ნაზი ბერიძე
16.05.2023

სამშაბათიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა. პარასკევს, 19 მაისს კი რუსეთიდან საქართველოში, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი ავიარეისი შედგება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს. სამშაბათს საღამოს ამასთან დაკავშირებით პარლამენტთან და სახელმწიფო კანცელარიასთან აქციები გაიმართება. უფრო მასშტაბური აქცია და თბილისის აეროპორტისკენ მსვლელობა სწორედ 19 მაისსაა დაგეგმილი. რამდენად შესაძლებელია, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა მორიგი მასობრივი პროტესტისა და არეულობის საფუძველი გახდეს?

„დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია 19 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს, რომელიც რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" მიერ თბილისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ ავიარეისს უკავშირდება. ანალიტიკოსების აზრი, ამ საკითხზე აქციები მრავლად იმართება, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერა მცირეა და აქცია რჩება აქციისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეჩერებაც ელენე ხოშტარიას უკავშრდება.

4 წლის წინ 2019 წლის 19 ივნისს რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. თავად გავრილოვმა კი, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა.

აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციები მოჰყვა, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა. აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი კი ელენე ხოშტარია იყო.

აქციას ე.წ. „გავრილოვის ღამე" და მასობრივი არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც რუსულმა დელეგაციამ სასწრაფოდ დატოვა საქართველო. თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. რუსული დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორს, პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის დატოვება მოუწია. რუსეთის ხელისუფლებამ კი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

„დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია დღესაც აქციას აანონსებს. მისი თქმით, 19 მაისს აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და კოლონებით გაემართებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, სადაც საქართველოში „აზიმუტის" ჩამოფრენას გააპროტესტებენ.

„ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და დარტყმა ჩვენი სუვერენიტეტისთვის - ავიაკომპანია „აზიმუტი" ვერ დაფრინავს ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერც ერთ ევროპულ აეროპორტში და არის აკრძალული, იმიტომ, რომ ეს კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომლებიც დღეს ბომბავენ უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ „აკრძალულია შენი ფრენა". აი, ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა „მობრძანდით და იფრინეთო".

„ჩვენ ვნახეთ გუშინ, რომ ამ ავიაკომპანიას საიტზე აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი" უწერია როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით, ანუ პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, „ოკუპაციის შესახებ" კანონს. რა გააკეთა მთავრობამ, გარდა იმისა, რომ მისცა ნებართვა?! სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და 2 საათში მოხსნეს საიტიდან ეს წარწერა. წარმოგიდგენიათ, როგორ სინქრონში მოქმედებს ეს ხელისუფლება რუსეთთან.

„ანუ, ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც ჩვენ გვაყენებს მორიგი ამოცანის, ვალდებულების, პასუხისმგებლობის წინაშე. ჩვენ არაერთხელ ჩავაბარეთ ეს გამოცდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ჩავაბარეთ 24 თებერვალს, როდესაც უკრაინას დავუდექით გვერდში. ჩავაბარეთ ივნისში, როდესაც დავიცავით ევროპული არჩევანი და ზუსტად ასევე უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ღირსება და სუვერენიტეტი", - განაცხადა ხოშტარიამ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ აქციების მასშტაბურობას და ეფექტურობას არ ელოდება და „რეზონანსთან" საუბარში ელენე ხოშტარიას მიმართ ხალხის ნდობის დაბალ ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას.

„იმდენი აქციები ცხვება, რომ არ მოჰყვა სახალხო მღელვარება მათგან დიდ ნაწილს. ახლაც ყოველ მეორე დღეს აქცია იმართება. რას აპროტესტებს ელენე ხოშტარია? იმას აპროტესტებს, რუსეთიდან თვითმფრინავი რომ შემოდის, ხომ? რუსეთიდან ფული რომ შემოდის, ეგ არ აღელვებს?

„ყველასათვის ცნობილი გახდა რომ რუსეთიდან ფულს იღებს ქალბატონი ელენე, იღებს უმტკივნეულოდ და ამ დროს საპროტესტო აქცია ელენეს ინიციატივით იმაზე, რომ თვითმფრინავი არ მივიღოთო, არ ტოვებს გულწრფელობის წარმოდგენას. ამიტომაც არ გაჰყვება მას ხალხი.

„გავრილოვის ღამის დროს საქართველოს მოსახლეობამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ელენე ხოშტარია და გავრილოვი ძალიან ახლოს იცნობენ ერთმანეთს და არც ის იცოდა მოსახლეობამ, რომ ელენე ხოშტარია რუსულ ფულს იღებდა. ადამიანებს არ უყვართ, როცა მათ ატყუებენ.

„რაც შეეხება შეტაკებებს, თუ გადაწყვიტეს აქციის მონაწილეებმა, რომ იჩხუბონ პოლიციასთან, მაშინ მოჰყვება დაპირისპირება, სულ რომ 5 კაცი რომც იყოს", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ აქციები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ხალხის დიდ რაოდენობას გამორიცხავს, რადგან ეს ის თემა არ არის, რაც ქართული საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევს.

„პროტესტის გამოხატვა კარგია, საჭიროა და აუცილებელიც კი. რაც შეეხება მასშტაბებს, არ მგონია, რომ დიდად მასშტაბური აქციები იყოს გნებავთ ახლა, ამ დღეებში და გნებავთ 19 მაისს. არ არის ეს ის თემა საზოგადოებისთვის, რომელმაც შეიძლება მძლავრი პროტესტი გამოიწვიოს და საპროტესტო მუხტი აწიოს ძალიან მაღლა. არ ველოდები ისეთ პროტესტს, როგორც იყო აგენტების კანონთან დაკავშირებით იყო.

„რაც შეეხება შეხლა-შემოხლას, საქართველოში არ არის ისეთი ტრადიცია, რომ ის რაც საფრანგეთში და პარიზში ხდება, მისი გადმოტანა თბილისში ეფექტური იყოს და მაინც და მაინც სწორად არ მიმაჩნია.

„ელენე ხოშტარია იყო „გავრილოვის ღამის" აქციის ინიციატორი, მაგრამ ელენე ხოშტარიას ქარიზმას კი არ გამოუყვანია მაშინ ხალხი, იმ სიტუაციამ გამოიყვანა, რაც უეცრად ვიხილეთ - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი იჯდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ვერ გეტყვით ახლა რამდენად რეიტინგულია თავად ელენე ხოშტარია. ვფიქრობ, მან რაღაც შეცდომები დაუშვა, მაგრამ არ მგონია დღეს შეძლოს მასობრივი აქციის ორგანიზება. არა მარტო ის, არ მგონია ამ თემაზე ვინმემ მასშტაბური აქციის ორგანიზება შეძლოს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×