საახალწლო მაშხალების გამოიყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას!
რეზონანსი
26.12.2023

წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია საახალწოდ პიროტექნიკის რეალიზაციის აკრძალვას აპირებდა, მაგრამ, ვინაიდან მაშხალები ისევ მასობრივად იყიდება და რამდენიმე ბავშვი უკვე დასახიჩრდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, თანამოქალაქეები საფრთხეების თაობაზე კიდევ ერთხელ გამეფრთხილებინა. 

ფაქტია, თბილისის ზოოპარკის მესვეურები ყოველი წლის ბოლოს თხოვნით მიმართვენ მიმდებარე სახლების მაცხოვრებლებს, რომ მაშხალები ზოოპარკის ტერიტორიის მიმართულებით მაინც არ გავუშვან, ვინაიდან სინათლით და ხმაურით დაფეთებული ბინადრები ბარიერებს აწყდებიან და ზიანდებიან, ხოლო ზოგიერთებს შიშისგან გული უსკდებათ... სტრესისგან რომ დაიცვან, ცხოველებს და ფრინველებს თურმე დამამშვიდებელ ნემსებს უკეთებენ... 

ადამიანებიც არანაკლებად ზარალდებიან... წელი არ გავა, ათეულობით ოჯახს დღესასწაული ტრაგედიად არ ექცეს. გასულ წელსაც საკმაოდ ბევრ ბავშვს სახე და ხელები დაეწვა, რამდენიმე დაბრმავდა, ხოლო რამდენიმეს აფეთქების ტალღამ მტევანი ან თითები მოაგლიჯა... 

მტერს არ ვუსურვებ, შვილის გასახარებლად საკუთარი ხელით ნაყიდმა მაშხალამ საზეიმო დღეები საავადმყოფოში გაატარებინოს. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ მაშხალის არასწორად გამოყენებით გამო სახლის აივანზე მგდარი ბენზინის ავზი აფეთქდა.... ექიმებმა ბავშვს სიცოცხლე კი შეუნარჩუნეს, მაგრამ სხეულის დიდი ნაწილზე სამუდამოდ დარჩება იარები...

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენების სრული აკრძალვის მომხრე ვარ და მერიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ფოიერვერკი (სალუტი) სრულიად საკმარისად მიმაჩნია, რამდენიმე წლის წინ ბავშვებს მეც ვუყიდე მცირე ზომის მაშხალები, მაგრამ არც მათი მოხმარების წესებს გავეცანი (მით უმეტეს, მხოლოდ უცხო ენაზე და წვრილი შრიფტით იყო დატანილი...) და გასროლის მომენტშიც ხელში ერთად გვეჭირა... 

მეორე დღეს კი, მაშხალების მთელი შეკვრა გვაჩუქეს, რომლებსაც ისევ უცხო ენაზე ჰქონდათ დაკრული მცირე ზომის ტექსტები, თუმცა მთლიან შეკვრას ცალკე ფურცელზეც ახლდა ინსტრუქცია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ვინაიდან ტექსტს გავეცანი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საქმეები გადამედო და თანამოქალაქეებისთვის მეცნობებინა, თუ რის თაობაზე გვაფრთხილებენ მწარმოებელი და იმპორტიორები: 

 „საახალწლო მაშხალა („რომაული სანთელი“) საყოფაცხოვრებო დანიშნულების პიროტექნიკური ნაკეთობაა და გამოიყენება მხოლოდ ღია სივრცეში (შენობის გარეთ). ამასთან, ვინაიდან ხანძარსაშიშია, მისი შეძენისა და გამოყენების უფლება მხოლოდ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს აქვთ. „აკრძალულია ნაკეთობის ხელში დაჭერა, მისი გამოყენება ნასვამ მდგომარეობაში, აშკარა დაზიანების დროს ან შენახვის ვადის გასვლის შემდეგ“. ნაკეთობა უნდა დამაგრდეს ვერტიკალურად გრუნტში (გამკვრივებულ თოვლში) წინასწარ მომზადებულ ნახვრეტში, „მისი სიგრძის 2/3-ზე“ (სავარაუდოდ, გულისხმობენ 1/3-ით ჩასმას), ისე რომ არ წაიქცეს. ჩამაგრების ადგილი „ადამიანებისგან, შენობებისგან, ხეებისგან, გზიდან“ არანაკლებ 15 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, ფითილს წინ გაშვერილი ხელით უნდა მოვუკიდოთ და 4-6 წამის განმავლობაში უნდა დავცილდეთ 8 მეტრით... თუ ნაკეთობა არ ამოქმედდა, 15 წუთის განმავლობაში არ უნდა მივუახლოვდეთ...

საგულისხმოა, რომ იმავე ინსტრუქციაზე დატანილ რუსულ ტექსტში გაცილებით მკაცრი მოთხოვნები იყო მოცემული: მაგ., „ნაკეთობა ადამიანებისგან ან გზიდან არანაკლებ 30 მეტრით უნდა იყოს დაცილებული, ფითილის ანთების შემდეგ აუცილებლად უნდა მოტრიალდეთ და დაუყოვნებლივ დავტოვოთ 5-მეტრიანი სახიფათო ზონა“. ამასთან, ინსტრუქციაზე ამოქმედებული ნაკეთობის წვის (ქრობის) დროც არის მითითებული და ის სახიფათო ფაქტორებიც, რომლებმაც ზიანი შეიძლება გამოიწვიონ (მაგ., ხანძარსაშიში ელემენტების გაფანტვა ან გამოსხივება...). აღნიშნული კი იმ გარემოებით უნდა იყოს განპირობებული, რომ, როგორც ჩანს, დსთ-ის სივრცეში „პიროტექნიკური ნაკეთობების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტიც მოქმედებს და იმპორტირებული საქონელიც ჯეროვნად კონტროლდება. 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იმპორტიორს ავალდებულებს ინსტრუქცია სახელმწიფო ენაზე გამაცნოს, ფაქტია, რომ ჩემს მიერ შეძენილ ჩინურ მაშხალებზე მოხმარების წესები, რატომღაც, მხოლოდ უკრაინულ ენაზე იყო დაკრული. აქედან გამომდინარე, თუ პიროტექნიკის გამოყენებას არ კრძალავს, სახელმწიფომ კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა მაინც უნდა უზრუნველყოს, რომ მოქალაქეები ნაკეთობის მოხმარების წესისა და მისი დაუცველობით გამოწვეული საფრთხეების თაობაზე გააფრთხილოს. ამასთან, აუცილებელია, წინასაახალწლოდ ტელევიზიებით ისეთი ე. წ. სოციალური რეკლამაც განთავსდეს, რომელიც მოქალაქეებს მაშხალების გამოყენებას თუ ვერ გადააფიქრინებს, უსაფრთხოდ გამოყენების წესებს მაინც აუხსნის თვალსაჩინოდ. 

ცხადია, როდესაც მწარმოებელიც, იმპორტიორიც და ნაკეთობის ცალობით რეალიზატორიც დეტალურად გააფრთხილებენ გამოყენების წესის თაობაზე მომხმარებლისთვის ნათელი გახდება, რომ მაშხალის სახით, პირველ რიგში, საკუთარი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უაღრესად სახიფათო ნაკეთობასთან აქვს საქმე. ამასთან, „მაშასადამე ევროპელებმა“, ყველა შემთხვევაში, ის მაინც უნდა გავიხადოთ ჩვევად, რომ ნებისმიერი ნივთის (ნაკეთობის) შეძენისას, მისი წარმომავლობისა და შემადგენლობის თაობაზე ინფორმაციასთან ერთად, გამოყენების ინსტრუქციაც მოვითხოვოთ, რომელიც აუცილებლად ქართულ ენაზეც უნდა არსებობდეს. 

დარწმუნებული ვარ, მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას კონსტიტუციაც არ აქვს წაკითხული, რომელშიც მათი „ურყევი ნებაა“ ასახული (არადა, ფაქტობრივად, სახელმწიფოს აშენების ინსტრუქციაა...). სამწუხაროდ, უმრავლესობა მართვის მოწმობის ასაღებად მხოლოდ ტესტებს იზუთხავს და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გაცნობასაც კი არ თვლის საჭიროდ (არადა, ფაქტობრივად, მანქანის უსაფრთხოდ მართვის ინსტრუქციაა...). 

ამდენად, თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას და ევროკავშირში ინტეგრაციას ვაპირებთ, მოქალაქეებმა ერთაბზაციანი ინსტრუქციების წაკითხვა–გააზრება მაინც უნდა ვისწავლოთ, ხოლო ხელისუფლება მაშხალების ჩინელი მწარმოებლებისა და ადგილობრივი რეალიზატორების ინტერესებთან ერთად, მოსახლეობის უსაფრთხოებაზეც მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×