მძღოლმა მორიგი საჯარიმო ქვითარი გაასაჩივრა
რეზონანსი
24.05.2020

საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა” კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო ახლახან უზენაეს კანონს გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამდენად, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში შუქნიშნები, საგზაო მონიშვნა და საგზაო ნიშნები დედაქალაქშიც კი ვერ შევუსაბამეთ „ევროსტანდარტებს“ და მძღოლები უსაფუძვლოდ ვაჯარიმეთ ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს... 

საგზაო მოძრაობის წესებს (მათ შორის ევროპულსაც) საკმაოდ კარგად ვიცნობ, მაგრამ, წელი არ გავა, თბილისელმა პოლიციელებმა რომელიმე „აქოური წესის“ დაუცველობაში არ დამადანაშაულონ... დაჯარიმებული ვარ არარსებული „სდექ ხაზის“ გადაკვეთისთვისაც, „შუქნიშანის გამორთულ სექციაზე გავლისთვისაც“, „აკლოტესტში არჩაბერვისთვისაც“, აშკარად არაგონივრულად დახაზული „მონიშვნის დაუცველობისთვისაც“ (მაგ., რუსთაველის გამზირზე „ამოსულ“ ზეთისხილის ხესთან. აქ დღეში 30 – ზე მეტი მძღოლი უკანონოდ ჯარიმდება უსაფრთხოდ მობრუნებისთვის ...). შესაბამისად, არცთუ იშვიათად მიწევს საპატრულო პოლიციის ულამაზეს შენობაში საჩივრის შეტანა (არადა ავტომუზეუმისთვის იქნებოდა ზედგამოჭრილი...), შემდეგ კი ქალაქის მეორე ბოლოში, ფაქტობრივად, შუკაში განთავსებულ საქალაქო სასამართლოში სტუმრობა. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრებს მოსამართლეები (ძირითად ქალბატონები, რომლებსაც მართვის უფლება არ გააჩნიათ...) დღემდე 2005 წლის 5 მაისს საზეიმოდ გახსნილი შენობის სხვენში იხილავენ (არადა, ევროპაში სასამართლოებია საუკეთესო შენობებში...) და, რიგ შემთხვევებში, მძღოლების არგუმენტებსაც იზიარებენ... ფაქტია, რომ 10 წლის წინ საპატრულო პოლიციას სააპელაციო ინსტანციაშიც მოვუგე დავა, თუმცა დღემდე არ შეუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე... ხოლო, ერთხელ სამართლიანობის აღსადგენად ბათუმშიც კი ჩავედი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სამართლის (სრულიად აბსურდული...) ნორმა (ასკ 117.1), რომელიც პოლიციელებს უფლებას აძლევდა კანონმორჩილი, მაგრამ პრინციპული მძღოლებისთვის 3 წლით ჩამოერთმიათ მართვის უფლება... 

ამჯერად, უფროსმა პატრულ-ინსპექტორმა გიორგი მიდელაურმა 10 ლარიანი საჯარიმო ქვითარი ქიქოძის ქუჩაზე შემიდგინა, თუმცა, დამაჯერებლად ვერ განმიმარტა, კანონის რა მოთხოვნა დავარღვიე, რის გამოც, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მისი გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა. 

მაღაზიასთან სულ რამოდენიმე წუთით შევჩერდი, მანქანიდან არც კი გადმოვსულვარ, პოლიციელები რომ მომიახლოვდნენ, მგზავრი უკვე უკანა სავარძელზე იჯდა და დაძვრას ვაპირებდი. ამ ადგილას არც საგზაო ნიშანი მიკრძალავს გზის მარჯვენა მხარეს დგომას ან გაჩერებას და არც ფეხით მოსიარულეთათვის შემიქმნია რაიმე დისკომფორტი. ფაქტია, რომ ოქმის შედგენის მომენტში , „კორონას“ შიშით, არც ქუჩაში იყო ვინმე... ამდენად, ვთვლი, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კიდევაც რომ რაიმე წესი დამერღვია, პოლიციელების მხრიდან ასკ 22–ე მუხლით გათვალისწინებული „სიტყვიერი შენიშვნა“ სრულიად საკმარისი იქნებოდა. 

ფაქტია, რომ ქიქოძის ქუჩის დასაწყისში, გზის მარცხენა მხარეს, პარკირებისთვის განკუთვნილი ზოლი მუდმივად შევსებულია, ხოლო გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მაღაზიებთან ხშირად ჩერდება მანქანები, რის გამოც სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც კი უწევთ „პატრულირება“. ამდენად, ერთი საგზაო ნიშნის („გაჩერება აკრძალულია“) დამონტაჟება პრობლემას მოხსნიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მერიის შესაბამისი სამსახურის მესვეურებიც დაინტერესებული არიან, პოლიციელებმა რაც შეიძლება მეტი ოქმი შეადგინონ... 

ფაქტია ისიც, რომ 100 თბილისელი მძღოლიდან („ევროპელი ქართველიდან“!) საჩივარს მხოლოდ ერთი თუ წერს... სამაგიეროდ, დიდმა ნაწილმა მოძრაობის წესები სათანადოდ არ იცის (თუნდაც, შუქნიშნის დამატებითი სექციის დანიშნულება...), ზოგიერთი კი, მართვის მოწმობის გარეშე და ნასვამიც ჯდება საჭესთან, რის გამოც გზებზე დატრიალებული ტრაგედიებით ევროპის მაშტაბით კი არა, მგონი, მსოფლიოშიც ვართ პირველები... დარწმუნებული ვარ, გამოვლენილი სამართალდარღვევების რიცხვითაც შევალთ გინესების წიგნში, მითუმეტეს, რომ დედაქალაქის ცენტრშიც კი (მაგ., თავისუფლების, ათონელისა და გორგასლის მოედნებზე, რუსთაველის გამზირზე) საგზაო მონიშვნაც არგონივრულად არის დატანილი და საგზაო ნიშნებიც არასწორად დგას. 

შთაბეჭდილება მრჩება, მოძრაობის უსაფრთხოებაზე და სამართადარღვევების პრევენციაზე ზრუნვის ნაცვლად, დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს საპატრულო პოლიციელებს ტოტალიტარიზმისდროინდელი „გაიშნიკებივით“ თხოვენ „გამოვლენის გეგმების“ შესრულებას, რის გამოც ვერც არასწორად დატანილ საგზაო მონიშვნას ამჩნევენ, ვერც კანონდარღვევით დამონტაჟებულ საგზაო ნიშნებს ან შუქნიშნებს და ვერც ავტოავარიების თავიდან აცილებაზე ზრუნავენ ეფექტურად (ფაქტობრივად, მხოლოდ ტრაგიკულ შედეგებს აღრიცხავენ...). სამწუხაროა, რომ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც მრავალ ოჯახს „ამოუტრიალდა ცხოვრება“, რაზედაც პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საპატრულო პოლიციის მესვეურებს ვაკისრებ. 

საპატრულო პოლიციელი, ბიუჯეტის შევსების ნაცვლად, პირველ რიგში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე უნდა ზრუნავდეს, ხოლო თუ რომელიმე „სამართალდამცავმა“ მთელი დღის განმავლობაში ისე ეფექტურად დაიცვა წესრიგი, რომ ოქმის შედგენაც კი არ დასჭირდა, მისი „ზემდგომები“ საყვედურის ნაცვლად მადლობას უნდა უბნებოდნენ და მატერიალურადაც ახალისებდნენ. შესაბამისად, მიუღებლად მიმაჩნია, უმნიშვნელო სამართალდარღვევებისთვის ან სრულიად უსაფუძვლოდ ოქმების შედგენა იმ ადგილებზე, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ საგზაო ნიშნები ან/და მონიშვნა აშკარად არაგონივრულად არის დატანილი. ფაქტია, რომ თბილისის ცენტრშიც მრავალი ე. წ. საპოლიციო (საგზაო) მახეა „დაგებული“... 

იმ გარემოებასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ შსს-სა და საპატრულო პოლიციის მესვეურებისადმი არაერთგზის მმიმართვის მიუხედავად, საპატრულო პოლიციელების ფორმის ტანსაცმელი (მაისური და ქურთუკი) დღემდე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერებით არის გაფორმებული... თუ გავიხსენებთ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პოლიციელებმა ავტომობილებზე, რომლებიც „საქართველოს ემსახურებიან“ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სანომრე ნიშნების ნაცვლად შპს-ების რეკლამებიც კი მიამაგრეს, ნათელი უნდა იყოს, რომ სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა ან/და აბუჩად აგდების) გამო, ქვეყანაში სერიოზული პრობლემები, არა მარტო საგზაო მონიშვნასა და საგზაო ნიშნებთან მიმართებით არსებობს... რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია, სამართალდამცავი ორგანო არღვევდეს უზენაეს კანონს და უგულვებელყოფდეს სახელმწიფო ენას ან „ლობირებდეს“ რომელიმე საწარმოს.

 

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დათუნია   (25.05.2020)
საერთოდ რა არის გონივრულად გაკეთებული? ყველაფერი არის გაკეთებული მახის პრინციპით, რომ უბრალო მოქალაქე მაქსიმალურად დაიჩაგროს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×