ელზა პაპოშვილი
24.11.2022

მიიღებს თუ არა სასამართლო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანის გადაწყვეტილებას და რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის აქტიურობა ექსპრეზიდენტის მომავალთან დაკავშირებით? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ხელისუფლება მართლაც სურს სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება და ამისთვის პრეზიდენტს იყენებს, რათა ეს მმართველი პარტიისათვის მინიმალური პოლიტიკური დანაკარგით მოხდეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ კითხვაზე, განიხილავდა თუ არა სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ცნობილი ფრაზით უპასუხა - „არა და არასდროს“. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი პოზიცია მნიშნელოვნად შერბილებულია.

რამდენიმე დღის წინ „ბიბისის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ არ იწყალებს ყოფილ პრეზიდენტს, მან უპასუხა, რომ  ჯერჯერობით ამის სამართლებრივი საშუალება არა აქვს, რადგან სააკაშვილის საქმეებზე განაჩნეი ჯერ კიდეევ არ დამდგარა. ასევე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ სურს სააკაშვილი ციხეში მოკვდეს. 

თუმცა, მეორეს მხრივ იგივე ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმასაც აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალებამ შესაძლოა პოლარიზაცია ქვეყანაში კიდევ უფრო გაზარდოს. 

გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს 

ხუთშაბათს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საკითხზე. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და მას დიდი იმედი აქვს, რომ „ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ. მივიჩნევ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსებისთვის. ჩემი ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან სხვადასხვა კონსილიუმის, მათ შორის „ემპათიის“ წარმომადგენლებს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. 

„არაერთხელ მითქვამს საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც - არ ვარ ექსპერტი და არ მაქვს ინფორმაცია, რა დონეზეა დაზიანებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა. დასკვნა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. სწორად მიმაჩნია, რომ დასკვნა წარდგენილი იყოს სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ჯანმრთელობის საკითხს, თუ ამ დონეზეა დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს - სასამართლო მოგცემს გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ალბათ ვექილების ვალდებულებაა, რომ შეიტანონ სასამართლოში დასკვნა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ იქნება დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლა ძალიან ცუდად, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მიგაჩნიათ თუ არა რეალურად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სწორი გზა.

„ეს არის სწორი გზა. ჩვენი კანონმდებლობით სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონსილიუმზე. მათი დასკვნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ეს უნდა იყოს ვექილების მიერ წარდგენილი სასამართლოში. დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

იუსტიციის სამინისტროშიც ასევე აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

„როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა. სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპერტების დასკვნების შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, სამინისტრო კი გაითვალისწინებს ექსპერტების რეკომენდაციებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ბექა ძამაშვილის თქმით, „ეს სასამართლოს პრეროგატივაა, სასამართლო კი ხელმძღვანელობს კონკრეტული დასკვნის საფუძველზე“.

ზურაბიშვილის გააქტიურების სავარაუდო მიზეზები

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილსი ჯამრთლეობასთან დაკავშირებულ აქტიურობას რამდენიმე ვერსიას უკავშირებს. მისი აზრით, შესაძლოა პრეზიდენტი ამით უბრალოდ ქულებს იწერდეს დასავლელი პარტნიორების თვალში, რომლებიც, ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე სააკაშვილისათვის საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების შესაძლო მიცემას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ კოორდინარულად მოქმედებდეს, რომელსაც რეალურად სურს სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურანალოდ გაყვანა, მხოლოდ ისე, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად ნაკლებად დამაზიანებელი იყოს.

„ზურაბიშვილის ქმედების რამდენიმე ვერსია შეიძლება არსებობდეს. ის შესაძლოა  ცდილობდეს, რომ დასავლეთის თვალში ამ თემის ირგვლივ ქულები დაიწეროს და ამით ხელისუფლებაზე შურიც კი იძიოს. თუმცა, არც ის არის აზრს მოკლებული, რომ ის „ოცნებასთან“ ერთად მოქმედებდეს - ერთგვარი გარიგება იყოს, რათა ხელისუფლებისთვის სააკაშვილის ქვეეყნიდან გაყვანა ნაკლებად მტკივნეული და პოლიტიკურად დამაზიანებელი იყოს. თავის მხრივ კი დასავლეთთან ურთიერთობა ამ თემის გამო აღარ დაეძაბება. ისედაც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ ხელისუფლებას,  სააკაშვილის სახით ახალი პრობლემის დამატება არ უნდა. 

„არსებობს კიდევ სხვა ვერსიაც - რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინიციატივაა, რადგანაც იცის, ადრე თუ გვიან ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანა მოუწევს და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. 

„ბევრი მიზეზები შესაძლოა არსებობდეს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილს ამ აქტიურობისთვის მწვანე შუქი ივანიშვილმაც აუნთოს. ხელისუფლებაც არაა გამორიცხული გამოსავალს ეძებს დაა პრეზიდენტის აქტიურობა მათთვის სასურველიც კია. შესაძლოა სასამართლომ დაიწყოს კიდეც ამაზე მუშაობა და კონკრეტული სცენარით სააკაშვილი ქვეყნიდან  გაიყვანონ“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“.   

გამოწვევს თუ არა სააკაშვილი გაშვება „ოცნების“ მხარდამჭერთა უკმაყოფილებას

ჩიტაძე ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას მმართველი პარტიის მხარდამჭერებში გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვება, მაგრამ არა იმგვარი, რომ ამან ხელისუფლება დიდად დააზიანოს.   

„ოცნებას“ ძალიან სპეციფიური ამომრჩეველ ჰყავს, რომელთათვისაც მთავარია ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს და ყველაფერს აიტანენ. თუკი ამ პროცესს და გადაწყვეტილებას ხელისუფლება შეფუთავს იმგვარად, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და სხვა გზა არ ჰქონდათ, მაშინ არ მგონია პოლიტიკურად დიდი ზიანი მიადგეთ. იტყვიან, რომ ამას ჰუმანიტარული მიზნით აკეთებენ და სააკაშვილის სიკვდილს თავიდან ირიდებენ. მეორეს მხრივ კი დასავლეთის თვალში დადებით ქულებს ჩაიწერს. ასევე სააკაშვილის  რეალურ პრობლემას ცოტა ხანს თავიდან მოიშორებს. ბევრი გათვლა შეიძლება ისე, რომ ხელისუფლებამ ნაკლები ზიანი მიიღოს. ამიტომ არ ველი, რომ „ოცნების“ ამომრჩეველში ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი რამაზ სყავარელიძე კი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლების და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოქმედება ერთობლივი თამაშია, აქედან ზიანს  „ოცნება“ მაინც მიიღებს. საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სააკაშვილის ირგვლივ ზურაბიშვილი რა სცენარსაც არ უნდა ამუშავებდეს, პასუხისმგებლობა „ოცნების“ ამომრჩევლის მხრიდან მაინც ხელისუფლებაზე იქნება გადატანილი. ამიტომ თუკი „ოცნება“ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანაზე რეალურად ფიქრობს, საყვარელიძის აზრით, ამისთვის პრეზიდენტის ზურგს უკან ამოფარება არ ღირს. 

„კი, ბატონო, ზურაბიშვილის ბოლო დროს გააქტიურების ირგვლივ ბევრი ვერსია შეიძლება გაჩნდეს. ოღონდ ხელისუფლებას მასთან ერთად მოქმედება რაში სჭირდება, ეს ცოტა გაუგებარია. ნებისმიერ შემთხვევაში მისი ამომრჩევლის მხრიდან ისრების გადატანა ხელისუფლებაზე მოხდება. მაგალითად, იფიქრებენ, რომ თუკი ზურაბიშვილის ინიციატივით მოხდა და ის ქვეყნიდან გაიყვანეს, მაშინ ხელისუფლებამ ეს რატომ არ აღკვეთა. 

„კი, ბატონო, „ოცნებას“ შეუძლია თქვას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ამის მყარი მტკიცებულებები სჭირდება. არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიკერძოებულები არიან და სააკაშვილის მხარეს წარმოადგენენ, არამედ იმ უცხოელი სპეციალისტებისგან, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ თავად ჩამოიყვანეს.

ეს ხალხი არაფერს ამბობს და მათი მხრიდან ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება არ გაკეთებულა. ამიტომ ხელისუფლებას ჯერ თავადვე მოუწევს ამომრჩეველთან იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის მკურნალობა აქ შეუძლებელია“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×