ელზა პაპოშვილი
23.12.2022

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - დღის საათებში, ნაძალადევში, ჯავისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე, 50 წლის მამაკაცი ბონდო კასიევი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანს“ უყვებიან, მოკლული ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან,  სავარაუდოდ, ნაცნობი მივიდა, გვერდით, სააკაძის ქუჩის მიმართულებით გაიყვანა და მისი მისამართით  სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ 2-ჯერ გაისროლა. თავდამსხმელმა მალევე შემთხვევის ადგილი დატოვა.  კასიევი მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოკლული  და მკვლელიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ,  წარსულში ნასამართლევი იყვნენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული მკვლელობა  შურისძიებას უკავშირდებოდეს. 

„კაცი ველოსიპედით მიდიოდა, ვიღაცამ დაუძახა და ისიც გაჩერდა. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. გვერდით სააკაძის ქუჩის კუთხეში გაუყვანია და რაღაცაზე საუბრობდნენ. ზოგმა თქვა კამათობდნენო. მერე გასროლის ხმა გავიგეთ. ხალხი რომ მივიდა ახლოს, კაცი იწვა დაბლა და მძიმედ იყო დაჭრილი. 2 გასროლის ხმა გავიგეთ. მსროლელი კი ადგილიდან გაიქცა. თქვეს, რომ ადრე ციხეში იჯდა ორივეო. 

შესაძლოა რაღაცა ადრინდელ  საქმეზე ჰქნოდათ კონფლიქტი და ამის გამო მოკლა. ზუსტად არავინ იცის. ფაქტია, რომ ნაცნობია და ერთმანეთს იცნობდნენ. სხვა ჩვენც არაფერი ვიცით. დამნაშვემ ტერიტორია ავტობუსით დატოვაო. გამომვლელ ავტობუს შეახტა და ვითომაც არაფერი,  ტარიტორიას ასე გაესცალა.  

მოკლული აქვე ჯავის ქუჩაზე ცხოვრობს. თავიდან ასაფეთქებელი საშუალება გვეგონა, ბავშვები რომ მაიმუნობენ-ხოლმე. მერე ვიღაცამ თქვა, მგონი კაცია დაჭრილიო და რომ მივედით, უკვე აღარ იყო. სასწრაფო მოვიდა და პოლიცია, მაგრამ გარდაცვლილი დახვდათ. სად წავა, მთელი კამერებია გარშემო და იდენტიფიცირებული ჰყავთო უკვე“, - ამბობს ჯავის ქუჩაზე მცხოვრები მამაკაცი „რეზონანსთან“.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×