ელზა პაპოშვილი
07.01.2024

რა იქნება 2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს მასშტაბით? „რეზონანსთან“ ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსები რამდენიმე საერთოეროვნულ და ასევე გლობალურ საკითხს გამოყოფენ, რომლებიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ასევე აკეთებენ პროგნოზებს, თუ კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ 2024 წლისაგან.

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში წლის მთავარ მოვლენად ანალიტიკოსები საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ. მათი ვარაუდით, წინაასაარჩევნო კამპანია დაძაბულად ჩაივლის და ამასთან, უნდა ველოდოთ გადაჯგუფებებს როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში.

მათივე შეფასებით, ასევე ისტორიული მოვლენა იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შრის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შესაძლო დაწყება.

რაც შეეხება გლობალურ მოვლენებს, პირველ რიგში ეს იქნება უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც შესაძლოა წელსვე დასრულდეს. დღევანდელი გადასახედიდან ომის შედეგების პროგნოზირება რთულია, თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს შედეგები მნიშნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ზოგადად მსოფლიოზე, ასევე კონკრეტულად საქართველოზეც.

წლის სხვა საერთაშორისო მოვლენებიდან ასევე ცალკე აღსანიშნავია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპარლამენტის არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნები და მოლაპარაკების შესაძლო დაწყება ევროკავშირთან

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ საქართველოსათვის 2024 წლის მთავარი მოვლენა საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს. მისივე პროგნოზით, ეს წელი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური იქნება და ბევრ ცვლილებებსაც ვიხილავთ როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე. 

„რა თქმა უნდა, ეს წელი ყველაზე მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცოხვრებაში. ძალიან აქტიური წელი გველის და ვფიქრობ, ბევრი სიახლითაც იქნება დატვირთული. 

„ვფიქრობ, ოპოზიციურ და სახელისუფლეებო ფლანგზე გარკვეული ცვლილებები და გადაჯგუფება იქნება. მითუმეტეს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ქართულ პოლიტიკაში ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამ მხრივ მოვლენები კიდევ უფრო  საინტერესოდ შესაძლოა განვითარდეს. 

„ვფიქრობ, „ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი შეიძლება სხვა, ახალმა მოთამაშეებმა ჩაანაცვლონ. ასევე ველი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე  სიახლეები იქნება. ალბათ მოხდება გადაჯგუფება და ბევრ საინტერესო სიუპრიზთან გვექნება საქმე. 

„ეს წელი ასევე საინტერესოა იმითაც, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ საინტერესო წელი გვექნება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ 2024 წელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ამ წელს თუ პოლიტიკურ ასპარეზზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდა, „ოცნებას“ კვლავ შანსი აქვს, რომ ხელისუფლება ერთპიროვნულად შეინარჩუნოს. ამიტომ მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციაში გადალაგება დაიწყება და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესი იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს წელი იმით არის მნიშვნელოვნი, რომ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და პოლიტიკურ ცხოვრებაში წესით დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ძალიან მძიმე წელი იქნება, რადგანა წინასაარჩევნო პროცესი ყოველთვის ასეთი რთულია. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. სავარაუდოდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი თავის დაზღვევაა იმისგან, რომ თუკი ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული გადაჯგუფება მოხდება, ან ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან. 

„რა თქმა უნდა, იქნება დაპირისპირებება როგორც პროპაგანდის კუთხით, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორებით დამთავრებული. ამიტომ ვამბობ, რომ მძიმე წელი გველის. ივანიშვილს 2012 წელს საზოგადოებაზე რა გავლენა და ავტორიტეტიც ჰქონდა, ახლა იმის ნახევარიც არ აქვს. ამიტომ ელექტრატის მხრივ არ მგონია „ოცნებისთვის“ 2024 წელს რამე მნიშველოვნად შეიცვალოს. თუმცა ალბათ უფრო შიდა პოლიტიკური გარჩევები ექნებათ და რაღაც ცვლილებები გუნდის შიგნითაც მოხდება“, -ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

გლობალური მასშტაბის მოვლენები  

რაც შეეხება 2024 წლის გლობალური მნიშვნელობის მოვლენებს, საყვარელიძე ისევ უკრაინა-რუსეთის ომს ასახელებს. ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-ში და ევროპარლამენტის არჩევნებს, სადაც კორუფციის და კორუფციულმა სკანდალებმა ძალიან მძიმე სახე მიიღო. ის ვრაუდობს, რომ ამ მხრვაც ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი.  

„ეს წელი მსოფლიოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან, პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ გრძელდება და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ომი ჩიხშია შესული და უკრაინის კონტრშეტევამ არ მოიტანა ის ეფექტი, როგორი ანონსიც იყო. ამიტომ დასავლეთში ბევრი რამის გადახედვა და შეცვლა მოუწევთ. 

„ეს ომი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მითუმეტეს, რომ მის ბედზე პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები. მიმაჩნია, რომ თუკი აშშ-ის ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ან რესპუბლიკელების რომელიმე სხვა ლიდერი, უკრაინის ომის დაფინანსება გადაიხედება. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ომის დაფინანსების  მხრივ შეიცვლება, თუმცა უკრაინის აღდგენა და იმ დანგრეული ქალაქების ისევ აშენებას ძალიან დიდი თანხა სჭირდება და ამაში ალბათ უკრაინა მხარდაჭერას ყველას მხრივ ისევ მიიღებს. ამიტომ მსოფლიოშიც ძალიან დიდი ცვლილებები იქნება და ეს წელი ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს“, -ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.  

ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ 2024 წლის მთავარი მოვლენა უკრაინა-რუსეთის ომი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპრალამენტის არჩვენები იქნება. 

„კვლავ ვფიქრობ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელიც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რას გადაწყვეტს დასავლეთი უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით. კვლავ გაგრძელდება თუ არა უკრაინის დახმარება იმ ფორმით, რაც აქამდე იყო.   

„ვიცით, რომ ამერიკაში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიციებია. ამიტომაც ბევრი რამ ამერიკის სპრეზიდენტო არჩევნებზეც იქნება დამოკიდებული. თუ ხელისუფლებაში ტრამპი დაბრუნდა, რომელიც ომის ერთ დღეში დასრულების პირობას დებს, მაშინ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნება. თუ ბაიდენი დარჩა ისევ, ან მისი პარტიის რომელიმე წევრი, იგივე პოლიტიკა და  უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. თუმცა რაღაც ცვლილება აუცილებლად იქნება. 

„ამ ფორმით ომის დიდხანს გაგრძელება მგონია, რომ შეუძლებელი იქნება. რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ უკრაინას ისეთ მოლაპარაკებაზე მოუწიოს წასვლა, რაც მისთვის რადიკალურად მიუღებელი იქნება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×