ელზა პაპოშვილი
06.03.2024

კვლავ მძიმეა ვითარება უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 70-მდე მძიმე შეტაკება დაფიქსირდა. ბახმუტის მიმართულებით მდებარე სოფელ ივან-ივსკესთან სასტიკი ბრძოლების შესახებ იტყობინება უკრაინის აღმოსავლეთ ძალების წარმომადგენლობა. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტები ჩასივ-იარის დასახლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

დანაკარგზე, ტრადიციულად, არ საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შეტევაზე გადადიან, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით. საოკუპაციო ძალა 800-მდე მოკლული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებს ცნობებს.   

5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა რუსულ საპატრულო გემ სერგეი კოტოვს დაარტყეს. ეს იყო უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია. 

უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია. „ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან დაკავშირებით. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება და არ იქნება მათთვის უსაფრთხო სივრცე ცაზე - ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მხრიდან მოწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.     

ამის პარალელურად კი ევროპა კვლავ გამოსავლის ძიებაშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, რომ მშიშრები არ იყვნენ და უფრო თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ. მისი თქმით, ევროპა უახლოვდება იმ მომენტს, სადაც შიში დამღუპველი იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩეხეთში ვიზიტის დროს ასევე გაიმეორა დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადება და თქვა, რომ ეს ევროპის ომიც არის. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ.   

მაკრონის ამ განცხადებებს კი განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან მოჰყვა კრიტიკა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ მაკრონის ნათქვამი არ იყო სწორი, რადგან ახლა არაა საჭირო დისკუსია იმაზე ევროპაში უკრაინის ომთან დაკავშირებით ვის უფრო მეტი გამბედაობა აქვს. 

მაკრონი შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს, რათა განეხილათ ჩეხეთის გეგმა, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ევროპის გარეთ გულისხმობს. მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ამ გეგმას და ასევე მხარს უჭერს ევროპაში რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად. 

შეერთებული შტატებში კი მიიჩნევენ, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „გვჯერა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც მათ შეუძლიათ განახორციელონ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად,” - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ის ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემის ჩაძირვის ფაქტსაც გამოეხმაურა. „გვჯერა, რომ მათ მარაგში რამდენიმე სიურპრიზი აქვთ", - აღნიშნა მილერმა.  

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხაროდ ევროპაში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით პოზიციები არაერთგვაროვანია, რაც უკრაინის ფრონტზე დამატებით პრობლემებს ქმნის. მითუმეტეს, ამერიკის გაჯანჯლებული დახმარების ფონზე, ევროპამ გამოსავალი და კონსენსუსი დახმარების თაობაზე სწრაფად უნდა მიიღოს.     

„რასაც ახლა ამერიკაში უკრაინისთვის იარაღის დახმარების კუთხით ვხედავთ, ეს მარაზმია.  რაც ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში ხდება, ყველანაირ აზრს არის მოკლებული. სპეციალურად, ათასი ყურით მოთრეული მიზეზით ცდილობენ უკრაინისთვის ამ 60 მილიარდის დახმარების  გაჯანჯლებას. ეს კი უკრაინაზე ძალიან დამღუპველად მოქმედებს და ფრონტის ხაზზე ამან შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.    

„ამის პარალელურად კი ვხედავთ ევროპაში რა სახის დაპირისპირება დაიწყო. მითუმეტეს გერმანიასა და საფრანგეთს შორის. ერთმანეთს საჯაროდ  უკვე დახმარებასაც კი უთვლიან. ჩეხეთმა შესთავაზა ევროპას, რომ უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ ქვეყნებში ვიყიდოთო. ამაზე გერმანია თანახმაა, მაგრამ მაკრონს უნდა, რომ ეს ფული ისევ ევროპის ქარხნებში ჩაიდოს და წარმოება იქ მოხდეს. ეს კი დროს მოითხოვს, დრო კი უკრაინელებისთვის სიცოცხლის ფასი ჯდება. 

„ამიტომ დროზე უნდა გამოინახოს რაღაცა გამოსავალი, რომ ამით რუსეთი სარგებლობს და ფრონტის ხაზზე დაწოლას აძლიერებს. ვხედავთ ოდესაში რაც მოხდა და როგორ უტევს სამოქალაქო დაწესებულებებსაც კი. ამიტომ დროზეა გამოსავალი მოსაძებნი და ეს დაპირისპირება უკრაინას უჯდება ძვირად. 

„მაკრონის განცხადება სრულიად სწორი იყო და მას არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. მან თქვა, რომ ამ გაწელილი დახმარების ფონზე სჯობს დროზე ვიმოქმედოთ, თორემ ბოლოს უკრაინაში ისეთი სიტუაცია  იქნება, დასავლეთს მოუწევს ჯარით დახმარებაო. აქ უკვე მხოლოდ იარაღით დახმარება აღარ იქნება საჭიროვო. ამაში სიმართლეს ამბობს და მაკრონის განცხადება რეალობასთან ახლოს არის“,-ამბობს ალადაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×