
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შემაშფოთებელს უწოდებს ვაქცინაციის პროცესის მიმართ სკეპტიკური განწყობების გაღვივების მცდელობას და აცხადებს, რომ მზადაა პირდაპირ ეთერში გაიკეთოს აცრა, როგორც კი რიგი მოუწევს.
„გავიკეთებ როცა დრო მოვა. ახლა პირველ პარტიას ვერ გავიკეთებ იმიტომ, რომ იცით ალბათ, რომ კოვიდი შედარებით ახლახანს გადავიტანე და ჯერ არ მეკუთვნის. როგორც კი ჩემი ვადა მოვა, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში გავიკეთებ, სადღაც ალბათ აპირილის დასაწყისში", - განაცხადა ცერცვაძემ.
„რეზონანსთან" მან „ასტრაზენეკას" ვაქცინისადმი გაჩენილ სკეპტიკურ განწყობებზეც ისაუბრა.
„ეს ორი დღეა ასეთი შეშფოთებული არასდროს ვყოფილვარ, ეს რა მოვისმინე... როდესაც საქართველოს ჯერ საყვედურობდნენ, რომ ვერ შემოგაქვთ, არ ვარგიხართ, უნიათოები ხართ, როდესაც მართალია ორი კვირის დაგვიანებით, მაგრამ ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინა მაინც შემოიტანა, საშინელი კამპანია წავიდა პირველ რიგში „მთავარი არხის" მიერ და არა მარტო ამ არხის - პირველ რიგში ექიმებს და მთლიანად მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ არ გაიკეთონ, რომ ეს არ ვარგა და რომ ეს არის ადამიანებზე ექსპერიმენტი, რომ ქვეყნის მთავრობა ამ ადამიანებს წირავს.
„ასტრაზენეკა" ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, მას გვერდითი მოვლენები ნაკლები აქვს, ვიდრე „ფაიზერს" და „მოდერნას". მართალია, 4 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არა ვაქცინის გამო. ამ ვაქცინის 11 მილიონი დოზაა გაკეთებული და ამ ოდენობის ადამიანებიდან ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და რითი გარდაიცვალა, ჯერ არავის დაუდგენია. ევროკავშირმა და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომ ეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული არაა.
„მეორე, თუ მაინცდამაინც იტყვი, რომ „ასტრაზენეკა" გაკეთებული ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, „ფაიზერ" გაკეთებული 23 ადამიანი გარდაიცვალა და რა სინდისით ამბობს „მთავარი არხი" თუ ვიღაცა სხვა, რომ „ასტრაზენეკა" ცუდია და „ფაიზერი" კარგი?!
„ნუ დაგვავიწყდება, რომ ისეთი ლიდერი ქვეყნები, როგორიცაა ინგლისი და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, ექსკლუზურად „აქსტრაზენეკათი" იცრება. ინგლისი ამერიკული ვაქცინებით არ იცრება. როგორ ფიქრობთ, ინგლისის ჯანდაცვის სისტემას, ხელმძრვანელობას ან ხალხს „მთავარ არხზე" ნაკლები ცოდნა, გამოცდილება და პატრიოტიზმი აქვს?
„მსოფლიოს 50 ქვეყანა „ასტრაზენეკათი" იცრება. ჩვეულებრივი ადრეული გვერდითი მოვლენები ამ ვაქცინას ორჯერ და სამჯერ ნაკლები აქვს, ვიდრე „ფაიზერს", - განაცხადა ცერცვაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.