ზუსტად ოცდაცამეტი წლის წინ ქართველმა მეცნიერმა შოთა მესტვირიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში „მოამბეში“ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია - „მევენახეობის რაიონებში სეტყვის გახშირების მიზეზების შესახებ“, რომელშიც გამოთქმული იყო საინტერესო და იმ დროისათვის ინოვაციური მოსაზრება რომ შაბიამანის ხსნარით ვენახის შეწამვლა ხელს უწყობს სეტყვის წარმოქმნას. ამ ახალ მიდგომას მხარი დაუჭირა ცნობილი მეცნიერმა, გეოფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა, აკადემიკოსმა მერაბ ალექსიძემ. შეიძლება ითქვას, რომ სტატიას სხვა მეცნიერთა და სპეციალისტთა მხრიდან არავითარი გამოხმაურება არ მოყოლია.
ბატონი შოთა მესტვირიშვილი სამოც წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავს ლექციებს სამრეწველო და საცხოვრებელ შენობების გაზმომარაგების საკითხებზე, ხელმძღვანელობს დოქტორანტებს, მაგრამ მას არასოდეს დავიწყებია 1990 წელს მის მიერ დასმული დასმული საკითხი - თუ რატომ ისეტყვება კახეთის რაიონებში ვენახები.
უკვე ორი წელია ბატონმა შოთამ ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნა თანამოაზრეთა მოხალისეთა გუნდი სეტყვის წარმოქმნაში შაბიამანის ხსნარის შესაძლო გავლენის შესასწავლად. ცხადია, პრობლემის გადაწყვეტაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ უკვე შეიძლება გარკვეული შედეგები აღინიშნოს. სეტყვის წარმოშობის შესწავლაში და ატმოსფეროში შაბიამანის ხსნარის გაფრქვევის შესამცირებელ ღონისძიებების დამუშავებაში ბატონ შოთას გვერდში ამოუდგნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი მანონი კოდუა, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების სპეციალისტი ბატონი მამუკა ბენაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელი,საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, გამომგონებელი ბატონი ნუგზარ იაშვილი.
ქართველ მეცნიერს ვახუშტი ბატონიშვილს თავის ერთ-ერთ შრომაში ნახსენები აქვს სეტყვის გამანადგურებელი მოვლენა თბილისთან, მდინარე ვერეს ხეობაში,მ აგრამ მას არაფერი არა აქვს აღნიშნული კახეთში სეტყვის შესახებ. ამის გამო, ზოგიერთმა ქართველმა ცნობილმა მეცნიერმა დაასკვნა,რომ ვახუშტი ბატონიშვილის მოღვაწეობის დროს კახეთში სეტყვა არ მოდიოდა, რადგან ვენახების ბორდოს ხსნარით შეწამვლა არ ხდებოდა.კვლევებით დადასტურდა, რომ ვენახის შაბიამანის ხსნარით შეწამვლისას ადგილი აქვს მის გაფრქვევას ატმოსფეროში, რაც შესაძლებელია ხელს უწყობდეს სეტყვის წარმოქმნას. 1990 წელს შოთა მესტვირიშვილმა ჩაატარა კახეთში სოფელ აკურაში მოსული სეტყვის მარცვლების ქიმიური ანალიზი. თბილისის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის ქიმიურ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა სეტყვის მარცვლის წყალში შაბიამანის იონების არსებობა.
სეტყვის წარმოშობაზე შაბიამანის ხსნარის შესაძლო გავლენაზე საუბრობს თავად პროფესორი შოთა მესტვირიშვილი: "საქართველოში, კერძოდ კახეთში სეტყვის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ დიდმა ქართველმა მეცნიერმა ვახუშტი ბაგრატიონმა ახსენა სეტყვის გამანადგურებელი მოქმედება ვერეს ხეობაში, მაგრამ კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით მას აზრი არ გამოუთქვამს. ამის შესახებ ცნობილი მეცნიერები აკადემიკოსი თეოფანე დავითაია და მიტროფანე კორძახია აღნიშნავენ, რომ ვახუშტი ბაგრატიონის მოღვაწეობის დროს კახეთში სეტყვა არ მოდიოდა, რადგან იქ ხშირი ტყეების გამო ჰაერის აღმავალი დინება, რომელიც სეტყვის წარმოქმნის წინაპირობაა, ნაკლებად იქნებოდა. ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით, რადგან იმ პერიოდის კახეთი საკმარისად მჭიდროდ დასახლებული იყო და სოფლის მეურნეობაც კარგად იყო განვითარებული. ალბათ, დღევანდელ მცენარეულ საფართან შედარებით დიდად განსხვავებული არ იქნებოდა მაშინდელი მცენარეული საფარიც. ეს კი, ნაკლებად შეუშლიდა ხელს ჰაერის აღმავალ დინებას, რომელიც სეტყვის წარმოქმნის ერთ-ერთი წინაპირობაა.
არსებობს აგრეთვე ქართველი მეცნიერის ვ. გიგინეიშვილის გამოკვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ: „მნიშვნელოვანი დასეტყვა აღმოსავლეთ საქართველოში და კერძოდ კახეთში, დაკავშირებულია უმთავრესად წლის თბილ პერიოდში ცივი ჰაერის მასების შემოჭრასთან, მაგრამ აღნიშნული შემოჭრა ინტენსიურ სეტყვას იწვევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ატმოსფეროს მდგომარეობა ადგილობრივად ამ დროს ამისთვის ხელსაყრელია“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სეტყვის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ადგილობრივი პირობები, მაშინ ისმის კითხვა: რა შეიცვალა მე-18 საუკუნესა და მე-20 საუკუნეს შორის მევენახეობის ადგილების პირობებში, რამაც გამოიწვია კახეთის ასეთი ინტენსიური დასეტყვა? დასმული კითხვის პასუხად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს მსოფლიომ აღნიშნა ბორდოს ხსნარის გამოყენების 100 წლისთავი, ე.ი. ვახუშტი ბაგრატიონის მოღვაწეობის პერიოდში ვენახების შეწამვლა ბორდოს ხსნარით არ ხდებოდა.
არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ სეტყვა, ძირითადად, მოდის დღისით 14-დან 17 საათამდე პერიოდში, რადგან სწორედ ამ დროს არის ვენახების შეწამვლისას დაგროვილი ბორდოს ხსნარის წვეთების მაქსიმალური რაოდენობა ატმოსფეროში. ამიტომ სეტყვა ჰაერის აღმავალ დინებას ადვილად გადააქვს მაღალ და ცივ ფენებში, სადაც იგი საგრძნობლად იზრდება. ევროპის განვითარებულმა ქვეყნებმა უარი თქვეს ვენახების სეტყვისგან დასაცავად ღრუბლებში რაკეტებით და ქვემეხებით კრისტალიზაციის ცენტრების შეტანის მეთოდზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ისინი იყვნენ ამ მეთოდის გამოყენების პიონერები. ვიცით, რომ ვენახი მოითხოვს შეწამვლის რამდენიმეჯერ ჩატარებას, ეს კი ხდება წამლის გაფრქვევით, რომლის დიდი ნაწილი ვერ აღწევს ვაზის ფოთლებამდე და ყურძნის მტევნამდე და ხდება მათი ატმოსფეროში შერევა, ამან კი სათანადო პირობების შემთხვევაში შეიძლება სეტყვის პროვოცირება მოახდინოს.
ფოტოზე აღბეჭდილია ვენახის შეწამვლის პროცესი, სადაც კარგად ჩანს, თუ რა რაოდენობით ბორდოს ხსნარი იფანტება ჰაერში და მისი ძირითადი ნაწილი კი აღმავალ დინებას მიაქვს და ხვდება ღრუბლებში. ის იქ მოქმედებს როგორც კონდენსაციის, ასევე კრისტალიზაციის ცენტრად. ამიტომ სეტყვის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს პირველ რიგში შეწამვლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც შეამცირებს ბორდოს ხსნარის უმიზნო გაფრქვევას.
სამუშაო ჯგუფის წევრი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გამომგონებელი, ბატონი ნუგზარ იაშვილი: "ვენახების შესაწამლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები,რომლებმაც ისტორიულად განვლეს განვითარების გზა ზურგზე მოსაკიდებელი ხელის შესაწამლი აპარატიდან ტრაქტორების, ვერტფრენებისა და თვითმფრინავებამდე, დღეს უკვე საუბარია დრონების გამოყენებაზეც კი.
ფართო გამოყენება ჰპოვა ტრაქტორზე მისაბმელმა შემასხურებელმა დანადგარებმა,რომლებიც აღჭურვილნი არიან ვენტილიატორებით,რათა მოხდეს შესაწამლი ხსნარის სწორედ მიმართვა ვაზის მწკრივზე. ასეთ დანადგარების მთავარი უარყოფითი მხარეა ის, რომ ადგილი აქვს შესაწამლი ხსნარის დანაკარგებს ატმოსფეროში და ნიადაგში. სხვადასხვა წყაროში მითითებულია, რომ ეს დანაკარგები შეიძლება 90%-საც აღწევდეს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ვენტილატორული მიწყობილობების გამოყენება დასაშვებია დასახლებული ადგილებიდან და დასვენების ზონებიდან მხოლოდ 500 მეტრის დაშორებით. ამავე დროს მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უქარო ამინდის დროს, დილისა და საღამოს საათებში. ამ შემთხვევაში ვენახის ქიმიური ხსნარებით დამუშავება ხდება დახურულ კამერაში, რომლის გამოყენების დროს შხამქიმიკატების დანაკარგები მნიშვნელოვნად მცირდება,ხოლო ვენახის შეწამვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
ასეთი მოწყობილობით ხდება ერთის მხრივ დაავადებებისაგან ვენახების დაცვის გაუმჯობესება და იმავდროულად გარემოს დაცვა შაბიამანის ხსნარის გარემოზე მავნე გავლენისაგან. ამასთან, ხდება შესაფრქვევი შხამქიმიკატების ხსნარების გამოყენებით სარეველების მოცილებაც
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მანონი კოდუა: "მინდა შევნიშნო,რომ აღნიშნულ საკითხზე ჩვენი ჯგუფი სექტემბერსა და ოქტომბერში წარსდგა ორ საერთაშორისო კონფერენციაზე. გამოქვეყნდა სამი სამეცნიერო სტატია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში წაკითხული იქნა მოხსენება ვაზის მავნებლებთან და დაავადებებთა ბრძოლის ქიმიური დაცვის საშუალებებზე. სულ ახლახან გეოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო ინგლისურენოვან ჟურნალში გამოქვეყნდა შ. მესტვირიშვილისა და მისი კოლეგების საინტერესო ნაშრომი".
პროფესორმა შოთა მესტვირიშვილმა დამატებით მეტად საინტერესო მაგალითები მოიყვანა: "სოფლის მეურნეობაში ბევრი კულტურაა, რომელიც პერიოდულად მოითხოვს შეწამვლას, შეწამვლა კი ხდება წამლის გაფრქვევით, რომლის ნაწილი ვერ აღწევს მცენარის ფოთლებამდე და ატმოსფეროში გაიბნევა. ამან კი სათანადო პირობების შემთხვევაში შეიძლება სეტყვის პროვოცირება მოახდინოს. ცნობილია პანკისის ხეობის მაგალითი, სადაც სეტყვა საერთოდ არ მოდიოდა, მაგრამ როგორც კი გააშენეს ვენახები და შესაბამისად შეწამვლა დაიწყეს, ისეთივე ინტენსივობით დაიწყო სეტყვამ მოსვლა, როგორც კახეთის მევენახეობის რაიონებში.
ასევე არის საპირისპიროც, სადაც ვენახები იყო და ვაზი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურით შეცვალეს, რომელსაც შეწამვლა არ სჭირდება და იმ ტერიტორიაზე სეტყვის მოსვლაც შეწყდა, მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, კერძოდ, ენამთის ტერიტორიაზე მრავალი ათეული წლის განმავლობაში იყო გაშენებული ვენახები დაახლოებით 300 ჰექტარ ფართობზე. საბჭოთა დროს ხდებოდა ქიმიური პრეპარატების (ბორდოს ხსნარის) ვენახზე შესხურება მანქანური ტექნოლოგიებით. ამავე პერიოდს ემთხვევა იქ სეტყვის გახშირებული შემთხვევებიც. ბოლო 20 წელზე მეტია, რაც ენამთის ტერიტორიაზე ვენახით დაკავებული ფართობი შემცირებულია ორ ჰექტრამდე, მისი შეწამვლა კი ხელით ხდება, რაც მაქსიმალურად ამცირებს ბორდოს ხსნარის მოხვედრას ატმოსფეროში. ვენახების ფართის შემცირების შემდეგ სეტყვის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ენამთის ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობა".
სასოფლო -სამეურნეო მანქანების სპეციალისტი, პროფესორი მამუკა ბენაშვილი განმარტავს, მათ მიერ გამოგონილი შესაწამლი ახალი დანადგარი გამოირჩევა მარტივი ტექნიკური გადაწყვეტით. აუცილებელია დამზადდეს ტრაქტორზე მისაბმელი შესაწამლი მოწყობილობის თუნდაც ერთი მოქმედი ნიმუში, რათა ჩატარდეს მისი გამოცდა რეალურ საველე პირობებში.
ამჟამად ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ შეტანილია განაცხადი გამოგონებაზე პატენტის მისაღებად. დადგენილი იქნა რომ განაცხადს გააჩნია სიახლის ნიშანი. მზადდება კიდევ ერთი ახალი განაცხადი გამოგონებაზე. ამ მიმართულებით ჯგუფს მხარში უდგას ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი, საპატენტო საქმის ცნობილი სპეციალისტი, პატენტრწმუნებული ბატონი გივი სიბაშვილი. ასე რომ ვენახის შესაწამლი ახალი მოწყობილობა პატენტუნარიანი იქნება.
იმედია, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უწყებები დაინტერესდებიან ქართველ მეცნიერთა ახალი გამოგონებით.არ არის გამორიცხული რომ გამოჩდეს რომელიმე ბიზნესმენი ვინც დააფინანსებს ვენახის შესაწამლი ახალი მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებას, ერთი ან ორი მოქმედი ნიმუშის დამზადებას და მათ გამოცდას კახეთის რომელიმე რაიონის მევენახეობის მეურნეობაში.