დიდი ილიას პერიფრაზი გამოვიტანე სათაურად. მიმხვედრი მიხვდება, რატომ. ეს წერილი არაა ევროპის წინააღმდეგ მიმართული. იგი უფრო მათდამია, ვინც ბრმად და, ხშირად კი, დეფორმირებულად აღიქვამს ევროპის პრიმატს ჩემს ქვეყნანაზე. მათ საყურადღებოდაა, ვისაც ნებისმიერი ევროპული წესი თუ ჩვეულება ევროპული ღირებულება ჰგონია და უპირობოდ ემხრობა მათ მექანიკურად გადმოღებას. ასეთები, თუ საინფორმაციო საშუალებებით და ინტერნეტით ვიმსჯელებთ, არც ისე ცოტაა.
ევროპული ღირებულებები საუკუნეებით ყალიბდებოდა - ომებში, სისხლში, ცეცხლში გამოვლილმა მიიღო დღევანდელი სახე. ზემოთნახსენებ ნაწილს, ჩვენი ხალხისა, რომ ჰკითხო, - ჩვენ თუ გვაქვს რაიმე ისეთი, რასაც ევროპას მივცემთ, რაც ევროპისთვის მიგვიციაო, - არ თუ ვერ გიპასუხებენ. სულ რამდენიმე მაგალითს მოვიტან, რითაც ვეცდები, ვაჩვენო, რომ არც ისე „ჯაბანნი" ვყოფილვართ. მიგვიცია კიდეც და ახლაც ვაძლევთ ადამიანურ ღირებულებებს.
ევროპული რენესანსის საფუძვლებს ფსევდო-დიონისე არეოპაგელის შრომები რომ შეადგენს, ამაზე, ჩემი ცოდნის სიმწირის გამო, აქ არ შევჩერდები. ამის შესახებ ჩემზე ბევრად ძლიერი მოაზროვნეების ნაფიქრი და ნამუშევრები გეტყვიან. მე უბრალოდ, მთავარი დასკვნა წარმოვადგინე. არც ინკვიზიციაზე ვიტყვი რამეს. ბოლოს როდის დაწვეს ცოცხლად ადამიანი ცეცხლზე მისი შეხედულებების გამო, ეს არგუმენტი ჩვენს უპირატესობას უსვამს ხაზს.
მეთორმეტე საუკუნეში მეფედ რომ ქალი გვყავდა - არც ასეთი რამ დასიზმრებია ევროპას. ინგლისის დედოფალს თუ არ ჩავთვლით - უუფლებო, დეკორატიულს, - სხვა მაგალითებს ვერ ვიხსენებ ან ძალიან მწირია. ევროპის მთავარი ღირებულება: ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია ამ ქვეყანაზე. ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებაა. მისი აღიარებით და კანონებით ხორცშესხმით ევროპამ ნამდვილად დიდი, ჰუმანურობის უმაღლესი მაგალითი მისცა დედამიწას.
მაგრამ, გინდა თუ არა, აქ ერთი „მაგრამ" წამოტივტივდება, წინ არ გიშვებს, გვერდის აქცევას არ განებებს. რამდენიმე წლის წინ ერთმა ორფეხა ცხოველმა ოთხმოცამდე ახალგაზრდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ნორვეგიაში თავმოყრილი, ერთმანეთთან დაძმობილების მოსურნე გოგონა და ბიჭი მოკლა. გაასამართლეს მკვლელი. ევროპაში ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მაღალი ღირებულება რომაა, იმ ცხოველს სიკვდილს ვერ მიუსჯიდნენ. სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.
ვთვლი, რომ სამართლიანადაა გაუქმებული. ამიტომ ვერ მიუსჯიდა ევროპული სასამართლო ასამდე ახალგაზრდის დახვრეტის გამო მკვლელს სიკვდილს. მიუსაჯა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა. ევროპული ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა და ამ პრინციპით იხელმძღვანელა სასამართლომ. შედეგად რა მივიღეთ? მკვლელის სიცოცხლე ყოფილა უმაღლესი ღირებულება და იმ გოგონების და ბიჭების სიცოცხლე არა. თუ, რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს, „მკვდარს რაღა ეშველება"-ოს პრინციპი ამოქმედდა და სამუდამოს მაგიერ ოცი წელიწადი აკმარეს. აქ ვიბნევი - ვერანაირ ლოგიკურ, ჰუმანურ, ღირებულებით ახსნას ვერ ვუძებნი ამ ოცი წლის სასჯელს. მახსენდება ოლღა გურამიშვილის თხოვნა სასამართლოსადმი - ილიას მკვლელებს სიკვდილით ნუ დასჯითო. შედარება და დასკვნა თქვენთვის მომინდვია. ემპათიის შესახებ: ეს ტერმინი ოდნავ გვიან შემოვიდა საქართველოში. მისი მნიშვნელობა, არ დაგიმალავთ, ბოლომდე მეც არ მესმის. სამაგიეროდ, ჩვენ ისე გაგვზარდეს, რომ სულში ღრმად ჩაგვინერგეს სხვისი ჭირის თუ სიხარულის გაზიარების უნარი. სხვისი მდგომარეობაში შესვლის, მისი გათავისების ნიჭში ჩემს ხალხს ვერავინ შეედრება.
„ხან იფიქრებდა უდედოდ, გაზრდა ვინა სთქვა შვილისა, იქნება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა". ეს არაა გუშინდელი ნათქვამი. საუკუნეების და საუკუნეების წინ ნათქვამია. ამის მთქმელ ერს ემპათია არ ესწავლება. იქით ვასწავლით. ისევე როგორც ევროპის გაერთიანების იდეა ვასწავლეთ - ერთმა ქართველმა კაცმა, მიშელ მუსხელმა - მიხეილ მუსხელიშვილმა - ლომის წვლილი შეიტანა ამ იდეის ჩამოყალიბებასა და მის განხორციელებაში. აი, რა მივიტანეთ და რა მიგვაქვს ჩვენ ევროპაში. ცარიელი ხელებით არ შევდივართ. ვერავინ დაგვაყვედრის, „კოლმეურნეობაში ცარიელ-ტარიელი შემოვიდაო".
ზემოთ სამართლიანობის და სამართლის აღსრულების თემას შევეხეთ. აქ ალექსანდრე ყაზბეგი რომ არ გავიხსენო, არ შემიძლია. თემის, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მამამ დასაჯა საკუთარი შვილი. ერთპიროვნულად დასაჯა. სიკვდილით დასაჯა. დასაჯა თუ არა, მაშინვე მოკვდა მასში მმართველი. მამამ შვილის სიკვდილით დასჯისთანავე გაიღვიძა ხევისბერში. ეს უბრალო დრამა არაა. ეს უმაღლესი ფილოსოფიაა - ვალდებულებისა და უფლებისა.
იგივე ეპოქაში, მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა პროსპერ მერიმეს „მატტეო ფალკონე". თემის, ერის, ადამიანობის, მეგობრობისადმი ვალდებულებაა აყვანილი უმაღლეს რანგში. მამა დამნაშავეს, ოღონდ ბავშვს, მატერიალურით ცდუნებულ შვილს სჯის სიკვდილით. ვალდებულების ფილოსოფიაა, რომელსაც არ ახლავს უფლების ფილოსოფია. აი, ეს მივიტანეთ ჩვენ ევროპამდე.
სტუმარი რომ ღვთისაა და ხელშეუხებელი, ესეც ჩვენ მივიტანეთ ევროპამდე - გენიალური „სტუმარ-მასპინძლით". ერის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მავალს თემიდან განკვეთა რომ ელის, ესეც არ ახალია (ისევ გენიალური ვაჟა). დინების წინააღმდეგ მოცურავეს, თუნდაც მართალი იყოს, ჩვენშიც და ევროპაშიც ერთნაირი ბედი ელის. ორივეგან გვიან აღმოაჩენენ მის სიმართლეს. ორივეგან გვიან მიაგებენ დამსახურებულ პატივს - მისთვის დაგვიანებულს. ვფიქრობ, საკმარისი მაგალითები მოვიტანე, რა მიგვქონდა და მიგვაქვს ჩვენ ევროპაში.
სამაგიერო რა მივიღეთ? ჯერჯერობით, მოსალოდნელზე უფრო ნაკლები. საჭმელს, სასმელებს, ჩასაცმელს, ავეჯს, მანქანებს და სხვა მატერიალურს არ ვგულისხმობ. ამაში ფულს, - ოფლით და სისხლით გამომუშავებულ ფულს, - ვიხდით. აღმაშენებელმა ევროპელი მხედრების ყოფნა დიდგორზე წარმოუდგენლად გაბუქა. უნდოდა მტრული გარემოცვისთვის ეჩვენებინა, ევროპააო ჩვენთან. დიდგორით ევროპასაც შევეხიდეთ - თუმცა ევროპისგან, როგორც უკვე ვთქვი, ბევრი არაფერი. სულხან-საბას ელჩობა წარუმატებელი აღმოჩნდა - ევროპას ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდოდა. არც აიტკია ისედაც ბევრჯერ ატკივებული თავი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ხანმოკლე დამოუკიდებლობის წლებშიც დიდად არ შეუწუხებია თავი. ისე ადვილად ჩამოაჭრევინეს თურქეთს ფართო და ულამაზესი ტერიტორია, ნერვიც არ გატოკებია.
ოთხმოცდაათიან წლებში, დამოუკიდებლობა რომ ხელახლა მოვიპოვეთ, არც მაშინ გამოუჩენია დიდი ენთუზიაზმი, დავეხმაროთ ახალ დემოკრატიასო. პირიქით გვიკიჟინებდნენ - რეიგან-გორბაჩოვის მოლაპარაკებაში რუსეთს ერგეთ და დანებდითო ბედს. კიდევ უფრო მტკივნეული, ევროპის მიერ ახალი დემოკრატიის გაყიდვა იყო. სხვას ვერ დავარქმევ - ვლაცლავ ჰაველის გარდა არ აღმოჩნდა ევროპაში მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ობიექტურად შეაფასებდა სიტუაციას და არ აჰყვებოდა შინაგამყიდველების მიერ ევროპაში ჩატანილ ბოროტ სიცრუეს და ტყუილს.
კანონიერი ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალებით დამხობა ვინ, რომელმა ქვეყანამ გააპროტესტა, ვინმეს გახსოვთ? დამხობის მერე, ერთი-მეორის მიყოლებით რომ ცნეს ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს რა იყო?! - ფარისევლობა თუ მადლიერება ერთი პიროვნებისადმი, რომელმაც სამოქალაქო ომი გააჩაღა საქართველოში, მერე აფხაზეთში ატეხა ომი და მიაღწია „დე ფაქტო" ორი რეგიონის მოწყვეტას. მისმა გამოზრდილმა გველებმა „დე ფაქტო", ათამდე ქვეყნისთვის, „დე იურედ" აქციეს. ახალი საუკუნის პირველ ოცწლეულში ქვეყანამ სერიოზული განაცხადი გააკეთა ევროპასთან შესაერთებლად.
დაიბადა იდეა, 2024 წელს შეგვეტანა განაცხადი ევროპის გაერთიანების კანდიდატობის მიღებისა და 2030 წლისთვის ევროგაერთიანებასთან შეერთებისთვის. მაგრამ, ეს იდეა ჩაიკარგა სხვა, ახალგამომცხვარ იდეაში - ჩაგვრთეს სამეულის შემადგენლობაში და ფორსირებულად დააპირეს მოვლენების განვითარება. თან, ჩვენთვის არასასურველი სცენარით. აღმოჩდნენ შინა და გარეწრები, რომელთა შრომამ აჯობა საღ აზრს - სამეულიდან მხოლოდ ჩემს ქვეყანას არ მიანიჭეს ევროგაერთიანების წევრობის კანდიდატის ხარისხი. ორს მიანიჭეს. შინაწრები, გარეწრებთნ ერთად იქ, ევროპაში იმ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ, ვინც ეს დადგენილება გაიტანა.
აქ მომცრო ფრჩხილებს გავხსნი: ევროპამ ყველაფერი გააკეთა ბელორუსის მოსაკვეთად. ვთქვათ მართალი - ევროპამ სულ წიხლისკვრით მიჩიხა ბელორუსი და მისი ლიდერი ლუკაშენკო კრემლის კედელთან. დაუკვირვებელი თვალიც კი, ადვილად მიხვდება, რომ „დემოკრატიის" იდეები სულაც არ აღელვებდა იმ ძალებს, რომლებმაც ბელორუსი არადემოკრატიულად გამოაცხადეს, ლუკაშენკო კი, სისხლისმსმელ დიქტატორად. დარწმუნებული ვარ, ბელორუსის სახელმწიფო ქონების გადანაწილება და კერძო პირების ხელში ჩაგდებაზე იყო ბრძოლა. ევროპელი დამკვირვებლები მრავლად იყვნენ პრეზიდენტის არჩევნებზე. დარღვევებიო და ხმების მიწერებიო, მაინცდამაინც არ უყვირიათ. ლუკაშენკომ ხალხი მოისყიდაო - ეს იყო ევროულტრალიბერალების ისტერიის მთავარი ლოზუნგი. ხალხმა ლუკაშენკო აირჩია. თუ დემოკრატიის პრინციპებია მთავარი, რატომ ბელორუსი ხალხის, ან უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს ევროპა?! არადა, ნამდვილად არ სცემს პატივს. უნგრეთს ვერაფერს მოუხერხებდა - უნგრეთი წონიანი ქვეყანაა. ბელორუსი კი კუთხეში მიიმწყვდიეს და კრემლისკენ გასასვლელის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს. შედეგი? ბელორუსი შევიდა კრემლთან კავშირში.
ბოლომდე მაინც არ მიეყიდა - ბელორუსიდან რუსეთი ვერ ახორციელებს შეტევას უკრაინაზე. ეს რომ შესძლებოდა, უკრაინას მოუწევდა ორ ფრონტზე ომი. არ უწევს. ჩვენ გვიკიჟინებდნენ, მეორე ფრონტი რუსეთს დაასუსტებსო. ვისაც ეს არ გჯერათ, მიატოვეთ კითხვა - თქვენთან არგუმენტებით საუბარს აზრი არ აქვს. ევროდეპუტატები გვიკიჟინებდნენ ამას. ევროდეპუტატი კი, საყოლიას სოფლსაბჭოს დეპუტატზე გაცილებით ძალმოსილია. მათთან უნისონში დაგვბღაოდნენ ჩვენი გარეწრები, ისინი, ვინც 2008 წლის ომის დროს ევროპაში ერთობოდნენ. „ასეთ მშვიდობას მირჩევნია ბომბები მაცვიოდესო" - გადამთიელს არ უთქვამს ეს. ქართველმა ბრძანა. არ მოგვცეს კანდიდატობა - თავმოყვარეობას რომ თავი დავანებოთ, საზოგადოება გახლიჩეს, უფრო დიდი ნაპრალი გაგვიჩინეს. ამის შემდეგ, ჭადრაკის თეორია და ლოგიკა ჩაერთო საქმეში. ქვეყანამ ნელ-ნელა მოახერხა და ორი ფრონტით განავითარა „შეტევა".
აღმოჩდა ჭკვიანი და მომგებიანი სვლების დამგეგმავი ჯგუფი ადამიანებისა. ისინი პირდაპირ „ავანტიურაზე" წავიდნენ: ჩვენც თუ ბელორუსის ბედს გვიმზადებთ, რას გავაწყობთ, ერთ ადგილას მიიწეპეთ ეგ კანდიდატობაო. შეტევის მეორე მიმართულება ევროპის ქვეყნების ხელისუფლებების კარების ატალახება იყო. უკანონობას ნუ ჩაიდენთო, გააგებინეს. ორბანის საქართველოში სამდღიანმა ვიზიტმაც ნაყოფი გამოიღო - ამას მე მომგებიან სვლად ვთვლი. ძალიან ჭკვუიანურ სვლად. შედეგი?! მოგვცეს ევროგაერთიანების კანდიდატობა.
უნდა ვთქვა - გაიმარჯვა საღმა აზრმა. ერთი ოცნება რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. ევროპისგან უნდა ვისწავლოთ შრომის კულტურა. ჰაი, გიდი!... ქართველი გლეხის შრომისმოყვარეობისა და უნარის, ქართული სოფლის ერთ დროს სიძლიერით განთქმული ქვეყანამ ევროპისგან უნდა გადმოიღოს შრომის და დროის კულტურა. უნდა ვისწავლოთ. იქნებ სოფლის მეურნეობა ისე ავაღორძინოთ, ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, ხორცი, პური ჩვენი სამყოფი მაინც ვაწარმოოთ. ჩვენზე მცირემიწიანი ჰოლანდია (ნიდერლანდები) და შვეიცარია, - ორივე ერთადაა ჩვენხელა, - ჩვენზე რამდენჯერ მეტ სოფლის პროდუქციას აწარმოებენ, წარმოდგენა გვაქვს?!
არა მგონია, ნიდერლანდელი გლეხი ქართველ გლეხზე უფრო შრომისმოყვარე იყოს ან გენები ჰქონდეს უკეთესი. ისრაელის მაგალითს აღარ მოვიტან, არ მინდა უიმედობა გავაღვივო. ყურძნის ორი მოსავალი მოჰყავთ. ვენახის კულტურა მაინც არ უნდა გვესწავლებოდეს. თურმე გვესწავლება კი არა, პირველი კლასის მერხებს უნდა მივუსხდეთ და შრომისა და ხელგარჯილობის გაკვეთილები მოწვეულ მასწავლებლებს ჩავატარებინოთ.
დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე - ევროპა ჩვენ ბევრ კარგ რამეს მოგვცემს. ჩვენც არანაკლებს მივცემთ ევროპას. ჩვენ არავისგან დავალებული არ ვართ. კითხვას „ვინ - ვის", ვინ ვის უფრო სჭირდება, ადვილი პასუხი მოეძებნება. მოვდივარ საერთო სახლში, მაგრამ მოვდივარ ღირსებით და არანაკლები შენატანით. იმედია, არ გვიგანებს ევროპა, როგორც წინა საუკუნეებში. იმედია!... გილოცავთ მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაულებს, ღმერთმა დალოცოს საქართველო! ევროპაც!...
სოლომონ ნერგაძე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია) (2023 წლის 30 დეკემბერი)