ბაჩანა ტყემალაძე
23.01.2023

რამდენიმე დღიანი უშედეგო საპროტესტო აქციების შემდეგ, 20 იანვარს, აფხაზეთში 29 მრავალშვილიანმა ოჯახმა სოხუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში საბჭოთა დროიდან დაუმთავრებელი კორპუსის ხელში ჩაგდება სცადა. მათი მიზანი აღნიშნული სახლების დამოუკიდებლად შეკეთება და საცხოვრებლად შესვლა იყო.

მანამდე ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმის თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას მართავდნენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ.

ვითარება დროებით მაშინ მოგვარდა, როდესაც ოჯახებს დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი შეხვდა, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს საცხოვრებლის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უკვე მრავალი წელია ქირით ცხოვრობენ და მდგომარეობის გამოსწორების იმედი აღარ აქვთ. მოსახლეობა იმ დონემდე იყო მისული, რომ ქირის გადახდასაც ვეღარ ახერხებენ.

ასევე, მათ განაცხადეს, რომ შენობა, სადაც შეიჭრნენ უკვე 30 წელიწადზე მეტია მიტოვებულია, მაგრამ სოხუმის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შენობა ბოლო რამდენიმე წელია ერთ-ერთ კომერციულ კომპანიას იჯარით აქვს აღებული, რომელმაც პირობა დადო, რომ დაუსრულებელ ნაგებობას აღადგენდა.

დაპირებების და არგუმენტების მიუხედავად, გაჭირვებული ოჯახები დაჟინებით ითხოვდნენ შენობაში შესვლას, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევდათ. სწორედ ამიტომ მაღალსართულიან დაუმთავრებელ კორპუსთან ცეხლი დაანთეს და განაცხადეს, რომ არსად წავიდოდნენ.

სიტუაცია საბოლოოდ მაშინ გაიმუხტა, როდესაც ადგილზე მოსალაპარაკებლად ქალაქის ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები, სოციალური დაცვის მინისტრი და ოპოზიციი ლიდერი, ადგურ არძინბა მივიდა. აღსანიშნავია, რომ ადგურ არძინბას აქციის მონაწილეებმა მისვლისკენ თავად მოუწოდეს.

მოლაპარაკება ნაყოფიერი აღმოჩნდა. ადგურ არძინბამ პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს დაურეკა და შეუთანხმდა, რომ მოლაპარაკებებზე მომიტინგეების წარმომადგენლები მასთან და რამდენიმე დეპუტატთან ერთად მივიდოდნენ.

ალექსანდრე ანქვაბმა პირობა დადო, რომ შეხვდება 29-ვე ოჯახის წარმომადგენელს და ბინის ქირის გადახდაში დაეხმარება.

სამწუხაროდ აფხაზეთის მოსახლეობისთვის საცხოვრისის პრობლემა ერთადერთ უსიამოვნებას არ წარმოადგენს. თითმის მთელი იანვრის განმავლობაში მოქალაქეებს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებათ. ასევე გაძვირდა დენის ტარიფებიც.

ჩამოთვლილი პრობლემების გამო, აფხაზეთის ოპოზიციამ მასობრივი საპროტესტო აქციისთვის მზადება დაიწყო, რათა პრეზიდენტს მთავრობის დათხოვა აიძულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერების თქმით, გადადგომის მთავარი სამიზნე თავად პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდება.

„ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ გაუძლო პანდემიას, მიიყვანა ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისამდე და არცერთი რეფორმა არ გაუტარებია. მთავრობა, რომლის ხელშიც მოქალაქეების ცხოვრება გაუარესდა. ის უნდა გადადგეს," - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ.

აქციის ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ ის 2023 წლის აპრილში გაიმართება, ამ პერიოდს კი პროპაგანდისტული სამუშაოებისთვის გამოიყენებენ.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე „რეზონანსთან" საუბარში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართული აქციები სოციალური ხასიათისაა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობა შეიცვლება, რეჟიმი უცვლელი დარჩება.

„საპროტესტო აქციები სოციალური საკითხებისგან მომდინარეობს და ეს აფხაზეთში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ თითქმის ყოველ ზამთარს ელექტროენერგიის პრობლემა აქვთ და ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ რუსეთს შეუძლია - ეს ხალხმა კარგად იცის. ეს კრიზისი გაზაფხულში მოგვარდება, როდესაც ენგურჰესი ეფექტურ მუშაობას განაგრძობს და წყლის დონე მაღლა აიწევს" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×