თამთა ჩაჩანიძე
16.11.2020

სააკაშვილი ცდილობს, რომ როგორმე ოპოზიციას შეეტენოს და ისე მოაწყოს, თითქოს მას მთელი ოპოზიცია ჩამოსვლას სთხოვს, რაც ჯერჯერობით არ გამოსდის, აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ექსპრეზიდენტის გარშემო ბოლო დროს ოპოზიციურ ფლანგზე გაზრდილი ვნებათაღელვის კომენტირებისას და ასკვნის, რომ „სააკაშვილის ფოკუსებს არავინ არ უნდა აჰყვეს."

„რამდენად სწორია ერთიან მიტინგზე ერთ ლიდერზე საუბარი? მგონია, რომ არაკორექტული იყო ის, რომ სააკაშვილი ცდილობს, როგორმე ოპოზიციას შეეტენოს და აიძულოს, რომ მას ჩამოსვლა სთხოვონ, რათა მერე გაამართლოს, რომ თქვენ ხომ მთხოვეთ და იმიტომ ჩამოვედიო, ანუ საქართველოზე არ უნდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება და უნდა რომ ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციას გადაუნაწილოს, რომლებსაც სააკაშვილი გულზე სულაც არ ეხატებათ.

„ოპოზიციის უდიდეს ნაწილს და მათ ამომრჩეველს (მათ შორის მეც), გულზე არც „ქართული ოცნება" და არც „ნაცმოძრაობა" არ ეხატება, ჩემთვის ორივე ერთი და იგივეა, ორივე პარტია წარსულია. როცა მე, რიგითი მოქალაქე ვხედავ, რომ სააკაშვილი დანარჩენ ოპოზიციას თავის თავს ცხვირში როგორ ჩრის, ეს ძალიან უხეში და არაკორექტული ნაბიჯია.

„ცალსახად შეიძლება ითქვა, რომ ოპოზიციის ერთობა გაყალბების წინააღმდეგ და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაში ურყევია, მაგრამ სააკაშვილის ფოკუსებს არავინ არ უნდა აჰყვეს, აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას" სახელწიფო სულ არ ადარდებს და მთელი პრობლემა „ნაცმოძრაობაზე" გადააქვს, ანუ ამით მონსტრს ქმნის, რათა საზოგადოება შეაშინოს. ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ამ ნარატივს გაემიჯნოს და თქვას, რომ „ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი ერთადერთი ოპოზიცია არაა.

„თუ „ნაცმოძრაობამ" 27% მიიღო, ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების" სინდისზეა, რათა შექმნა განცდა, რომ ეს პარტიაა მთავარი, ყველა კვლევა კი აჩვენებდა, რომ მათი რეიტინგი მხოლოდ 15% იყო.

„ჩემი აზრით „ნაცმოძრაობის" მოქმედება სრულიად მიუღებელია, ოპოზიციის რეაქცია სააკაშვილის სეგმენტში სწორია, თუმცა მოვუწოდებ ყველას და ჩემი მოწოდებაც არც სჭირდებათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შექმნან განცდა, რომ ოპოზიცია ირღვევა, რადგან მთავარი ამოცანა არა სააკაშვილი, არამედ რიგგარეშე არჩევნების მიღწევაა.

„ნაცმოძრაობას" შესაძლოა განხეთქილების მიღწევა უნდა და თვითონ „ქართული ოცნებისთვის" „საყვარელ" ოპოზიციად დარჩენა სურდეს, მაგრამ ოპოზიციამ ამის საშუალება არ უნდა მისცეს. „ნაცმოძრაობა" კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის უნამუსოდ იქცევა, როცა წინ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ვინმე სააკაშვილს წარმოაჩენს, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სამართლებრივად საქართველოსთან არაფერი საერთო არ აქვს, მან მოქალაქეობა თავის თავს თითონ ჩამოართვა თავისივე მიღებული კანონით.

„თუ ჩამოსვლა უნდა, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, აგერ თვითმფრინავი, ბილეთი, აგერ სალარო და ჩამოფრინდეს, პროკურატურა დახვდება, ჩასვამენ ციხეში, სადაც ერთ კვირაზე მეტი ვერ იქნება იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო აყვირდება და სწორიც იქნება, პრეზიდენტების ციხეში ჩასმა არ შეიძლება და სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მისი შეწყალება მოუწევს. სააკაშვილმა ეს პროცედურა ძალიან კარგად იცის, მაგრამ უნდა, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციას აკიდოს და თქვას, თქვენ დამიძახეთ, თუმცა მას არავინ არ ეძახის და ყველა ეტყვის, რომ შენ ჩამოხვედიო და მერე როგორც კი ციხიდან გამოვა, ის საქართვლოს ტერიტორიაზე მოყიალე ერთ-ერთი რიგითი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ „ლელოს" ახლანდელი პოზიცია გასაგებია, რადგან თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული, რომ „ქართული ოცნების" მმართველობა მათთვის მიუღებელი იყო, თუმცა არა „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებით, თუმცა მისივე აზრით, მიუხდავად ყველაფრისა ოპოზიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

„ყველა შემთხვევაში მგონია, რომ ოპოზიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს, შესაძლებელია გარკვეული პლაკატები დარიგდა, რომელიც თბილისსა და ბათმშიც მოხდა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს საერთო მიზანი ამოძრავებთ, თუმცა ამავე დროს პარტიული ინტერესებიც აქვთ.

„თავის დროზე ლელომ გააკეთა განცხადება, რომ მათ „ქართული ოცნება" არ სურთ, თუმცა „ნაცმოძრაობის" დაბრუნებაც არ უნდათ. „ნაცმოძრაობას" კი ბუნებრივია, რომ სააკაშვილის დაბრუნება სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთიანობაა მთავარი, რის გარეშეც საბოლოო მიზანი ვერ მიიღწევა, პარტიებმა ერთმანეთის პოზიციებს პატივი უნდა სცენ, სააკაშვილის ფაქტორის გამო დაპირიუსპირებები არ უნდა იყოს. ყველა პარტიამ ერთმანეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს."- განაცხადა ჩიტაძემ.

ბათუმის აქციის დატოვებასთან დაკავშირებით „ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტება გააკეთა, მისი აზრით, პარტია ერთობლივ აქციებზე მხოლოდ ერთი, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის გამოა, ხოლო ლოზუნგები „მიშა ჩამოდი", „ვითხოვთ მიშას" ლელოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ვინც ამ აქციებს აკვირდება, გაუგებრობას იწვევს და ნათელი აღარაა თუ რა არის ოპოზიციური პარტიების მანიფესტაციების თუ მიტინგების მიზანი, „ლელოს" მონაწილეობის ძირითადი მოტივი ისაა, რომ გაყალბებულ არჩევნებს ერთობლივად ვაპროტესტებთ და ახალი არჩევნების ჩატარებას ვითხოვთ, ნებისმიერი სხვა ლოზუნგი, რომელსაც შეიძლება გაყალბებულ არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ დაბნეულობას იწვევს, ხელს უწყობს იმას რაც მოხდა.

„არანაირი კავშირი ამ მოთხოვნას („მიშა ჩამოდი") ლელოსთან არ აქვს, ყველა მოქალაქეს უფლება აქვს ხელში ნებისმიერი ლოზუნგი ეჭიროს, მაგრამ უნდა გვესმოდეს,რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ერთი გარკვეული მიზეზის გამო ვმონაწილეობთ, მოქალაქეებს თუ რაიმე სხვა მოთხოვნები აქვთ, რომლის უფლება რა თქმა უნდა აქვთ, ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია ცალკეაქციის ჩატარება, მაგრამ ეს ვერ იქნება ამ ერთობლივი ჩვენი ძალისხმევის შედეგი."- განაცხადა „ტვ პირველის" ეთერში ბადრი ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა კი აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ბანერების განთავსება პარტიის მიერ დაორგანიზებული არ იყო.

„ასეთი რაღაცები კეთდება ინდივიდუალურად ადამიანების მიერ. ეს არ არის პარტიის მიერ დაორგანიზებული ხალხი, ვინც ბანერებს განათავსებს. ადამიანს, რომელიც თავად გადაწყვეტს ბანერი აწიოს, მას საჯაროდ ვერ გავკიცხავთ და აქციაზე ყოფნას ვერ დავუშლით. მეორეა, ჩვენ რომ მსგავსი რამის ორგანიზება გვჭირდებოდეს, მერწმუნეთ, ამას ბევრად ეფექტურად გავაკეთებთ. მგონი, ამ საკითხზე ამომწურავი კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა თავად გააკეთა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×