
რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მწვავე სცენარზე აქტიურად ალაპარაკდა, საუბარია იმაზე, რომ კონფლიქტში ფედერაციის ჩართვის შემთხვევაში, სომხეთში რუსული გიუმრის სამხედრო ბაზის საბრძოლო ტექნიკით გაძლიერება და მომარაგება მოუწევს. რუსმა ჟურნალისტმა გადაცემა „60 წუთის" წამყვანმა ევგენი პოპოვმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ექსპერტის რეპოსტი, სადაც სომხეთში რუსული ბაზის მომარაგების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეზე თავდასხმაა შეთავაზებული.
„კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, რუსული ძალების გაძლიერება აუცილებელია და ვისი მეშვეობით უნდა მოხდეს? აზერბაიჯანის შემთხვევაში, თურქეთი ძალიან ახლო მოკავშირეა, თუმცა საქართველოს საჰაერო ძალების განადგურება, რომელიც ტვირთის გადასატანად მხარეს ფრენის საშუალებას არ აძლევს, ეს საკმაოდ შესაძლო სცენარია," - აღნიშნულია შეტყობინებაში.
როგორც ექსპერტმა უსაფრთხოების სკაითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნა, თუ რუსეთმა ვითარება ამ სცენარით წაიყვანა, საქართველო-რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყება.
„თუ ყველაფერი ასე მოხდა, როგორც ჩანს, საქართველოს და რუსეთს შორის მეორე საბრძოლო მოქმედებები დაიწყება. რუსები ამ სცენარს ითვალისწინებენ და გარკვეული გეგმაც აქვს შემუშავებული. ამ ზაფხულს შემთხვევით არ ხდებოდა ხურვალეთის მიმართულებით ოკუპაცია, მათ თავხედურად თბილისი-გორის მაგისტრალამდე ჩამოინაცვლეს, ასევე კიბერშეტევა განხორციელდა და „ნოვიჩოკის" დამზადება საქართველოს დააბრალეს, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ომის ერთგვარი სახეა და უკვე ომის წინაპირობების შექმნაა.
გორი-თბილისის მაგისტრალი პირდაპირ სომხეთის მიმართულებით მიდის, ესაა ჩვენი მთავარი მაგისტრალი და ამის დაკავება ჩვენი ქვეყნის პარალიზებაა. მით უმეტეს, რომ დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არაა და ფორმალურად საომარ მდგომარეობაში ვართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირის სამხედრო მისია რამდენად იმუშავებს, ამაზე საუბარი რთულია.
ჩვენ უკვე უსაფრთხოების ჩიხში ვართ შესული, ყარაბაღის ომმა ჩიხში არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ საქართველოც შეიყვანა, გარკვეულწილად თურქეთიც და რუსეთიც. შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ რუსებმა და თურქებმა სამშვიდობო ოპერაცია განახორციელონ და ჩვენს ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობოების გატარება მოგვთხოვონ. ამ სცენარს დაახლოებით ერთი წლის წინ ვპროგნოზირებდი.
„საჰაერო სივრცის შემთხვევაში თუ წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, ეს სუვერენიტეტის შებღალვა იქნება. როგორც აღვნიშნე, ვართ უსაფრთხოების ჩიხში, მარჯვნივ წახვალ და თავს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ და ცხენსაც დაკარგავ და თავსაც და რა მნიშვნელობა აქვს?! ესაა ფაქტიურად რუსებისგან ფარული ულტიმატუმი, რა მნიშვნელობა აქვს აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა თქვა თუ ვინ თქვა. ეს ფარული, სიგნალური დიპლომატიური ელემენტებია. იმედია, საქმე აქამდე არ მივა.
„რუსებისგან უკვე სირიიდან დაქირავებული მებრძოლების გადასროლაზეა საუბარი, არის იმაზე საუბარი, რომ სავარაუდოდ ეფ-16 ტიპის თვითმფრივანი ჩამოაგდეს, შესაბამისად საბრძოლო მოქმედებებმა შესაძლოა ან ერთი ან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თურქეთი და რუსეთი ჩაერთოს, რეგიონალურ ომამდე ფაქტიურად ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
„რუსეთისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტია, რომ კავკასიის რეგიონი თავისი გავლენის ზონაში შეიყვანოს, ანუ 1921 წლის თებერვლის სუნი ტრიალებს, ამისი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია იხატება, ამერიკაში არჩევნებია და არ სცალია, ევროკავშირშიც საკმაოდ სერიოზული გაურკვევლობებია და რუსეთი როგორც ჩანს ცდილობს, რომ დრო იხელთოს," - განაცხადა მაისაიამ.