რეზონანსი
18.12.2023

არ ვიცი, ეს ფენომენი სხვა ერებშიც ასეა ფესვგადგმული, თუ მხოლოდ ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს - ამ ფენომენს ერთი კაცის სიძულვილი ჰქვია. საქართველოში ძველი დროიდან ფუნქციონირებს ერთი უტყუარი და მეტად შედეგიანი ხერხი. ვინმეს, გამოჩენილთაგანს, ცოტა ხნის წინ ხალხი, მისი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის რომ აღმერთებდა, გამოუჩნდება მლანძღველ-მაგინებელთა ჯგუფი. ეს ჯგუფი, შეთხზული სიცრუით და ცილისწამებით, იმდენს აღწევს, რომ მოსახლეობის ნაწილს აძულებს ამ პიროვნებას.

ცდილობს ხალხი ბრბოდ გადააქციოს და შეაძულოს. ბრბოს კი, სისხლი სწყურია - ბრბოს სხვანაირად დამშვიდების ხერხი კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია. სულ რამდენიმე, ყველასთვის ცნობილ ამბავს შეგახსენებთ.

დავით მეოთხე აღმაშენებელი. სამი საუკუნე ტაბუ ედო. ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეფეს, სულ რაღაც რამდენიმეთთაგან. მერე აღმოაჩინა, მომავალმა აღმოაჩინა, თურმე „აღმაშენებელი" ყოფილა. მისი სახელობის ხიდიც კი არ იყოო საქართველოში. პომპეუსის ხიდი კი იყო. თუ არ ვცდები, უბრალოდ გაიარა და მისი ეს უბრალო გავლა უკვდავყვეს (ერთი ჩოფურა პრეზიდენტიც უკვდავყვეს რამდენიმე წლით ახალ საუკუნეში).

ისტორიკოსებმა ჩემზე მეტი იციან. მეტს არ, უფრო ვერ ვიტყვი. სულხან-საბა. კაცმა რომელმაც ქვეყნისთვის იმდენი გააკეთა, რამდენსაც ასეულები და ათასეულები ვერ შეძლებენ - ერად ქცევის საქმეში უდიდესი წვლილის მიუხედავად, მისი ისეთი სიძულვილი გააღვივეს, რომ წვერებით ათრიეს. მეუფე ანტონს, კათოლიკოსს, არნახული ცილისწამება მოუგონეს - ვეფხისტყაოსანი დაწვაო. საბას და ანტონის „ცოდვა" მათ მიერ (ქართველთა ელჩობასთან ერთად) კათოლიკობის მიღება იყო (კათოლიკობის მიღებით ქვეყანა ვატიკანის დაცულ ქვეყანათ შორის ექცეოდა. მუსლიმანური სამყაროსგან ქვეყნის დაცვის მიზნით გადადგეს ეს ნაბიჯი).

ილია ჭავჭავაძე. ქვეყნის და პიროვნების თავისუფლებისთვის მებრძოლს, გლეხების სიძულვილი დააბრალეს და ბრბო მისი სიკვდილისთვის შეამზადეს. ათას ცხრაას შვიდი წლიდან ათას ცხრაას ორმოცდაერთ წლამდე არაა ცოტა დრო. მისი მკვლელი პენსიას ითხოვდა, „დამსახურებულს".

ილიას მკვლელობამ ძალიან იოლად ჩაიარა რუსეთის იმპერიის დროსაც, თავისუფლების დროსაც და მერეც, საბჭოეთის ეპოქაშიც ორმოცდაერთ წლამდე. სანამ ულვაშამ არ ინება გახსენება მისი ლექსების პირველდამფასებლისა. ასე, გრძელდებოდა პიროვნების გაშავება, შეთხზული სიცრუის სინამდვილედ წარმოჩენა. საინფორმაციო საშუალებების განვითარებამ კიდევ უფრო გააადვილა ეს საქმე - იზრდებოდა და იხვეწებოდა „ერთი კაცის სიძულვილის" მანქანა.

ოთხმოციან წლებში ლამის კუმირად ქცეული ზვიად გამსახურდია, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ერის წინამძღოლად ერთხმად არჩეული, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, შეთხზული სიცრუით, აქციეს დევნილად. მასზე ნადირობაც კი გამოაცხადეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. „ცოცხალი არ გაგვექცესო", ბღაოდნენ ქართველები. და,... ზვიადიც მოვკალით. მოვკალით, რადგან პრეზიდენტი გახდა თუ არა, „თანამდებობები ახლობლებს დაურიგა, კორუფციაში ჩაფლო და ჩაახრჩო ქვეყანა, როცა გაიქცა ორმოცი მილიარდის ოქრო წაიღო და მთელი ხაზინა დააცარიელა". გეცნოთ, ხომ, ძვირფასო მეგობრებო?!...

დღემდე მიკვირს - სულ რაღაც რამდენიმე თვეში როგორ მოასწრო ამდენი რამის გაფუჭება ამ კაცმა. ერთი დაკვირვებაც უნდა გაგიზიაროთ: ქვეყნის დასაქცევად მოვლინებულმა ამოვარდნაძემ ის, რაც შეძლო გამსახურდიას მიმართ, ვერ შეძლო ოციოდე წლის ადრე, ვასილ მჟავანაძის მიმართ. მართალია, შედარებით უმტკივნეულოდ გადმოაგდო მაღალი თანამდებობიდან, მაგრამ ხალხის მცირე ნაწილშიც კი ვერ მიაღწია მჟავანაძისადმი სიძულვილს. ისეთ სიძულვილს, როგორსაც მიაღწია გამსახურდიას მიმართ.

„სანამ იყო ვასილი, ჯიბე იყო გავსილი, ახლა დადგა შევარდნაძე, შარვალი მაქვს ჩავარდნაზე" - ჩემი თაობის და უფროს ხალხს ემახსოვრება ეს „ხალხური" ლექსი. ამას „დელეცების" ანუ „ფაშისტების" მიმართ ამბობდნენ. „ფაშისტებში" მუსოლინისტებს არავინ გულისხმობდა. ფაშები რომ ჰქონდათ. ფულს რომ აკეთებდნენ ყველანაირი ხერხით.

დღეს ბიზნესმენები ჰქვიათ. ესენი ყოველ დროში და ყოველთვის არსებობდნენ და მომავალშიც იარსებებენ. უდღეური აღმოჩნდა ეს ლექსი. ვასილ მჟავანაძე ხალხს, უბრალო ადამიანებს ვერ შეაძულა. ვერც ზვიადი შეაძულა საბოლოოდ ერს. მცირე პერიოდში კი მოახერხა და მოაკვლევინა კიდეც.

დრო გადიოდა და ყველა, ვისაც ასე აძულებდნენ, დაუბრუნდა თავის სიმაღლეს. ოღონდ ყველა სიკვდილის შემდეგ. აქ კიდევ ერთიც უნდა ითქვას - როგორც წესი, ჟამთასვლა ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. არცაა აღნიშვნის ღირსი, მაგრამ ვთქვათ, ამოვარდნაძე მისმა გაზრდილმა, მისმა „სულიერმა" შვილებმა გაანადგურეს. და, რომ არა რუსების და ამერიკელების „მოწყალება", ალბათ სულს ციხეში ამოხდიდნენ (ვერ ვიტყვი, დაუმსახურებლადო). კბენით კი მწარედ უკბინეს - სიძე დაუპატიმრეს და ხარკი გადაახდევინეს. მისმა გაზრდილებმა, დემოკრატიის სახელით მოსულებმა, საქართველოს რუკა შაგრენის ტყავივით დაამცრეს, ქვეყანაში ტერორი დაამყარეს - თვითონ „წყვეტდნენ" ვინ იყო დამნაშავე და თვითონვე ხვრეტდნენ.

მოვიდნენ ახლები. ნაწილობრივ მოაცილეს ეს ჭირი ქვეყანას. პირველ ხანებში თითქოს ნორმალურად ვითარდებოდა მოვლენები. ქვეყნის განვითარების გზა დაიხვეწა. მშვიდობიანი განვითარების გზა. აფხაზეთ-სამაჩაბლოს მიმართულებითაც რაღაც ძვრები, იმედიანი ძვრებიც შეიმჩნეოდა.

ისევ ეცადნენ ქვეყანას ხელახლა დამართოდა „ერთი კაცის სიძულვილის სინდრომი". ისევ ძველი ტერმინოლოგია. ისევ ძველი მეთოდები. ადრე მოსკოვში გაქცეული ამოვარდნაძის „დანოსები", უბრალოდ, ევროპის დედაქალაქებში და ვაშინგტონში გაგზავნილ-ჩატანილმა „დანოსებმა" შეცვალეს. რაღაც დოზით, მცირეთი მაგრამ საგრძნობით, წარმატებასაც მიაღწიეს. ამის დასტურად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის მიერ ისტერიულ კივილს (დიახ, კივილი - სხვას ვერ დავარქმევ) მოვიტან. ანტიოლიგარქიული კანონი ტელევიზიების წინ ასე განმარტა - „ანტიივანიშვილიზაციაო". ქართველების ნაწილმა აღტაცებით მიიღო ეს ისტერია.

„ერთი კაცის სიძულვილის სინდრომი" მეტასტაზებივით მოედო მოსახლეობის ნაწილს. საბედნიეროდ, არც ისე ანგარიშგასაწევ ნაწილს. აქ შემაშფოთებელი ისე ისაა, რაც ოთხმოცდაათიანების დასაწყისში უკვე ვნახეთ - ინტელიგენციის წარმომადგენლებიც ავადდებიან ამ სინდრომით. საზოგადოების ცნობილი წევრებიცაა მათ შორის.

ჩემთვის ყველაზე საგანგაშო ასეთი ფაქტია: პირადად ვიცნობ ხალხს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დააზიანა წინა რეჟიმმა. სახლები გააყიდინა, ვალები ააღებინა საპროცესო გარიგებისთვის. ამ კატეგორიის ნაწილი დღეს ერთი კაცის სიძულვილის სინდრომითაა დაავადებული. ამ გზავნილის მიზანი არაა ერთი კაცის დაცვა. ბატონ ივანიშვილს ჩემი დაცვა არც არაფერს შემატებს და არც სჭირდება. ამ გზავნილის მიზანი უბრალოა - ჩემი ხალხი მინდა საერთოდ განთავისუფლდეს ერთი კაცის სიძულვილის სინდრომისგან. მისგან გამოჯანმრთელებას არ სჭირდება მსოფლიო მედიკოსების კონსილიუმი. სჭირდება ჯანსაღი აზროვნების უნარი. სჭირდება დაფიქრებული და ანალიზის უნარის მქონე ადამიანების მოსმენა.

პოლიტიკისგან შორს ვარ. უფრო სწორად, პოლიტიკისა არაფერი გამეგება. ერთს კი ვამჩნევ: ქვეყნის პოლიტიკური ტბის ზედაპირზე მოტივტივე, ძალაუფლებას მოწყურებული „პოლიტიკოსების" მიზანი ერთი კაცის დამარცხებაა. არც კი ამბობენ, რომ მათ ქვეყნის წინსვლა სწადიათ და ამისთვის განვითარების ესა და ეს გზებიაო ყველაზე ეფექტური. არა!... მათი მიზანი, ერთი კაცის დამარცხებაა - სწორედ ამ საარჩევნო ფირფიტას ატრიალებენ.

მე კი, ერთ რიგით ამომრჩეველს, ქვეყნის განვითარების, მისი გამთლიანების იდეების მოსმენა მინდა. ქვეყნის გარესამყაროსთნ დამოკიდებულების გზების ძიება მინდა დავინახო. ეს სენი უნდა მოვირჩინოთ. ისე უნდა მოვირჩინოთ, რომ მომავალში ერთი კაცის სიძულვილს ქვეყანა არ გადავაყოლოთ. ერთხელ უკვე კინაღამ გადავაყოლეთ - ორი დიდი ტერიტორიის დროებით დაკარგვად გვიღირს. მთელ საქართველოს გილოცავთ მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაულებს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!

P.S.: ზემოთ ვთქვი, ამ გზავნილის მიზანი არაა ერთი კაცის დაცვა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში დიდი უნივერსიტეტის დაარსება და, განსაკუთრებით, ადრონული თერაპიის ცენტრის კერძო ფინანსირება, რატომ უნდა დავმალო, ძალიან გამიხარდა და მეტად დიდ ქართულ საქმედ მიმაჩნია. მადლიერებას რომ იმსახურებს, ისეთ საქმედ.

P.P.S.: აქ არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც „ერთი კაცის სიძულვილის სინდრომით" ისე ღრმად არიან დაავადებულები, რომ ენერგიულად ამბობდნენ უარს ევროკანდიდატობაზე, ოღონდ... (აქ შევწყვეტ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ადვილად გადაამოწმონ ეს ინფორმაცია).

 

სოლომონ ნერგაძე (2023 წლის 18 დეკემბერი)

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×