ნატალია ჯვარიძე
24.04.2024

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტისკენ არ ისწრაფვიან, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში ყველა მოკავშირეს დაიცავენ. პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა კი აცხადებს, რომ ფინეთში დაგეგმილი ალიანსის სამხედრო წვრთნა მათ წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია და მოსკოვი „კოლექტიური დასავლეთის აგრესიულ ქმედებებს" აკვირდება.

„ალიანსი აგრძელებს ოდესღაც ნეიტრალური სახელმწიფოს პრაქტიკულ სამხედრო ათვისებას. აღნიშნული მანევრები რუსეთის საზღვრებთან შესაძლო სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის. საეჭვოა, რომ მიღებული იქნება ყველა აუცილებელი პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური ზომა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საფრთხის აღსაკვეთად". - აცხადებს ზახაროვა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერით, ნატო ქვეყანას ეხმარება, რათა რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები გაანადგუროს, რომელიც პოტენციურად, შეიძლება ალიანსის საფრთხეც იყოს.

„არ უნდა ვიყოყმანოთ. ჩენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. რუსეთი აგრესიული ომისთვის მხარდაჭერას იღებს ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ეს გვახსენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგინალური, იგი გლობალურია, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება.

„ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან კონფლიქტს, მაგრამ დავიცავთ ჩვენს 1 მილიარდ ადამიანს. ნატოს ათასი ჯარისკაცი აქ, პოლონეთში აგზავნის უტყუარ გზავნილს, რომ ალიანსი ყველა მოკავშირეს დაიცავს.

უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება. მათი მხარდაჭერა ჩვენს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა და ალტერნატივა უფრო ძვირი ჯდება". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტის კორნელი კაკაჩიას შეფასებით, როგორც რუსეთს, ასეცე ნატოს კარგად ესმით თუ რას გამოიწვევს სამხედრო დაპირისპირება, ამიტომ ყველანაირად ერიდებიან.

როგორც იგი აღნიშნავს, თუ რუსეთი წითელ ხაზს არ გადაკვეთს და ნატოს წევრ ქვეყნებს არ შეეხება, იქამდე ალიანსი მხოლოდ თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული. მისივე თქმით, გამორიცხული არაფერია და გარკვეული რისკები სულ არის, მთავარია რუსეთის მხრიდან არ მოხდეს რაიმე ინციდენტი, რაც გადაიზრდება სერიოზულ დაძაბულობაში.

„იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება გასაგებია, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია და მათი მხრიდან ყოველდღიურად ვხვდებით განცხადებებს, ორივე მხარე ცდილობს, რომ ერთმანეთს გადააბრალონ.

„მე მგონია, რომ როგორც რუსეთს, ასევე ნატოს კარგად ესმით თუ რას გამოიწვევს სამხედრო დაპირისპირება, ამიტომ ყველანაირად ერიდებიან. ნატო თავისი განხადებებით რუსეთს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ის თავის მოკავშირე ქვეყნებს დაიცავს. ამავე დროს, რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მათ გადააბრალოს. ამას ძირითადად საკუთარი ხალხის მობილიზაციისთვის იყენებს, რომ თითქოს რუსეთი დაპირისპირებულია დასავლეთს და არა უკრაინას, რადგან ეს უხერხულობა რაღაცნაირად გადაიფაროს. რუსი ჯარისკაცები კლავენ უკრაინელებს, რომლებიც ასევე სლავები არიან და რუს ხალხს ეს არ მოსწონთ.

„უახლოეს მომავალში მათი სამხედრო დაპირისპირების რისკები ნაკლებად მოსალოდნელია, თუ რუსეთი წითელ ხაზებს არ გადაკვეთს. ასეთი წითელი ხაზი არის ის, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებს არ უნდა შეეხოს. ამ ეტაპზე სხვა წითელი ხაზები არ არსებობს. თუმცა, რასაკვირველია, გამორიცხული არაფერია და გარკვეული რისკები სულ არის. მთავარია, რუსეთის მხრიდან არ მოხდეს რაიმე ინციდენტი, რაც გადაიზრდება სერიოზულ დაძაბულობაში". - აცხადებს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×