ელზა პაპოშვილი
11.01.2024

რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკურ სპექტრზე  და როგორ შეიძლება დალაგდეს ოპოზიციური სპექტრი. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ოპოზიციამ ძლიერი ერთიანი ცენტრის იდეაზე მსჯელობა გააცხოველა. მათი უმრავლესობა ფაქტობრივად თანხმდება, რომ როგორც მინიმუმ „ოლიგარქიული რეჟიმის“ წინააღმდეგ ერთიანი კონფიგურაციით ბრძოლაა საჭირო. ამ ფონზე პარტიების ლიდერების ნაწილი მაინც არ ერიდება ერთმანეთზე თავდასხმას, თუმცა მთვარი სამიზნე ყველასთვის მაინც „ქართული ოცნებაა“. 

თავად მმართველ პარტიაში კი ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ მთავარი პოლიტიკური წლის დასაწყისში ველზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა „ქართული ოცნებისთვის“ გარანტირებულ გამარჯვებას ნიშნავს.  

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიულ სადავეებს საკუთარ ხელში იღებს, პოლიტიკაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის დგამს ნაბიჯებს, რაც ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ქაოსი და შიდა დაპირისპირებაა.

ახალი წესდებით, ივანიშვილს, ანუ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, იგივე მთავარ მრჩეველს, ერთპიროვნულად შეუძლია პრემიერობის კანდიდატურის წარდგენა და პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევა. ეს ალბათ მთავარი ფუნქციებია, რომლებიც პარტიის მეთაურს უნდა ჰქონდეს და სწორედ ამ ფუნქციებს ითვისებს პოლიტიკაში ერთი კვირის წინ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი. 

„კითხვის ნიშანი არც დაუტოვებია ბიძინა ივანიშვილის, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში, როგორც ახსნა ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენ გუნდს ვულოცავ ამ ამბავს და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს მთელი ქვეყნის ინტერესებისთვისაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ამბავი. რაც შეეხება სანქციების შიშით ამის ახსნას ოპოზიციონერების მხრიდან, ეს ვფიქრობ, რომ ნონსენსია, თავისი არსით და მცირედი კრიტიკულობაც საკმარისია უბრალოდ, ყველასთვის ნათელი გახდეს, რომ ეს არის აბსურდული მსჯელობა,“ - ამბობს მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე.  

იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა.“

„ოლიგარქიული მმართველობა ბევრად წინ დგას იმ მმართველობაზე, რაც ჩვენ გვაქვს. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს და ეს არ არის ოლიგარქიული მმართველობა. ტყუილია, რასაც ავრცელებს მედიაც და საერთაშორისო საზოგადოებაც," - აცხადებს „გირჩის” თავმჯდომარე.    

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის უკან დაბრუნება პოლიტიკურ ველზე დიდად ვერაფერს შეცვლის. ეს გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება, ხოლო კორუფციასთან ბრძოლის ან გუნდის შეცვლის ფაქტორები კი რეალური არ არის. თუმცა მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიცია ისეთ დღეში იმყოფება, დღეს რომ არჩევნები იყოს, „ოცნება“ კვლავ უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. 

„ვფიქრობ ივანიშვილის უკან დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი  ოპოზიციაში მომხდარი გადანაწილებაა. დაინახა, რომ ოპოზიცია სხვაგვარად ჯგუფდება, და მაშინ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება. მგონია, მისი დაბრუნების მიზანი პრევენციაა. ეშინია, რომ თუკი ოპოზიციურ ასპარეზზე ახალი ძალები ჩამოყალიბდება, მაშინ ხელისუფლების ჩანაცვლების ალბათობა გაიზრდება. დიდი ალბათობით „ოცნება“ გამოკითხვებს ხშირად ატარებს და ხალხის განწყობა კარგად იციან.

„მართალია, ივანიშვილის დაბრუნებით ელექტორალური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვლება, თუმცა, როგორც ჩანს, მას ურჩევნია, თავად განაგებდეს ყველაფერს, მითუმეტეს, მნიშვნელოვანი იქნება, ალბათ, სიის დაკომპლექტება. ამაზე კი გამორიცხული არაა, რომ  „ქართული ოცნების“ შიგნით ჯგუფებს შორის დაპირისპირება არსებობდეს, მაგრამ არა ივანიშვილის ჩანაცვლებაზე, არამედ იმაზე, ვინ იქნება პირველი ვაზირი ივანიშვილის კარზე“, - ამბობს ძაბირაძე.  

მისივე თქმით, ივანიშვილის დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა იყოს დეოლიგარქიზაციაზე. ხელისუფლებაში დაბრუნებით ის ოფიციალურ ფიგურად იქცა. თუ ამ ვერსიას  გავყვებით, რომ დეოლიგარქიზაციას ითხოვენ და ამის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ ოლიგარქი მოიყვანა სამართლებრივადაც კი ხელისუფლებაში, მაშინ ანალიტიკოსი  ვარაუდობს, რომ ეს არის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი სწორედ იმ გზისა, რასაც ევროკავშირისკენ მივყავართ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×