ელზა პაპოშვილი
18.12.2022

კაცი, რომელმაც ქუთაისში მგაზვრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ მათი სახლში საქეიფოდ წაყვანა სურდა და დანაშაულის ჩადენა განზრახული არ ჰქონდა. შემთხვევა 16 დეკემბერს საღამოს მოხდა. ორი ნასვამი მამაკაცი ქუთაისის ერთ-ერთი ავტობუსში ავიდა და ის მგზავრებიანად გაიტაცა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტობუსის მძღოლი შესვენებაზე იყო გასული და სწორედ ამ დროს მათ საზოგადობრივი ტრანსპორტი 20 მგზავრთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ერთ-ერთი მამაკაცი საჭესთან  დაჯდა, ხოლო მეორემ  მგზავრებს განუცხადა, რომ ყველანი მათთან საქეიფოდ მიჰყავდათ. 

მათი დაკავება პოლიციამ მალევე შეძლო. ისინი ერთ-ერთ გაჩერებაზე აიყვანეს. პოლიცია მათ ძარცვის მცდელობას ედავება.  

„საღამო ხანი იქნებოდა, ავტობუსი გაჩერებაზე იდგა. მძღოლი შესვენებაზე იყო გასული. სანამ წასვლის დრო მოუვიდოდა, ყავის დასალევად ჩასულა. ორი ნასვამი მამაკაცი ავტობუსში ამ დროს ავიდა. რომ დაინახეს მძღოლი ადგილზე  არ იყო, ერთ-ერთი საჭესთან დამჯდარა, მეორეს კი ხალხისთვის გამოუცხადება - ყველანი ჩვენთან საქეიფოდ მოდიხართო. ასე 20 მდე კაცი იქნებოდა. 

„თავიდან ყველას  ხუმრობა ეგონა. მერე კი, როდესაც დაინახეს, რომ ავტობუსი სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა, მიხვდნენ - არ ხუმრობდნენ. მათი დაკავება პოლიციამ მალევე მოახერხა. სულ რამდენიმე მეტრი გაიარეს და პოლიციამ გზა მალევე ჩაუკეტათ. ორივე დაიჭირეს. სხვა ხალხმა არაფერი არ იცის. არც ფული მოუთხოვიათ და არც აგრესიულები ყოფილან... პირიქით, ხალხი იცინოდა“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

ერთ-ერთი  დაკავებულის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერჯერობით ბრალი წაყენებული არ აქვს და არ იცის ზუსტად გამოძიებას რა კვალიფიკაცია აქვს მიცემული. როგორც დვოკატი „რეზონანსთან“ ამბობს, ჯერ არ იცის რა მტკიცებულებები აქვს პოლიციას. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანს ავტობუსის მართლსაწინააღმდეგო მისკაუთრება არ წარმოადგენდა, ან ვინმეს გატაცება და მითუმეტეს ძარცვა. ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც ქცევის გაკონტროლება უჭირდა. 

„არავინ არის დაშავებული და პრაქტიკულად ავტობუსის  შეჩერებაც 20-30 მეტრში მოხდა. როგორც მგზავრები აცახდებენ, მამაკაცებს მათი საქეიფოდ წაყვანა სურდათ. სავარაუდოდ, ისინი ვერც აცნობიერებდნენ რას აკეთებდნენ. ამიტომ ძარცვის მუხლის ან სხვა მუხლების წარდგენა არასწორად მიმაჩნია“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×