სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    25.07.2013

    გურამ ყორანაშვილი

    ქართული ისტორიოგრაფია მატიანის ფორმით, ჩანს, უკვე ძველ ქართლში (იბერიაში) სახელმწიფოებრიობის წარმოშობისთანავე არსებობდა. სხვანაირად წარმოუდგენელია, თუ როგორ აისახა შესაბამისი ისტორიული რეალიები ყ| საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის თხზულებაში. საბედნიეროდ, ამის შემდგომ სხვა საისტორიო ნაწარმოებებიც გაჩნდა. ჩვენი დიდი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის შეხედულებით, ყველა ესენი გაერთიანდა ერთ დიდ კრებულში "ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით. ამას ადგილი ჰქონდა ქვეყნის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების დროს, კერძოდ, ყ|| საუკუნის პირველ მეოთხედში, ე.ი. საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ზეობაში. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი დიდი გონებრივი ინტერესებით გამორჩეული პიროვნებაც გახლდათ, მათ შორის, ცნობილია მისი გამორჩეული ინტერესი ისტორიის მიმართაც. მისთვის ისტორია (ისტორიოგრაფია) ოდენ წარსულის შემეცნების საშუალება კი არ იყო, არამედ საფუძველი, სახელმძღვანელოც პოლიტიკური აქტიურობისათვის. ამიტომ საფიქრებელია, რომ აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი თვითონ დავითიც ყოფილიყო. კრებულში შევიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობის თაობაზე უცნობი ნიჭიერი ისტორიკოსის მიერ დაწერილი თხზულებაც. მას მოჰყვა ორი ნაწარმოები თამარზე, შემდეგ - ლაშა გიორგის შესახებ.

    საქართველოში თათარ-მონღოლთა ბატონობა უარყოფითად აისახა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაზეც. მაგრამ მაინც შემოგვრჩა უცნობი ქართველი ისტორიკოსის ("ჟამთააღმწერლის") თხზულება, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის პერიოდის ისტორიას აღწერს.

    შემდგომ ხანაში, საქართველოს ძნელბედობებისაგან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა საისტორიო აზროვნების ჩავარდნას. მისი სერიოზული გამოსწორების ინიციატივა წამოვიდა ხელისუფლების მხრიდან - 1720-იან წლებში ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსემ შექმნა ე.წ. სწავლულ კაცთა კომისია ბერი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით. სათანადო ქართული, სპარსული და სომხური წყაროების ბაზაზე აღდგენილ იქნა ყ|ქ-ყქ|| საუკუნეების ქართული ისტორიული პროცესი. ცხადია, ამ საქმის აღსრულებაში დიდად ირჯებოდა თვითონ უდავოდ განათლებული მეფეც. თავის მხრივ, აღნიშნულმა გარემოებამ დიდი ბიძგი მისცა უფლისწულ ვახუშტი ბატონიშვილს დაეწერა თავისი დიდებული საისტორიო და საგეოგრაფიო ნაშრომი.

    1801 წლიდან მოყოლებული, მოგეხსენებათ, თანდათან უქმდებოდა ქართული სახელმწიფოებიც, რასაც, რასაკვირველია, უარყოფითად უნდა ემოქმედა ქართული ისტორიოგრაფიის განვითრებაზეც. მაგრამ სულ მთლად ასე როდი მოხდა.

    კავკასიაში მოღვაწეობდა ფართო მეცნიერული ინტერესების მქონე მოხელე პიოტრ უსლარი (1816-1875) (სხვათა შორის, წარმოშობით გერმანელი იყო), რომელსაც გაუჩნდა იდეა დაეწერა კავკასიის ისტორია უძველესი დროიდან მოყოლებული. 1851 წელს თბილისში დაარსებული გეოგრაფიული საზოგადოების დახმარებით (რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრიც თვითონ პ. უსლარი გახლდათ) და კავკასიის არმიის მთავარსარდლის და მეფისნაცვლის ალექსანდრ ბარიატინსკის შუამდგომლობით, 1858 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულებით უსლარს მართლაც დაევალა კავკასიის ისტორიის შედგენა. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა მან მიზნად დაისახა შესაბამისი ენების შესწავლა, რაც მას უდავოდ ხელეწიფებოდა. მაგრამ ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, "რა თქმა უნდა, იმ დროს ისეთი ფართო მიზნისა და გეგმის განხორციელება, როგორიც უსლარს ჰქონდა დასახული, მხოლოდ გატაცებული ადამიანის გულუბრყვილო ოცნება იყო, მაგრამ ამ გატაცებამ და აღფრთოვანებულმა მუშაობამ უსლარს ის შეაძლებინა, რომ ერთ ადამიანს კავკასიის შესასწავლად, არც მანამდე და არც მას შემდგომ, მის გარდა არავის გაუკეთებია". მართლაც, მსგავსი წამოწყება წარმატებით არ დამთავრებულა, უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შემდეგი.

    1864 წელს თბილისში დაარსებულ "კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიას" (შესაბამისი უწყება ფუნქციონირებდა 1834 წლიდან პეტერბურგში სახალხო განათლების სამინისტროსთან. კიევისა და ვილნოს (ვილნიუსის) შემდგომ მისი განყოფილება გაიხსნა თბილისში) დაევალა კავკასიის ტერიტორიაზე არსებულ საუწყებო არქივებიდან შეეკრიბა და გამოეცა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. თავისი არსებობის მანძილზე (1864-1917 წლებში) აღნიშნულმა უწყებამ გამოსცა "კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის" თორმეტი უზარმაზარი ტომი, რომელიც მიუხედავად ტენდენციურობისა, ახლაც ძვირფას საისტორიო წყაროს წარმოადგენს კავკასიის ქვეყნების შესაბამისი პერიოდის შესასწავლად. ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებს, ცხადია, ასევე ტენდენციურად ეხებოდა რიგი რუსი ისტორიკოსებისა. მეტი რამ აღნიშნული მიმართულებით მეფის რუსეთის ხელისუფლებას არ გაუკეთებია.

    მაგრამ ბოლშევიკ-კომუნისტმა ბელადებმა ფაშისტური იტალიისა და გერმანიის ხელისუფალთა მაგალითებზე შეძლეს რაღაცნაირად გაეცნობიერებინათ ისტორიის მნიშვნელობა. ამით სტიმული მიეცა ისტორიის სწავლებისა და შემეცნება-შესწავლის საქმეს. უპირველესად დასახულ იქნა მსოფლიოსა და საბჭოთა ხალხების ისტორიების სახელმძღვანელოების დაწერა. მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოთა დაწერა, ცხადია, რუსი ავტორების პრეროგატივას წარმოადგენდა. 1938 წელს, ჩანს, ლავრენტი ბერიას თაოსნობით გადაწყდა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს დაწერა. ავტორები უნდა ყოფილიყვნენ ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია. 1940 წელს წიგნი მაკეტის სახით უკვე მზად იყო და მას გაეცნო ქართული საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილი. სწორედ ამ უკანასკნელის ძალისხმევით სახელმძღვანელოდან ამოღებულ იქნა ჩვენი ისტორიის ახალი და უახლესი (1801 წლიდან მოყოლებული ე.წ. სტალინური კონსტიტუციის მიღებამდე) ხანები, რომლებიც ისტორიის ცნობილ ფალსიფიკატორ გიორგი ხაჭაპურიძეს (1892-1957) ეკუთვნოდა.

    მიუხედავად გაგანია მეორე მსოფლიო ომისა, სახელმძღვანელო საშუალო სკოლების უფროსკლასელთათვის დაიბეჭდა 1943 წელს. ქართველი კომუნისტების იმჟამინდელი ხელმძღვანელის კანდიდ ჩარკვიანის თაოსნობით სახელმძღვანელოს გაეცნო "დიდი ბელადი" იოსებ სტალინი. მან 1945 წლის ოქტომბერში სოჭში დასვენებისას სასაუბროდ მიიწვია სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი. "ბელადმა" მთლიანობაში მოიწონა სახელმძღვანელო, მაგრამ ამასთანავე გამოთქვა თავისი მოსაზრებანი წიგნის გასაუმჯობესებლად. შესწორებებით იგი ხელმეორედ დაიბეჭდა 1946 წელს, ხოლო მომდევნო წელს იგი დაჯილდოვდა სახელმწიფო პრემიით. 1950 წელს წიგნი დაიბეჭდა რუსულადაც.

    ფაქტია, რომ ჩვენი ქართული საისტორიო სახელმძღვანელო საუკეთესო იყო ანალოგიურ საბჭოურ სახელმძღვანელოთა შორის. მეტიც, იგი აშკარად აღმატება მას შემდგომ გამოქვეყნებულ ქართულ სახელმძღვანელოებსაც. სხვათ შორის, იოსებ სტალინის მიხედვით, იგი ნიმუში უნდა ყოფილიყო სხვა ანალოგიური სახელმძღვანელოებისათვისაც, რომელთა საფუძველზე უნდა დაწერილიყო საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორია (ასეთი რამის შექმნას, მიუხედავად "ბელადის" ჩანაფიქრისა, აღარც ცდილან). ქართული სახელმძღვანელოს სიკეთე ვერ მოითმინეს ჰომო სოვეტიკუსმა საბჭოთა ისტორიკოსებმა და სტალინის სიკვდილის შემდგომ გამოვიდნენ წიგნის განქიქებით, ჩათვალეს რა იგი ნაციონალისტურად, ოდენ მეფეების ისტორიად და მისთ. რა თქმა უნდა, რუსი ისტორიკოსების ფეხის ხმას აჰყვნენ ადგილობრივი, ქართველი კრიტიკანებიც. საბჭოური ტოტალიტარიზმის პირობებში არავის, მათ შორის, ნიკო ბერძენიშვილს (სიმონ ჯანაშია გარდაიცვალა 1947 წელს), ხმა არ ამოუღია მშვენიერი სახელმძღვანელოს დასაცავად.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ახალი სახელმძღვანელო უნდა დაწერილიყო, რაც შვიდი პირის (მათ შორის, ნიკო ბერძენიშვილის) ავტორობით განხორციელდა 1958 წელს. ვიმეორებთ, იგი ძველ სახელმძღვანელოს ბევრად ჩამორჩებოდა.

    საქართველოს მომდევნო კომუნისტური ხელმძღვანელობა შეხვდა ისტორიკოსთა აქტივს. მაგრამ ამ ღონისძიებას რაიმე ხელშესახები, თვალსაჩინო შედეგი არ მოუტანია. გასული საუკუნის ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს, ჩაფიქრებულ იქნა იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის იუბილეს აღსანიშნავად. თითქოს საკითხი დემოკრატიულად, მართლაც მეცნიერული გზით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ ხელისუფლებამ მხოლოდ გერონტოკრატ ისტორიკოსებს მიმართა, რომელთაც დაასკვნეს, რომ ქართული სახელმწიფოს ხნოვანება სამი ათასი წელი ყოფილა. მაგრამ ამ აზრს ხომ დასაბუთება ესაჭიროებოდა! ფაქტია, რომ ამ სერიოზულ სამეცნიერო პრობლემაზე არ გამართულა ფართო, სერიოზული ხასიათის დისკუსია. შედეგი შესაბამისი გახლდათ: საბოლოოდ ჩაფიქრებული სახელმწიფოებრივი ღონისძიება ჩაიშალა.

    დიდად სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდით, რომ საქართველოს უახლეს ხელისუფლებას (თუნდაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დონეებზე) ყურადღება გამოეჩინოს ქართული მეცნიერების უძველესი დარგისადმი. იგი დღემდე იფარგლება რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიის ჩვენებით, სათანადო პროფილის მუზეუმის დაფუძნების გარდა, ცდილობს საჯარო სკოლების უფროსკლასელები ამ მხრივ სათანადოდ გაანათლოს. არადა, უთუოდ ღირდა ხელისუფლების მხრივ ისტორიოგრაფიისადმი სერიოზული ყურადღების გამოჩენა. საქმე იმაში გახლავთ, რომ, ვიმეორებ, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, უპირველესად ე.წ. მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის ტოტალური დანერგვით ქართული ისტორიოგრაფია დიდად დაზარალდა. მეორე მიზეზია ის გარემოება, რომ იგი განზე აღმოჩნდა მსოფლიო საისტორიო მეცნიერებაში გაჩენილი ახალი ტენდენციებისაგან. ყველაფერს მმართველ რეჟიმს ვერ დავაბრალებთ, ისტორიკოსების მხრივ სათანადო მონდომების არსებობისას უთუოდ მეტის გაკეთება შეიძლებოდა (ეს ნაწილობრივ შეძლეს რუსმა ისტორიკოსებმა).

    სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებზე რომ არ ვილაპარაკოთ, არა გვაქვს საქართველოს ისტორიიის სერიოზული მრავალტომეული. 1970-80 წლებში გამოქვეყნებული "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეული დაწერილია საბჭოური კოლექტივისტური სულისკვეთებით, 88 ავტორის მიერ, რაც მითუმეტეს დღევანდელ პირობებში თითქმის არავითარ მეცნიერულ ფასეულობას არ წარმოადგენს. ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა დგას ისტორიკოსთა დიდი უმეტესობის თეორიულ-მეთოდოლოგიური მომზადებულობის დონე, თვით ერუდიციაც და ა.შ. იმავეს ვიტყოდი 2011-2012 წლებში გამოქვეყნებული საქართველოს ისტორიის ოთხტომეულისა (დაწერილია 16 ავტორის მიერ) და 2012 წელს სამი ავტორის მიერ დაწერილ საქართველოს ისტორიის ერთტომეულის თაობაზე.

    მისასალმებელი გახლავთ ის ამბავი, რომ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი შარშანდელ საშობაო ეპისტოლეში გახაზავდა დღევანდელი ქართული ისტორიოგრაფიის დაბალ დონეს, რასაც, თავის მხრივ, საბჭოური სისტემით ხსნიდა. აქედან გამომდინარე, საეკლესიო სინოდი შეეცადა გარკვეული ღონისძიებანი განეხორციელებინა პრობლემების გადასაჭრელად.

    იქნებ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება მაინც (უპირველესად, რასაკვირველია, შესაბამისი სამინისტრო) დაინტერესდეს ისტორიოგრაფიის მდგომარეობით და მისი ინიციატივით გაიმართოს ფართო დისკუსია ჩვენი უძველესი მეცნიერების მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. საკითხი ოდენ წმინდა სამეცნიერო ინტერესისა როდია: იგი ეხება საერთოდ დღევანდელ ქართველთა საისტოიო მენტალობას, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში დარგის სწავლების დონესა და საისტორიო შემეცნების ამაღლებას.. კვალავ ძალზე აქტუალურია ჩვენი დიდი წინაპრის ილიას ბრძნული შეგონებანი: "მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა..."; "...აღდგენა ისტორიისა - ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×