ნატალია ჯვარიძე
03.04.2024

გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მათივე თქმით, პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის გამოფიტვა შეუძლია და ევროპელი ლიდერების ერთიანობის გამოცდას ცდილობს, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მისმა აგრესიამ არ გაამართლოს.

ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხზე „ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანალენა ბერბოკმა, რადოსლავ სიკორსკიმ და სტეფან სეჟურნემ გამოცემა „პოლიტიკოში" ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საერთო უსაფრთხოების დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლოს ასაღებად, ალიანსის ევროპელმა წევრებმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან: პირველ რიგში, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა დაიხარჯოს. მეორე, ალიანსის წევრებმა შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის და წარმოების გაზრდისთვის კონტინენტის ინდუსტრიული პოტენციალი სრულად უნდა გამოიყენონ. მესამე, ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭიროა მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირება.

„ევროპელმა მოკავშირეებმა ნატოს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი საკუთარ თავზე უნდა აიღონ და ევროპის დაცვის მზადყოფნა გამოავლინონ. ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირი ჩვენი უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს და ჩვენ, ევროპელებმა იმ ხარვეზებს უნდა გადავხედოთ, რომლებმაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში თავი იჩინა: შესაძლებლობების ხარვეზები, შეიარაღებული ძლების მზადყოფნა, წარმოების შესაძლებლობები, ლოგისტიკა, სტანდარტიზაცია და თავსებადობა.

აგრესიული ომიდან ორი წლის შემდეგ, პუტინი თავის სტრატეგიას არასწორ გათვლებზე აფუძვნებს. ის ფიქრობს, რომ მას უკრაინის გამოფიტვა შეუძლია და ასევე ჩვენს მხარდაჭერას გაძლება. იგი ჩვენი ერთიანობის გამოცდას ცდილობს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისმა აგრესიამ არ გაამართლოს, არც ახლა და არც მომავალში"- წერენ მინისტრები.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტის, კორნელი კაკაჩიას აზრით, მინისტრების განცხადება უკრაინის დახმარების გაზრდას გულისხმობს. მისივე თქმით, ამ კუთხით საუბარია იმაზე, რომ ნატომ 100 მილიარდიანი ფონდი უკრაინის დასახმარებლად შექმნას .

„ნატომ, როგორც ორგანიზაციამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად მათ ეხმარებიან. სწორედ ეს იგულისხმეს ევროპელმა მინისტრებმა, რადგან რუსეთის უკრაინაში გამარჯვება ეს ავტომატურად ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას გულისხმობს. ამ კუთხით საუბარია, რომ ნატომ 100 მილიარდიანი ფონდი შექმნას, რომელიც ისევ და ისევ უკრაინას დაეხმარება.

„როგორც ვიცით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნევნებში დონალდ ტრამპიც იღებს მონაწილეობას და არის შანსი, რომ ის ხელისუფლებაში დაბრუნდეს, რაც თავისთავად უკრაინის დახმარებას უფრო გაართულებს.

„ევროპის უსაფრთხოებისთვის ეს უდიდესი პრობლემა იქნება, რადგან პირობითად, თუ აშშ არ იქნება, მაშინ ევროკავშირში დიდი ხანია არის საუბრები, რომ ევროკავშირი გარკვეულწილად ავტონომია იქნება და თვითონ იზრუნონ უსაფრთხოების სტრუქტურების შესაქმნელად, რა თქმა უნდა, ნატოსთან შესაბამისობაში იქნება. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ- ის მხრიდან ჩართულობა არ იქნება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერჯერობით წინასწარ რთულია". - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×