თამთა ჩაჩანიძე
18.10.2021

ვაქცინაციის ტემპი კატასტროფულად დაეცა, ამის პარალელურად ქვეყანა კორონავირუსის მეხუთე ტალღის საწყის ეტაპზეა, რომელიც უფრო მაღალი ნიშნულიდან დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო - ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები განგაშს ტეხენ და აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, უფრო ძლიერდება. ამიტომაც თუ ბევრი ადამიანი დაავადდება, მით უფრო მეტი სიკვდილიანობა იქნება, ამის თავიდან არიდების ერთადერთი საშუალბა კი მათი თქმით, აცრებია.

ორშაბათის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში 2 260 ადამიანი აიცრა, 17 ოქტომბერს ვაქცინაცია 4681-მა ჩაიტარა, 16 ოქტომბერს კი მათი რიცხვი 6 673 ადამიანს შეადგენდა.

რაც შეეხება კოვიდვითარებას, 18 ოქტომბრის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2479 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.47%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.07%. აღსანისნავია, რომ შაბათ-კვირას სხვა დღეებთან შედარებით ნაკლები ტესტი ტარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღა დაიწყო, რასაც გაუარესებული ეპიდსიტუაცია ადასტურებს.

„ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ახლა მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიხატება სწორედ იმაში, რომ მათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბური თავშეყრის ადგილებს და დაიცვან დისტანცია.

„ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა, უხილავ მტერ ვირუსთან ომშია ქვეყანა. სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. ეს გამოიხატება შემდეგში: ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე დახურულ და ღია შენობებში, თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებებს, უნდა დავიცვათ დისტანცია და ყველა უნდა წავიდეთ აცრაზე.

„ეს არის დღეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ გვინდა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს და ახალ წლამდე დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანის სიცხოცხლე გადავარჩინოთ. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რადგან დღეს გარდაცვლილთა 98-99% აუცრელი ადამიანია. უნდა ვიცოდეთ, რომ აცრა გვიცავს ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიცრებით ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის და ერთმანეთისთვის.

„უნდა ვატაროთ პირბადე, წავიდეთ აცრაზე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, მაშინ ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა შედარებით უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე აგვისტოში იყო. თუ არადა, ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება",- განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან".

აცრის მსურველი მხოლოდ 4 ათასი ადამიანია. აღნიშნულიდან უმეტესობა მეორე დოზის გასაკეთებლად მიდის, ასაცრელები კი პრაქტიკულად აღარ მოდიან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედთან" განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მაღალია გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების რაოდენობა და მოქალაქეები აღნიშნულის გამო სოციალურ ქსელებშიც შეშფოთებას გამოხატავენ, ასეთ ვითარებაშიც კი აცრილთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია! საბოლო ჯამში, ქვეყანას აზარალებს. ის, რომ ვკარგავთ ათეულობით ადამიანს, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან მტკივნეულია.

„ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს", - განაცხადა ცერცვაძემ.

საგანგაშოა ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში, ამის შესახებ ინფორმაციას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ამ კატეგორიის პაციენტებში მშობლების უდიდესი უმეტესობა აცრილი არ არის.

"თბილისის ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია ჰოსპიტალიზებული ინფიცირებულ მშობლებთან ერთად, აქედან მხოლოდ 4 მშობელია ვაქცინირებული. აიცერით თქვენი შვილებისთვის მაინც!", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ კორონავირუსის მეხუთე ტალღის პარალელურად, ვაქცინაციის არსებული ტემპი გაგრძელდა, ქვეყანას კატასტროფული სცენარი ელოდება.

„ადამიანთა შორის ვირუსი რაც უფრო დიდხანს ცირკულირებს, მით უფრო მეტად ძლიერდება. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ახალ-ახალი შტამები მოდის, დელტა შტამმა კი გადამდებლობით და ვირულენტობით რეკორდი მოხსნა, რაც უფრო მეტი ადამიანი დაავადდება, მით უფრო მეტი სიკვდილიანობა იქნება.

„ადრე აცხადებდნენ, რომ დაავადების და ლეტალური გამოსავალით მეტი რისკის ქვეშ უფრო მოხუცები იყვნენ, ამჯერად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ახალგაზრდებიც იღუპებიან. შესაბამისად, ასეთ პირობებში ჩვენ მივალთ იმ დონემდე, რომ ვინც გადარჩება-გადარჩება, ვინც არა,სამწუხაროდ ვირუსის მსხვერპლი გახდება.

„ჩვენ ანტივირუსული და დაავადების სამკურნალო პრეპარატი არ გაგვაჩნია, რომელიც უშუალოდ ვირუსს მოერევა. უამრავი საუბრებია, რომ ჩვენ მოვიგონეთ და გავაკეთეთო, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არცერთ ქვეყანას უშუალოდ ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება არ დაუწყია.

„ამიტომაც, გამოსავალია ეპიდემიოპოგიური თავდაცვა და მთავარი - ესაა ვაქცინაცია, ვისაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა, ეს უნდა გააკეთოს. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ადამიანი, რომელიც არ იცრება, ის მხოლოდ თავის თავს კი არ აზარალებს, ის პრობლემას მის ირგვლივ მყოფებს უქმნის.

„არ ვიცი, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ სახელმწიფო ღოინისძიებების გატარება გახდება საჭირო. მთლად ძალდატანებაზე არაა, მაგრამ ისეთი პროფესიები, როგორებიცაა: რესტორანში მომსახურე პერსონალი, მასწავლებლები, ექიმები და ის ხალხი ვისაც საზოგადოებასთან აქტიური კონტაქტი აქვს, კატეგორიულად უნდა იყოს აცრილი. დანარჩენები ალბათ ინდივიდუალურად თავად გადაწყვეტენ, ამ შემთხვევაში კი კამპანია უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, რათა თითოეული დაარწმუნონ აცრის უვნებლობაში"- განაცხადა მან.

ხმალაძემ ვაქცინაციის იმ ტემპზეც ისაუბრა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც 2 ათასის ფარგლებამდე დაეცა.

„მემგონი უკვე იქამდე მივედით, რომ საერთოდ რომ ვინმე იცრება, მადლობა უნდა ვთქვათ. დაბალი ტემპის შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი აუცრელი რჩება, ის ჯგუფი, რომლებსაც თუ ვირუსი დაემართათ, სხვას კიდევ გადასდებს, ეს კი შესაძლოა გეომეტრიული პროგრესიით გავრცელდეს და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდეს.

„რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, ის უფრო მეტად ძლიერდება, ჯარი რაც უფრო მეტ ომში იღებს მონაწილეობას, მით უფრო გაწვრთნილი და ძლიერია. სპეცნაზს რომ ეძახიან, ესაა ის დანაყოფი, რომელიც მთელი ცხოვრება ვარჯიშობენ და ომობენ, ასეთი ათი კაცი შესაძლოა უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ასი ჩვეულებრივად მოუმზადებელი ჯარსიკაცი - ასეა ვირუსიც, პასაჟირება ჰქვია, როცა ვირუსი ერთიდან მეორე ადამიანზე გადადის, ის უფრო მეტად ძლიერია ბრძოლისთვის მომზადებულია, ადამიანს კი გამკლავება უფრო უჭირს.

„ექმებს ამიტომაც გვაქვს ატეხილი განგაში, რომ ყველა უნდა აიცრას, ამდენი ხანია აცრები მიდის, და ვაქცინირებულ ადამიანებში განსაკუთრებული გართულებები არ ყოფილა, ის დისკომფორტი, რომ ვიღაცას სიცხე მისცა, ან ხელი ეტკინა, ეს უმნიშვნელოა. უკვე იმაზე არ მაქვს საუბარი, რომ არიქა ვაქცინა დაჩიპვაა, სირცხვილია, ასეთი აზრები პირველყოფილი თემური წყობილების დროს არ იქნებოდა.

„ფაიზერზე" ადრე ამბობდნენ, რომ გამოუკვლეველი ვაქცინააო, ა ბატონო, დამტკიცდა, რომ უვნებელია, სერტიფიცირებულია, ამიტომაც მაქსიმალურად ყველას გთხოვთ გავაგებინოთ, რომ ესაა დადასტურებულად უვნებელი. ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს არსებული რისკები და აიცრას," - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×