ნატალია ჯვარიძე
06.04.2024

ბოლო დროს როგორც რუსული, ისე უკრაინული წყაროები ინტენსიურად საუბრობენ, რომ დათბება თუ არა, რუსები ქალაქ ხარკოვის აღებას შეეცდებიან. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ასეთი საფრთხის არსებობას გადაჭრით უარყოფს. ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთან პროგნოზი და შეფასებები კი არაერთგვაროვანია.

4 აპრილს გამოცემა „პოლიტიკოსთან" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმარკის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას სერიოზული ვნებათაღელვაც მოჰყვა. ინტერვიუში ერმაკი აცხადებს, რომ რუსების დიდი შეტევა ხარკოვის მიმართულებით, სავარაუდოდ, მაისი-ივნისიდან დაიწყება. თუმცა, მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგანგები განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ერმაკის სიტყვები ჟურნალისტმა არასწორად გაიგო და ერმარკს მხედველობაში ჰქონდა სარაკეტო დარტყმები ხარკოვზე და არა რუსების სახმელეთო ოპერაცია.

ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, სადაც სამხედრო დანიშნულების მრავალი სტრატეგიული ობიექტია განთავსებული. ამ და ბევრი სხვა მიზეზების გამო, რუსებისთვის ამ ქალაქის აღებას განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს და შემთხვევითი არ იყო, რომ ომის პირველ თვეებში მათი იერიშების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ხარკოვი იყო.

როგორც საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ უახლოეს მომავალში ხარკოვზე შეტევა განახორციელოს. თუმცა უკრაინაში ამ საშიშროებაზე ლაპარაკობენ იმისათვის, რომ დასავლეთმა დახმარება გაუზარდოს

„რუსებმა რომ ხარკოვზე სრულმასშტაბიანი დარტყმები განახორციელონ, მათ 200-ათასიანი დაჯგუფება მაინც სჭირდებათ, ამის მალულად გაკეთება კი არ შეუძლიათ. ვთქვათ, პირობითად, მოხდა ისე, რომ შეიქმნა. აუცილებელი ხომ არის ჯარის და შეტევის რაიონების მომზადება და ასე ფარულად ეს როგორ მოხდება? ურთულესი საკითხია.

„ახლა დაიწყება ჯარში გაწვევა. ახლებს, ძირითადად, შიდა ბაზების დაცვისთვის ანაწილებენ. წინა ხაზზე რომ დააყენონ, მათი მომზადებისთვის 6 თვე მაინცაა საჭირო. 250 ათასს ისინი მაინც ვერ ააგროვებენ, რადგან 150-ათასიანი გეგმა აქვთ. ისეც ვერ მოხდება, რომ სხვა მიმართულებიდან გადმოყვანონ ხარკოვზე დარტყმისთვის, რადგან ყველგან გადანაწილებული ჰყავთ და იმ ტერიტორებს ვერანაირად ვერ შეასუსტებენ.

„ამრიგად, მე ეჭვი მეპარება, რომ ისინი ხარკოვზე შეტევას განახორციელებენ. მითუმეტეს, რომ ხარკოვს სამი თავდაცვითი ზღუდე აქვს მოწყობილი და მზად არის თავდაცვისთვის. უფრო მოსალოდნელია, რომ ზაპოროჟიეს მიმათულებით შეუტიონ, ოღონდ თუკი შეძლეს და მოაგროვეს შესაბამისი ჯარი და ჰქონდათ ამის საშუალება. იმაზე ლაპარაკი, რომ რუსები მაისში განახორციელებენ ხარკოვზე დარტყმას აბსურდია. ერთ თვეში რა უნდა მოამზადონ, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყონ? თუმცა ეს არ გამორიცხავს დაბომბვებს და ლოკალურ შეტევებს პოზიციების გაუმჯობესებისთვის. ჩემი აზრით, ამის საშიშროებაზე ლაპარაკობენ იმისათვის, რომ დასავლეთმა (უკრაინას) დახმარება გაუზარდოს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით კი, გამორიცხული არ არის რუსეთმა მაისიდან სრულმასშტაბიანი შეტევა ხარკოვის მიმართულებით მართლაც დაიწყოს. უახლოეს დღეებში კი, მისივე თქმით, ქალაქ წითელ ლიმანზე იქნება სერიოზული შეტევების სერია.

„ეს სავსებით რეალური საფრთხეა, რადგან ახლა რუსებმა საბრძოლო მოქმედებები დონეცკის და ლუგანსკის მიმართულელებით გააქტიურეს. ბრძოლა ქალაქის გარეუბნებში მიმდინარეობს. თუ რუსებმა ჩასივ-იარი დაიკავეს, ისინი პირდაპირ სლავიანსკს და კრამატორსკს უახლოვდებიან, რომლებიც საყრდენი წერტილები და მთავარი თავდაცვის ხაზია. თუ ისინიც აიღეს მაშინ, მთლიანად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებას შეძლებენ. ამის შემდგომ მათ საშუალება ექნებათ სამი მხრიდან დარტყმის განხორციელება ხარკოვის მიმართულებით: უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან - ბელგოროდიდან და კურსკიდან სუმის რეგიონის მიმართულებით და ასევე დონეცკიდან და ლუგანსკიდან პირდაპირ ხარკოვისკენ გაიჭრებიან. ფაქტობრივად, მათ ხარკოვის ფრონტზე გააქტიურების საშუალება ექნებათ. იქამდე ისინი წითელი ლიმანს უხალოვდებიან და ალბათ, უახლოეს დღეებში იქ სერიოზული შეტევების სერია იქნება.

„მე მესმი უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომ არ ახმოვანებენ ამხელა საფრთხეს, რადგან შემდეგ პანიკა დაიწყება როგორც მათ შეიარაღებულ ძალებში, ისე მოსახლეობაში. თუმცა მათ კარგად ესმით, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან.

„რუსულ სამხედრო გამოცემებში ამბობენ, რომ ხარკოვი ასაღებია. ერთ დახურულ სოციალურ ქსელში წავიკითხე, რომ პირდაპირ იხილება მისი აღების კონკრეტული ოპერატიული მიდგომები და გეგმები. ასე რომ, ხარკოვის აღება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ამით მათ თავიანთი პოლიტიკური ამოცანები მიღწეულად ჩათვალონ და შემდგომ ტერიტორიების უფრო გაფართოებას ეცდებიან.

„სავსებით შესაძლებელია მაისი-ივნისში უკვე დაიწყონ ეს დიდი შეტევა, რადგან კლიმატური პირობები შეიცვლება და დათბება. პუტინმა არჩევნებში თავის მიზანს მიაღწია და ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ხარკოვის აღებით ომი დასრულდება. ეს ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდება", - განაცხდა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×