონვენციური ომის ვარიანტში, ამას იმ მომენტში თავად გადაწყვეტს, რომლის პროგნოზირება ძალიან რთულია.

„მგონია, რომ უკრაინის ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდება. ჩემი ინფორმაციით, ფრონტზე ახლა ასეთი მდგომარეობაა - უკრაინელებმა სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება შეძლეს და რუსებს წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. ისეთი დინამიური განვითარება, როგორც რუსებს რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ, ეს ტემპი შემცირდა, მაგრამ, თუ უკრაიანს იარაღი დროზე არ გადაეცა, ეს სიტუაცია რამდენად შენარჩუნდება, ამის პროგნიზიურება ძნელია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×