თამთა ჩაჩანიძე
04.04.2024

კრემლის ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები უკვე პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა მისული, მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებები დასავლური ჯარის უკრაინაში განთავსებაზე პროვოკაციულია და შესაძლოა ზუსტად ეს გახდეს დიდი დაპირისპირების მიზეზი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ კრემლისგან არაფერია გამორიცხული და არც ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საფრანგეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მოხდეს.

„რუსეთი იმუქრება, რომ თუ უკრაინაში საფრანგეთი ჩაერია, შესაძლოა ევროპის კონტინენტზე მოხდეს საბრძოლო მოქმედებების გადატანა. არაა გამორიცხული, რომ ანალოგიური აფეთქება ჩვენს რეგიონშიც მოხდეს, რადგან, როგორც ჩანს, სომხეთის ნაბიჯებსაც ითვალისწინებენ. საფრანგეთი აქტიურობს არა მხლოდ უკრაინის, არამედ სომხეთის მიმართულებითაც და 5 აპირლის აშშ-სომხეთ-ევროკავშირის არაფორმალური შეხვედრაც ამის გამოძახილია.

„პუტინს იმაზე მეტი აქვს შეიარაღებაზე დახარჯული, ვიდრე ის ღიად საუბრობს. თუ უკრაინაში დასავლური ჯარები მართლაც შევიდნენ, არაა გამორიცხული, რომ რუსეთი მოლდოვაში შეიჭრას, განახორციელოს თავდასხმა რუმინეთზე, პოლონეთზე. ასევე რუსეთმა და ბელარუსმა სუვალკის კორიდორი დაიკავონ. ბევრი სცენარია და თუ უკრაინაში ჯარები შევიდნენ, რუსეთი უკვე უკან აღარ დაიხევს, იმ დონეზე არიან მისულები, რომ მათთვის უკვე სულერთია.

„განსაკუთრებული წინააღმდეგობა საფრანგეთთან აქვთ, რადგან რუსებმა ფრანგები თავიანთი სტრატეგიული გავლენის ზონიდან გააძევეს, ცენტრალური აფრიკის ყოფილი კოლონიიდან და ფრანგები ამას არ აპატიებენ. თუ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში შესულ საფრანგეთის კონტინგენტს დაარტყა, ფაქტიურად საფრანგეთ-რუსეთის ომი დაიწყება უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

უკრაინის კრიზისი შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს ნატო-ს თუნდ ერთი-ორი ქვეყნის მხრიდან ავანტიურული ქმედებების შედეგად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

„ნატო-ს წევრი თუნდაც ერთი-ორი ქვეყნის ავანტიურული ქმედებების შედეგად უკრაინის კრიზისი შეიძლება გასცდეს მის გეოგრაფიულ საზღვრებს და სულ სხვა მასშტაბები შეიძინოს", - განაცხადა მან.

ალექსანდრე გრუშკოს თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნაზე „მიუთითებს ესკალაციის გზით სვლის მზადყოფნაზე იმ პირობებში, როდესაც თავად დასავლეთი ადგილზე სტრატეგიულ მარცხს განიცდის და ასეთი სიტყვები მიუღებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს მხრიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის შექმნილი ნებისმიერი საფრთხე უპასუხოდ არ დარჩება.

მანამდე, დუმის ვიცე-სპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ ფრანგ ჟურნალისტს ინტერვიუში უთხრა, რომ რუსეთი დახოცავს ყველა ფრანგ სამხედროს, ვინც უკრაინის მიწაზე ფეხს დადგამსო. ისიც დაუმატა, რომ 160-ზე მეტი ფრანგი უკვე მოკლულია ამ ომის განმავლობაშიო.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლა პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა.

„მართლაც, ნატო-ს ქვეყნები, თავად ალიანსი უკვე უკრაინის კონფლიქტშია ჩართული. ნატო ჩვენი საზღვრებისკენ გადაადგილებას, ჩვენი საზღვრებისკენ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას აგრძელებს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი ამჟამად არ იგეგმება.

„პრეზიდენტი პუტინი დიალოგისთვის ღიაა. მას აქტიური საერთაშორისო დიალოგი აქვს მათთან, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებით არის დაინტერესებული. პუტინი რთული, ზოგჯერ კი ძალიან რთული გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაჭრის ინტერესების ფარგლებში დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის. ამჟამად, უმაღლეს დონეზე კონტაქტი არ იგეგმება", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×