თამთა ჩაჩანიძე
30.11.2022

შემოდგომის მიწურულს ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართა - ორდღიანი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი განსახილველი საკითხი იყო რუსული აგრესიის შეჩერება და ამ საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსადმი თანამშრომლობის გაღრმავება-გაძლიერება.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ღიად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ. მინისტერიალის ფარგლებში, ბუქარესტში მყოფ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა, ამ ფონზე კი ნატოს მზარდი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, ვინც რუსული აგრესიის საფრთხის წინაშეა.

ამასთან, ანალიტიკოსთა თქმით, უკრაინის გამარჯვებით არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მომენტი დგება, რაც შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს ჩრდილო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

რა თქვა ნატოს გენმდივანმა

განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა.

„ნატო და ნატო-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან.

„ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ნატო-ს სამიტზე გადაწყვეტილება მიიღო და მიესალმება, რომ იმ დროის შემდეგ ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან.

„ჩვენ ვაჩვენებთ, ბუქარესტის გადაწყვეტილებას, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ვასრულებთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა, ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე.

„ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

საქართველოსთვის ძლიერი მხარდამჭერი გზვანილები

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ორდღიან სხდომაზე მიწვეული სტუმრის სტატუსით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერთვება. პარალელურად, ილია დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. მონაწილეების მხრიდან კი კეთდებოდა განცხადებები საქართველოს გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სიმბოლურია, რომ საქართველოს წარმომადგენლები ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალზე იმყოფებიან. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მნიშვნელობაზე ესაუბრათ.

ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, პარტნიორებისგან ძალიან ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები მოისმინეს.

„ნამდვილად სიმბოლურია დღეს საქართველოს ყოფნა აქ, ნატო-ს მინისტერიალზე, სადაც კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მნიშვნელობაზე, ჩვენს ურყევ ძალისხმევაზე, რათა საქართველომ შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისკენ ძლიერი სვლა, რომელიც თავის დროზე ავიღეთ.

„ასევე, სიმბოლურია, რომ ვიმყოფებით ბუქარესტში. პარტნიორებისგან მოვისმინეთ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები. ერთი მხრივ, ეს ეხებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, სადაც კიდევ ერთხელ ჩვენი პარტნიორებისგან ერთხმად, ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ საქართველოს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

„მეორე მხრივ, ხაზი გაესვა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნა მიღებული ნატო-ს ბოლო სამიტზე, მადრიდში, სადაც შეიქმნა საქართველოს საჭიროებებზე მორგებული დახმარების დოკუმენტი, რომლის იმპლემენტაცია ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამ მიმართულებითაც ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს პროგრესულ ინტეგრაციას ნატო-ში და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

„ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში ნატო-ს ერთგულ პარტნიორს, და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავს ფორმატებში ჩვენი წარმოჩენა გააძლიერებს, ახალ იმპულსს მოიტანს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძე კი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოს გაწევრიანების პროცესზეც აისახება.

"სიმბოლურია ის, რომ ბუქარესტში კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ხაზგასმით ის, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში. ეს არის შეუქცევადი პროცესი. გარდა ამისა, დეკლარაციაში მნიშვნელოვანი წილი დათმობილია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, გაძლიერებისთვის და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის ნატო-სთან.

„ქვეყნისთვის, რომელიც არის რისკის ქვეშ რუსეთიდან მუდმივად, მას სჭირდება მეტი დახმარება, მეტი თანადგომა, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მოვახერხოთ განვითარება.

გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, დარწმუნებული ვარ ჩვენზეც აისახება," - აცხადებს დოლიძე.

„მზარდი მხარდაჭერა სულ უფრო შესამჩნევი ხდება"

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერა საგრძნობლად გაიზარდა, ქვეყნის ინტეგრაცია მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდება, თუმცა მხარდაჭერა მზარდია, რომელიც თანდათან პრაქტიკულ ნაბიჯებში გადაითარგმნება.

„უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერა წელს საგრძნობლად გაიზარდა. ცხადია, გაიზარდა ომში მყოფ უკრაინისადმი მხარდაჭერაც. ალიანსში ჩვენი ინტეგრაცია ნამდვილად ხვალ-ზეგ არ მოხდება, თუმცა ის პრაქტიკული დახმარების და თანამშრომლობის ნაბიჯები, რომელიც ბრიუსელიდან მოდის, სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

„ეს ძალიან კარგია, თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი შეეხება ჩვენი შეიარაღებული თავდაცვის ძალების შემდგომ გაწვრთნას, ოღონდ ფართომასშტაბიანი, ეს იქნება ოფიცრების დონეზე, თუ ქვედა რგოლებში. ამას ისედაც აკეთებენ, თუმცა როცა მომავალ დახმარებაზეა საუბარი, სხვადასხვა პაკეტები შეიძლება შევიდეს.

„ცხადია ჯერჯერობით ნატოს დამცავი ქოლგა არ გვექნება, თუმცა, როცა ნატოს წარმომადგენლები საქართველოში არიან, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, არა მხოლოდ მტრულად განწყობილი რუსეთისთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, რომ ნატოსთვის საქართველო რეგიონში სანდო პარტნიორია და ამ სანდოობის და რეფორმების გამო ჩვენ უფრო მეტს ვიღებთ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან",-განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითვაზე, უკრაინასთან რუსეთის დამარცხება რამდენად გარდამტეხი აღმოჩნდება ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის მათ შორის საქართველოსთვის გაწევრიანების, ან მაპის მიღების თვალსაზრისით, აბაშიძემ გვითხრა:

„რუსეთში ანალიტიკოსებს და სტრატეგიებზე მომუშავეებს ახლა ერთი თავის ტკივილი აქვთ, რომ ამ ომის დასრულებით სახე როგორ შეინარჩუნონ. პუტინის რეჟიმს ამ სისხლიანი ტრაგედიის შეჩერება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს. თავადაც უკვე რესურსები ზღვარზე არიან და ბუნებრივია ეს შიგნით დიდ პოლიტიკურ რყევებს იწვევს.

„ბუნებრივია, თუ უკრაინა გამარჯვებული გამოვა, მასთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო გაიმარჯვებს. პუტინის ტირანული რეჟიმი უნდა დასრულდეს, თან ისე, რომ სურვილი აღარ გაუჩნდეს მეზობლების დამუნათებისა და მათი ტერიტორიების დაპყრობის სურვილი აღარ გაუჩნდეს, როგორც საქართველოა.

„ამ ომის დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მომენტი დგება და იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინაში სისხლისღვრა მალე დასრულდება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×