ნაზი ბერიძე
08.01.2024

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მხარეები სულ უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, რასაც რეალური სამშვიდობო პროცესის დაწყება და ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბური გახსნა უნდა მოჰყვეს.

როგორ აისახება ეს რეგიონის ცხოვრებაზე და კონკრეტულად საქართველოზე - ამასთან დაკავშირებით ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის სამშვიდობო ხელშეკრულება გზას გაუხსნის საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობას.

„ძალიან დიდი გარღვევა იქნება, რადგანაც ეს მრავალწლიანი კონფლიქტია, 30 წელზე მეტია მიდის და საბოლოო ჯამში დასრულდება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელიც უზრუნველყოფს ამ ორ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივ მშვიდობას. შესაბამისად, ეს არის მშვენიერი მაგალითი იმისა, რომ კავკასიაში მშვიდობა შედგეს და კავკასიელმა ხალხმა საერთო ენა გამონახოს ერთმანეთში მრავალწლიანი სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ.

„ეს იქნება ძალიან სერიოზული მაგალითი მსოფლიოსთვისაც, რომ ჩვენ არ ვართ ველური ერი და ხალხები და შესაბამისად, შეგვიძლია სამშვიდობო პროცესი ვმართოთ. ამიტომ ამას ექნება მნიშვნელობა - მორალური მხარე.

„მეორე - ამას ექნება ეკონომიკური მნიშვნელობაც: გაიხსნება საზღვრები, გაიხსნება კომუნიკაციები, აღდგება რკინიგზა, საავტომობილო გზები, დაიწყებს ტრანსპორტი მოძრაობას, დაიწყებს ტვირთები მოძრაობას, წინ წავა უამრავი საკითხი.

„ეს შეიძლება იყოს მაგალითი ჩვენთვისაც, რომ, თუ შეიძლება მოგვარდეს სიტუაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რატომ არ შეიძლება მოგვარდეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი, მე მგონი აქ შეიძლება იყოს სერიოზული დამატებითი ბერკეტი რათა საქართველომ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება სამშვიდობო პროცესების სასარგებლოდ.

„ერთი არის საომარი მოქმედებები და მეორე არის სამშვიდობო ხელშეკრულება, სამშვიდობო ხელშეკრულებას თუ ხელი მოეწერა, ესე იგი მხარეები მზად არიან" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ძირითადად რეგიონში მსხვილი მოთამაშეების ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთაც სურვილი არ გააჩნიათ სამშვიდობო მოლაპარაკება შედგეს.

„ამბობენ, რომ ახლოს ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გადაწყვეტილია ყველაფერი. ძირითადი პრობლემა რაც არის, ეს არის საზღვრის საკითხი. საზღვრის საკითხია გადასაწყვეტი დემარკაცია-დელიმიტაციის ორ სუბიექტს შორის.

„აქედან გამომდინარე მე ვერ გეტყვით, რომ ეს მოხდება უმტკივნეულოდ და მალე. თან, მითუმეტეს გავითვალისწინოთ მსხვილი მოთამაშეების ინტერესები, რომლებიც მართალი რომ გითხრათ, არ არიან მზად იმისათვის, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს.

„იმიტომ, რომ ყველა მსხვილ მოთამაშეს თავისი ინტერესი აქვს რეგიონში, ყველას თავისთვის უნდა გამოიყენოს ის დაძაბულობა, რომელიც რეგიონში არსებობს. ეს მოთამაშეები არიან: დასავლეთი, რუსეთი, ირანი და თურქეთი.

„საქართველოსთვის გაჩნდება ახალი გარემოებები და ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ" - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×