თეონა ვეშაგური
19.11.2022

განცხავავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ორი ანალიტიკური ორგანიზაცია თანამშრომლობას აპირებს. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) და ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისმა" „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია" გააფორმეს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მათი ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი და მისაბაძია, თუმცა, ანალიტიკურ წრეებში პოლარიზაცია იმ ხარისხით არასდროს არის, რა ხარისხითაც პოლიტიკოსებში. ამასთან, არც იმხელა გავლენები აქვთ, რომ მათმა თანამშრომლობამ პოლიტიკურ ჯგუფებში ურთიერთობების სერიოზული ნორმალიზება გამოიწვიოს.

ორი ორგანიზაციის ინფორმაციით, შეთანხმების საფუძველზე ეროვნული თანხმობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში.

ორგანიზაციები პროექტს „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„მოხარულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია, გააერთიანოს განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფები და შეიქმნას გარკვეული პლატფორმა, სადაც მოხდება განსხვავებული მოსაზრებების ცივილიზებულად განხილვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ აღარ იქნება განსხვავებული აზრი და ყველას შეხედულება ერთმანეთს დაემთხვევა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ფორმატების შექმნა", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის" პრეზენტაციაზე.

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს" ძირითად მიზნებად გამოცხადებული აქვს საერთაშორისო პარტნიორების, მოკავშირეებისა და მხარდამჭერებისთვის ქვეყნის შესახებ „ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის" მიწოდება; საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა; ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი ანალიტიკური და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება; საზოგადოების სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო და სამართლებრივი თვითშეგნების ზრდის პროცესის ხელშეწყობა. ორგანიზაცია სთავაზობს სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ექსპერტიზით უზრუნველყოფას, ანალიზს და პოლიტიკაზე რეკომენდაციების შემუშავებას.

„ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე არის ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი „კრედიტ სუისთან" დავაში.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების, ანალიზის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადების და სხვადასხვა აქტივობების გზით, შექმნას ანალიტიკური და სადისკუსიო პლატფორმა საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების (სტრატეგიული, საგარეო და საშინაო) და გადაწყვეტილებების შესაფასებლად. ორგანიზაციის თავმჯდომარეა გელა ბეჟუაშვილი. დამფუძნებელ წევრებს შორის არიან ნოდარ ხარშილაძე, გიორგი თარგამაძე, ლაშა ძებისაშვილი, გიორგი რუხაძე და სხვები.

GSAC-ისა და „ჯეოქეისის" აზრით, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობამ მაგალითი უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებსა და სრულიად საზოგადოებას, რომ კომპრომისების გზით მიღწეულ იქნას დეპოლარიზაცია და ეროვნული თანხვედრა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.

რა წერია დეკლარაციაში

დეკლარაციის თანახმად, საქართველოს აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები:

- თანხმდებიან, რომ საქართველომ მტკიცედ უნდა განაგრძოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც გამართულად ფუნქციონირებენ დემოკრატიული ინსტიტუტები, გარანტირებულია მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა; განურჩევლად მათი პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, დაცულია მოქალაქეთა უფლებები, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და უზრუნველყოფილია განვითარების პერსპექტივები;

- მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, უარი ითქვას პოლარიზაციასა და აგრესიულ რიტორიკაზე;

- მიიჩნევენ, რომ დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად და გამყოფი ზოლის მიღმა დარჩენილი მოქალაქეების ერთიან სახელმწიფოში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საერთო ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პრინციპს;

- მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც წინაპირობაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მნიშვნელოვანია შესაბამისი რეფორმების განხორციელება და ადასტურებენ ამ გზაზე ევროკავშირის 12 პირობის განუხრელი შესრულების აუცილებლობას. აცნობიერებენ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება მხოლოდ დაგვაშორებს ევროკავშირში ინტეგრაციის ახლო პერსპექტივას;

- მიიჩნევენ, რომ ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ არჩევანს და საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფის ქმედით მექანიზმს;

- თანხმდებიან, რომ თავდაცვის სფეროს მდგრადობა და განვითარება უნდა გახდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების მთავარი საზრუნავი;

- მიიჩნევენ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს გახსნილი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა და უზრუნველყოს ეკონომიკის ისეთი სექტორების სწრაფი განვითარება, რაც გამოიწვევს კეთილდღეობის გაზრდას თითოეული მოქალაქისთვის;

- მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის განათლების დონის გასაზრდელად აუცილებელია განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტური რეფორმირება თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების გათვალისწინებით;

- თანხმდებიან, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ხოლო სოციალური დაცვის სამართლიანი პოლიტიკა უნდა მოიცავდეს იმ მოწყვლად ჯგუფებს და ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას.

„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია" ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და „ჯეოქეისის" ოფიციალურ გვერდებზე. დოკუმენტზე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება ხელის მოწერა.

დეკლარაციის პრეზენტაცია ასევე იგეგმება საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში.

პოლარიზაციის ხარისხი საექსპერტო წრეში და პოლიტიკურ ჯგუფებში

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საექსპერტო წრეში პოლარიზაციის ხარისხი ნაკლებია და მიუხედავად იმისა, რომ მათ განცხადებებში იკითხება პოლიტიკური ორიენტაციები, ერთმანეთთან პიროვნული ზიზიღი არ აკავშირებთ, რასაც პოლიტიკურ ჯგუფებზე ვერ ვიტყვით.

მისივე თქმით, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში იმდენი ფაქტორები მოქმედებს, რომ რადიკალიზაცია და რევულუციური ფონი უნდა იყოს. ამიტომ საექსპერტო ჯგუფებს იმხელა გავლენა ვერ ექნებათ, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა მათი ზეგავლენით ურთიერთობების ნორმალიზება შეძლონ.

„ამ ორგანიზაციების გადადგმული ნაბიჯი მისასალმებელი და მისაბაძია, მაგრამ მეეჭვება ეს ორგანიზაციები თავად პოლიტიკურ ჯგუფებზე დიდ გავლენას ახდენდნენ. შესაძლოა თავად რომელიმე ჯგუფს მხარს უჭერენ, თუმცა საკითახავია ის ჯგუფი ამ ორგანიზაციების ჭკუაზე რამდენად დადის. არ მგონია მათ შორის ასეთი მჭიდრო კავშირი იყოს, საქართველოში პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს შორის ასეთი კავშირები იშვიათი და სუსტია.

„ძალაუფლებისთვის ბრძოლაში იმდენი ფაქტორები მოქმედებს, რომ რადიკალიზაცია და რევოლუციური ფონი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, არ მგონია ორგანიზაციების შეთანხმებამ დაასტაბილუროს პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთობები. ანალიტიკოსების მშვიდობიანობა, პოლიტიკური ჯგუფების პოლარიზაციის ხარისხზე ნაკლებად იმოქმედებს.

„რაც შეეხება ამავე ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების ხარისხს. ვერ ვიტყოდი, რომ ერთმანეთთან მწვავე კონფლიქტები აქვთ, თუმცა პოლიტიკური ორიენტაციები აშკარად ეტყობათ, იკითხება მათ განცხადებებსა და ქმედებებში. ეს ბუნებრივია და ანალიტიკოსებს თავიაანთი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ისინი ერთმანეთთან კამათში თითქმის არასოდეს შედიან. ერთმანეთთან პიროვნული დაპირისპირება თითქმის არ არის, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ანალიტიკოსები იმ ხარისხით არიან დაპირისპირებულები რა ხარისხითაც პოლიტიკოსები.

„რაც შეეხება ამ ორი, განსხვავებული შეხედულებების მქონე ორგანიზაციის შეთანხმებას. აქ კოჰაბიტაცია მოხდება და ეს რთული არ არის. მითუმეტეს თუ ანალიტიკოსებთან გვაქვს საქმე, მათ რა აქვთ გასაყოფი? - პოლიტიკოსები ძალაუფლებას იყოფენ, ამიტომ არის ჭიდილი. ანალიტიკოსებს შორის ისეთი მწვავე დაპირისპირება არ მომხდარა და არც მოხდება, რომ ვერ გამოსწორდეს, თუ მათ უკან პოლიტიკური ჯგუფები არ დგანან რომლებიც ხშირად ანალიტიკოსებს უყურებენ როგორც პროპაგანდისტულ ფიგურებს". - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×