ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში საქართველომ ემიგრაციის სამი, მეტად მძიმე ტალღა განიცადა: პირველი - შაჰ-აბასის მიერ 1616 წელს გადასახლებულები, რომელთაგან ასი ათასმა ჩააღწია სპარსეთამდე. მეორე - 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის დროინდელი ტალღა ევროპაში. მესამე ტალღას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცეცხლში და სამოქალაქო ომში გახვეული დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოდან გასული ემიგრანტები შეადგენენ.
ემიგრანტებს არასოდეს დაუკარგავთ კავშირი საქართველოსთან. ქვეყნის ჭირს და ლხინს სამშობლოში დარჩენილებთან ერთად იზიარებდნენ სამშობლოსგან მოწყვეტილები - რითაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ ქვეყანას. ქვეყნის ტკივილი შინდარჩენილებს და ემიგრანტებს ერთნაირად სტკიოდათ. ქვეყნის სიხარულიც ერთნაირად უხაროდათ და უხარიათ.
საქართველოს მოსახლეობამ მძიმე ქარტეხილები გამოიარა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში. ქვეყანა გადარჩა. მართალია, მძიმედ დაჭრილი, მაგრამ ერთიანობის დიდი სურვილით და ერთმანეთის თანადგომით, მოვიდა დღემდე. ამაში შინდარჩენილებთან ერთად ემიგრანტების დიდი დამსახურებაცაა.
აქ, სამშობლოდან შორს, არ ვიყოფით ქართველებად, აფხაზებად, ოსებად - ყველანი დროებითი ემიგრანტები ვართ. ერთნაირად გვტკივა ერთმანეთი. იტალიის მთავრობამ იმ ემიგრანტებისადმი მადლიერების ნიშნად, ვინც კოვიდ-პანდემიის დროს არ მიატოვეს სამსახურები (მათ შორის, აღსაზრდელი პატარები და მოხუცები), კეთილი ნების ჟესტი - არალეგალური ემიგრანტების ლეგალიზაციის აქტი განახორციელა. მათ შორის, ვინც ოჯახები არ მიატოვა, საქართველოს მოქალაქეები უმრავლესობას თუ არა, მეტად მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. ასე გამოხატა იტალიის მთავრობამ მადლიერება.
ემიგრანტებში გაჩნდა ჩვენი ხალხის, საქართველოში დარჩენილებისა და დროებითი ემიგრანტების ერთიანობის კედლისა და ერთიანობის ხეივნის გაშენების იდეა: საქართველოს ცენტრში, თბილისში, ან თბილისთან ახლოს (ყველა კუთხიდან ადვილად დასამხარ და მისასვლელ ადგილას) აშენდეს ერთიანობის კედელი - სელინჯერის კედელივით: ორი კედელი, რომლებიც კუთხეში ერთდება - კედელში გამოჭრილი ფანჯრებით ემიგრანტის და შინდარჩენილის ერთმანეთისკენ სწრაფვა-ერთიანობით. გაშენდება ერთიანობის ხეივანიც. თითოეული ემიგრანტი დარგავს ხეს ჩვენი ხალხის ერთიანობის ხეივანში. ხეივნის გაშენებაში მონაწილეობის მიღების სურვილი, დროებით ემიგრანტებთან ერთად, გამოთქვეს ფერეიდნელმა ქართველებმა და, რაც მეტად სასიხარულოა, ისრაელში დაბრუნებულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა. „გოდების კედლის" ასოციაციასაც გამოიწვევს, ალბათ. „გოდების კედლის" დამსახურებაცაა მის ამშენებელ ხალხს და ქვეყანას დღეს მოწიწებით რომ ელაპარაკებიან.
ოცნებაში ვხედავთ ერთობის კედელს, დროებითი ემიგრანტების, აგრეთვე, ფერეიდნელი ქართველების მიერ გაშენებულ ხეთა მწკრივებს, ჩვენი ისრაელელი მეგობრების, ქართველი ებრაელების ხეივანს. იმედი გვაქვს, ასრულდება ჩვენი დიდი სურვილი.
ბატონო ირაკლი, გთხოვთ თანადგომას და შემწეობას ამ იდეა-ოცნების განხორციელებაში. გილოცავთ მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაულებს, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას - ყველას, შინდარჩენილს და დროებით ემიგრანტს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!
საინიციატივო ჯგუფის სახელით,
სოლომონ ნერგაძე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია) (2023 წლის 28 დეკემბერი)