(„ჰერიო ბიჭებო" - ლექსი მორის ფოცხიშვილის, მუსიკა გია ყანჩელის, სოფო ბათილაშვილის შესრულება. და, მარიამ წიკლაურის „რა ვუთხრათ შვილებს?") ვულოცავ ყველა თანამემამულეს, განსაკუთრებით კი, მომავალ თაობას, ახლა რომ ფეხს იდგამს, ფეხადგმულებს და ცხოვრებაში ფეხშებიჯებულ ახალგაზრდებს მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაულებს! თქვენი თაობის იმედი მაქვს - თქვენ უკეთესი სამშობლო გექნებათ! სულით და გულით გისურვებთ უკეთეს, უფრო ლამაზ, უფრო მშვენიერ საქართველოს - საკუთარი თავის პატივისმცემელ და სხვათაგან პატივდებულ სამშობლოს!
არ გამირისხდეთ, თუ გავიმეორებ წლების წინ ნათქვამს. პატარა გოგო-ბიჭები, სუფთა, იმედიანი მომავალი მოდის, ტელეეკრანიდან მთელ ქვეყანას რომ უღიმიან და ეფერებიან. ახალი თაობა მოდის - თეთრი სულით, ლომის გულით, მგლის მუხლით... ახალი გზირიშვილები, ჯიშკარიანები, ზოიძეები, ანწუხელიძეები, ოთარ ჯაფარიძეები, ანდრია ყურაშვილები და მათნაირები მოდიან. დიახ, ახალი ახრახაძეები, გუგუჩიები, მალაზონიები, ცანავები, ბერაძეები, მეფარიშვილები, მოსეშვილები, ნადარეიშვილები და მათნაირები მოდიან.
ჩვენზე წრფელი, გაუხრწნელი თაობა მოდის. ჩემი თაობის მშიშარა, ქვეგამხედვარე ნაწილის სახელით ამ თაობას ქედს მოვუხრიდი, რომ მქონიყო. ქედი რომ გვქონოდა, ტვირთის აწევასაც შევძლებდით და გაწევასაც. არ გვქონდა. ვერ გვქონდა. ერთადერთი რაც უხვად გვაქვს, წინა ეპოქის მიერ წაწყმედილი სულია. ჩვენ - მიმავლები, უსუსურები - შევძლებთ კია, გზიდან ჩამოვეცალოთ მომავლებს? უნდა შევძლოთ! ერთხელ მაინც მოვიქცეთ ქართულ-ადამიანურად და გზა მივცეთ ამ თაობას. ხელს თუ ვერ შევუწყობთ, გზას მაინც ნუ ჩავუხერგავთ.
„კაცი ქართველი თუ არი იტყვის ვით მგზავრი გზაზედა: „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა"... - ვმღეროდით. პირჯვარს ვიწერდით ეკლესიებთან ჩავლისას. ვმარხულობდით. არ ვაკლდებოდით წირვას. რეგულარულად ვაბარებდით აღსარებას. ჩემთითონს ვიღებდით ეკლესიებში, პირწიგნაკზე და ისტაგრამზე ვაქვეყნებდით.
ტელეფონით ველაპარაკებოდით ნაცნობებს, ქვეყანას ვაგებინებდით, რომელ ეკლესიაში ვლოცულობდით და ვეზიარებოდით. ზიარების მერე გარეთ გამოვდიოდით და ზუსტად იგივე ცოდვებს ჩავდიოდით, ხუთიოდე წუთის წინ მომეტებული სინანულით და ცრემლებით რომ გავუმხილეთ მოძღვარს და ღმერთს მოტევება ვთხოვეთ. ათი წუთის მერე კაცს ვკლავდით... თხუთმეტი წუთის მერე სამშობლოსაც ვყიდდით და უფალსაც...
„სამშობლო, როგორც უფალი ერთია"-ო და ერთად ვყიდდით... ოცი წუთის მერე მოვიპარეთ - ჩვენს დას, ძმას, ამხანაგს მოვპარეთ. სხვას კი, ჩვენზე ნაკლებ დამნაშავეს, ჩვენზე გაუხრწნელს, ჩვენს მიერ ქურდად ქცეულს, ბორკილები დავადეთ და დივანბეგს მივუყვანეთ განსასჯელად. დივანბეგმა მალე განსაჯა და მიუსაჯა. ვინმე ხომ უნდა გაეშვა ციხეში?! ციხიდან ნარკობარიგის და ქვეყნის ქონების მომპარავ-გამფლანგველის გამოთავისუფლებული ადგილი ცარიელი რატომ უნდა დარჩენილიყო?!
თექვსმეტიოდე წლის ბიჭი, ჩვენ რომ გაბაწრული მივგვარეთ, დიდი ხნით ჩასვა დილეგში. ბიჭმა მაღაზია გატეხა, იქვე მოიძია ცელოფანის ორი შავი, მოზრდილი პარკი და ერთმანეთში ჩადო მეტი სიმტკიცისათვის. შიგ კონსერვები და ძეხვები ჩაალაგა. შოკოლადებით და კანფეტებით არ მოცელთა პარკში ადგილი. მშიერ ოჯახს კონსერვები და ძეხვეული უფრო დიდხანს გაჰყვება. ვერ გარბოდა ბიჭი სწრაფად - დამძიმებულ პარკს უფრთხილდებოდა. ჩვენ უფრო სწრაფად ვირბინეთ. წამოვეწიეთ. გავბაწრეთ. ისე გავბაწრეთ, რომ სიმღერა - „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა"-ო, - არ შეგვიწყვეტია.
სამშობლო, როგორც უფალი, ერთი რომ გვგონია ქვეყანაზე - ჩვენი სამშობლოა და არა იმ ბიჭისა. მას არც სამშობლო აქვს და არც უფალი ჰყავს. ორივე წავართვით. მას ზურგზე მოგდებული კონსერვებით და ძეხვებით სავსე ცელოფნის პარკი მიჰქონდა. სად ეცალა სამშობლოსათვის და უფლისთვის?! დივანბეგმა მისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა. მრავალ სხვასაც მიუსაჯა დივანბეგმა. ნარკობარიგების და გამფლანგველების ადგილები შეავსო. ნარკობარიგებისა, რომელთა ადვოკატებმაც იყოჩაღეს - ზოგი პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში ჩასვეს, ზოგი ინტერპოლის საძიებო სისტემიდან ამოაღებინეს, ზოგს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს - და, ციხის საკნებში ადგილები გამოუთავისუფლეს უსამშობლო, ჩვენგან გამეტებულ პატარა ბიჭებს. ბიჭებს, რომლებიც ცელოფნის პარკში შოკოლადებს და კამფეტებს იმიტომ არ ყრიან, რომ კონსერვების და ძეხვეულისთვის მეტი ადგილი დარჩეს.
განა კანფეტები და შოკოლადები არ უყვართ? უყვართ, როგორ არა. სულიც მისდით, მაგრამ იციან, მშიერ ოჯახს საჭმელი უფრო სჭირია. პური?!... პურს მეზობელ მაღაზიაში ან თონეში მოიპარავს. მოიპარავს, მაგრამ ჩვენ ფხიზელ თვალს და ხელს სად წაუვა?
საკანში ხომ ბევრი ადგილი განთავისუფლდა. განა მხოლოდ ნარკობარიგას და ხაზინის ქურდებს მიუსაჯეს სუფთა ჰაერი. მკვლელებს, - აგერ ჩვენს წინ, მისი ტოლა ბიჭები რომ უწყალოდ დაჩეხეს და აკუწეს, - სუფთა ჰაერი და თავისუფლება მიუსაჯეს. ადგილები გაუნთავისუფლეს შიმშილის გამო ლუკმა პურის ქურდებს. მკვლელებსაც აქვთ სამშობლო. ისინიც ჩვენსავით ამბობენ, ერთიაო სამშობლო და უფალი. ვინ უნდა შეავსოს საკანში განთავისუფლებული ადგილები თუ არა უუფალოებმა, თუ არა უსამშობლოებმა?!
ჩვენ დილით, წირვაზე მისულებმა ჩავაბარეთ აღსარება მოძღვარს. ჩავაბარეთ და მორჩა - სუფთა, უცოდველები ვართ. დივანბეგიც უცოდველია. მანაც ჩააბარა აღსარება. მოინანია ცოდვები, უნებლიეთ ჩადენილი. სუფთა სინდისით გამოვიდა ეკლესიიდან. მეორე ეკლესიასთან ჩავლისას პირჯვარი გადაისახა. სამჯერ გადაიწერა პირჯვარი. და, სუფთა სინდისით შეავსო საკანში გამოთავისუფლებული ადგილები ჩვენს მიერ მიგვრილი, გაბაწრული ბიჭებით. შვილებო, მომავალო, იმედო, ხვალინდელო საქართველოვ!
„ნუ მიატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ჭირდებით". ჩვენ ერთმანეთი მივატოვეთ. სწორედ მაშინ მივატოვეთ, როცა ერთმანეთს ვჭირდებოდით... ჩვენი თაობიდან კარგს ბევრს ვერაფერს გადაიღებთ. რა უნდა გადაიწეროთ ჩვენი საჭურისი თაობიდან ვარგისი და გამოსადეგი? იმღერეთ! ერთად იმღერეთ! ოფლიც ერთად ღვარეთ! ერთად უშველეთ ქვეყანას!... არ გაახაროთ მტერი! ამრავლეთ მოყვარე!
„გზები ერთმანეთს კვეთავენ, მოჭიმული გვაქვს მშვილდები, ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით. ჰერიო ბიჭებო, ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო, ისმოდეს საქართველოში სიმღერა საივერიო". იმღერეთ!... ლაღად იმღერეთ!... სიხარულით იმღერეთ! თუ გეტირებათ, მაინც იმღერეთ!... მტრების გულისგასახეთქად იმღერეთ!...
თქვენით იქნება, რომ არ მოისპობა, არ გაქრება თქვენს საქართველოში საივერიო სიმღერა. მოდის ახალი თაობა... ისინი გამოიყვანენ ჩვენს მიერ საკანში გამოკეტილ პურის ქურდებს - ჩვენს მიერ ქცეულებს ქურდებად. ისინი დაიყენებენ გვერდით და ოფლისმღვრელებად აქცევენ, დაუბრუნებენ ჩვენს მიერ წართმეულ უფალს და სამშობლოს. ღმერთს პატიებას შესთხოვენ - ჩვენს მაგიერ შესთხოვენ. თეთრი, სუფთა სულით და სუფთა გულით შესთხოვენ, მოგვიტევოს ცოდვები ჩვენ, წაბილწულებს. ცოდვები ბევრჯერ ჩადენილი, მრავალჯერ განმეორებული...
სიძულვილიც მოგვიტევოს - აუცილებლად შეევედრებიან უფალს. და, უფალი, რომელიც ჩვენ ტუსაღ ბიჭებს და გოგონებს წავართვით და დავიმისეთ, ალბათ, მოგვიტევებს. მთხოვნელების სულის სიწმინდეს არ ეტყვის უარს. მოგვიტევებს! რადგან მათთვისაა უფალი და სამშობლო ერთი. და, არა ჩვენთვის - სულით და ხორცით წაბილწულებისათვის, უფლის და სამშობლოს გამყიდველებისათვის, სულით და სხეულით მეძავებისათვის. ახალდაბადებული ბავშვის სინდისივით სუფთა თაობა მოდის. იმედის თაობა მოდის.
ლელოს გამტანი თაობა მოდის. მოდიან მსოფლიოში ყველაზე ღონიერი ქართველები - ერთი-ერთზე ტოლს რომ არავის უდებენ. ქართული ჰიმნი რომ დააზეპირებინეს მსოფლიოს. მოდიან ბრწყინვალე მოსწავლეები - ინტელექტით რომ ჯაბნიან უცხოელ თანატოლებს. მოდიან, ვინც შექმნის, ააშენებს, დააარსებს, გააშენებს, იმღერებს... თბილისშიც იმღერებს, ცხინვალშიც იმღერებს, სოხუმშიც იმღერებს.
დაიბრუნებს მას, რაც ჩვენ წავართვით და რაც ჩვენი უნიათობით, ქვეგამხედვარობით, უტვინობით, უჭკუობით დავუკარგეთ. თავს გიხრით ახალგაზრდებო! გზას გითმობთ ახალგაზრდებო! გაგიმარჯოთ ახალგაზრდებო! აყავებული, მშრომელი, საკუთარი თავის პატივისმცემელი ერთიანი საქართველოს ახალგაზრდებო! მიყვარხართ შვილებო! მეამაყებით შვილებო! გვაპატიეთ შვილებო! გვაპატიეთ ყველაფერი - სიბილწე, უნიათობა, უსაქმურობა, თქვენთვის ხელისშეშლა - თქვენს წინ, სავალ გზაზე დაყრილი ჩვენი მძორები გვაპატიეთ! ჩვენი მძორების მიწაში ჩაფვლისთვის დაკარგული დრო გვაპატიეთ! მომავლისკენ სავალი დროის მოცელთვა და დაგვიანება გვაპატიეთ! უბრალოდ, ერთ, ბრწყინვალე ლექსად ამოთქმულს გავიმეორებ. უფრო მოთქმაა იგი. საეტაპოა...
და, არა პოეზიაში, მხოლოდ. ასეთი ზარით, მე ვერ ვიტყოდი. ამიტომ მომაქვს სრულად. რა ვუთხრათ შვილებს? რა ვუთხრათ შვილებს? როცა ომიდან დავბრუნდებით, როცა მშვიდობიდანაც დავბრუნდებით, როცა სიკვდილიდანაც დავბრუნდებით, რას ვეტყვით შვილებს, ყველგან სიყვარულს ვეძებდით და ვერსად ვიპოვეთ, თავისუფლებას ვეძებდით და მონობაში მივაკვლიეთო? ბედნიერებას ვეტრფოდით და უბედურებაზე ვიქორწინეთო?
რას ვეტყვით შვილებს, ვერ ვიპოვეთო ღმერთი ცაში, სახლი - მიწაზე, შემოგვერღვაო ჰორიზონტები, ვერ დავიცავით სიმყუდროვე ჩვენი ტაძრების? რას ვეტყვით შვილებს, რისთვის გაჩენდით? - თქვენს ჩვილ სულებზე რომ ვმდგარიყავით, როგორც კიბის საფეხურებზე, და გვეხოხა ზევით, ცისაკენ და მაინც მიწა გვფარებოდა თავზე საბრალოთ. აჰა, ტანჯვა - თქვენი ბეთლემი, თავად შვით ღმერთი, რომელიც თქვენი ტოლი იქნება, უფრო მეტად დაგიდგებათ მხარში დაღლილებს... (მარიამ წიკლაური)
თქვენ ხელახლა აღმოაჩენთ ღმერთს და სამშობლოს, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ! თქვენზე უკეთეს თაობებს დაუდებთ საწყისს! ღმერთი შეგეწევათ! ღმერთი არ გაგწირავთ! სამი ათასი წელია, არაოდეს გავუწირივართ! სამი ათასი წელია, სამი ათასზე ბევრჯერ, განუზომლად ბევრჯერ გავწირეთ! თქვენ არ გაგწირავთ! ღვთით გევლოთ! სიკეთით გევლოთ! შობა-ახალ წელს, გილოცავთ! თქვენს საქართველოში მინდა ცხოვრება...
თუ ვერ მოვესწრები, არ ვინაღვლებ - იმედიანი წავალ, თქვენით იმედიანი! თქვენი საქართველო დალოცოს ღმერთმა! (2018-2023)
სოლომონ ნერგაძე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პავიას უნივერსიტეტი (იტალია)