ია აბულაშვილი
02.06.2023

„ევროპაში სიარული მთავარი არ არის, შედეგია მთავარი. ამ ეტაპზე ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერი შედეგიანი გზავნილებით ვერ დაბრუნდნენ," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ევროპაში ვიზიტებს და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში. ოპოზიციამ პრეზიდენტს მოსთხოვა, პოლიტიკური კომენტატორის როლიდან გამოვიდეს და აქტიურად იმოქმედოს.

იგორ კვესელავა: ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბიშვილი სააკაშვილსა და გვარამიას თუ შეიწყალებდა, მაშინ ტაშს დაუკრავდნენ. ასე არ ხდება. პრეზიდენტს აქვს სხვა პოლიტიკური ხედვა, გააზრებული და კარგად გათვლილი განცხადებებით გამოდის.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ევროპაში სიარული მთავარი არ არის, შედეგია მთავარი. ამ ეტაპზე ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერი შედეგიანი გზავნილებით ვერ დაბრუნდნენ. ვფიქრობ, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ, რადგან პუნქტები გვაქვს შესასრულებელი. ღარიბაშვილი რომ ამბობს, სტატუსი მოგვანიჭეთ და პოლარიზაცია დასრულდებაო, ასე არ არის. ოპოზიცია საშუალებას არ მისცემს ხელისუფლებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქულები დაიწეროს.

„რ": პარლამენტში ენმ-ის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის გრძელდება დაპირისპირება პოლიტიკური ჯგუფების შექმნაზე. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა უფრო მეტად წაახალისონ „ნაცმოძრაობის" დაშლა.

ი.კ: დრო, როცა როგორც მიშა იტყოდა, ისე კეთდებოდა ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობაში," უკვე დასრულდა, წერტილი. არაფერი აღარ გამოსდით და აღარ იციან, როგორ მოიქცნენ. ამიტომაც დაიყვნენ ჯგუფებად - გოცირიძე-დეკანოიძე, სხვებიც აპირებენ ჯგუფების შექმნას. ასე თუ გააგრძელებენ, კრიზისი უფრო გამწვავდება. „ნაცმოძრაობა" არ არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს „ოცნების" საშინაო და საგარეო რესურსებს. ამ გზაზე „ოცნება" დღეს წარმატებულია. მათ უკვე დაიწყეს არჩევნებისთვის მზადება, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველ კვირას ევროპაში რომ დადის, ამის მანიშნებელია. არც 12 პუნქტი აინტერესებთ და არც ნატო, მთავარია, ხელისუფლება შეინარჩუნონ. ბიძინა ბუზებს კი არ ითვლის, იქ რომ ზის, პარლამენტში რომ მოკალათებულან, იმათზე მეტი იცის, რა ხდება საშინაო და საგარეო მიმართულებით. ბიძინას თავში იხარშება, რა უნდა გაკეთდეს არჩევნების მოსაგებად.

„რ": ანუ მომავალ არჩევნებში პოლიტიკურ სცენაზე ისევ ივანიშვილი და სააკაშვილი იქნებიან მთავარი აქტორები? ენმ-ში არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში მიშა ისევ ჩაერთოს.

ი.კ: ყველა თავის თავზე ზრუნავს. სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე ვერაფერს გეტყვით, თითქოს აღარ ისმის ისე ინტენსიურად მისი მხარდამჭერი განცხადებდები შინ თუ გარეთ. მაგრამ ბიძინამ იცის, რომ „ოცნების" დამარცხება მისი დამარცხება იქნება და „ოცნებას" რომ სძინავს, ბიძინას არ სძინავს. მისი დამარცხება ადვილი არ იქნება, რადგან სხვა თვალით უყურებს მოვლენებს და ბევრი გენიალური სვლაც აქვს გაკეთებული. ვნახოთ, რა იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. შეიძლება ისიც უთხრას, გაიმარჯვებთო, მაგრამ არჩევნების შემდეგ „ოცნებასთან" აღარ ითანამშრომლოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×