რეზონანსი
05.03.2024

 რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების რუსეთიდან გაძევებასა და მათ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას ითხოვს. მიზეზი ისაა, რომ მათ უარი განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მედვედევის განცხადებებს სხვა ფუნქცია აკისრია და რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა ამაზე არ არის აგებული.

„რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ძალიან ხშირად უცნაურ და არარეალურ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. იგი ხშირად ამბობს, რომ უკრაინა, როგორც ცალკე სახელმწიფო, არ არსებობს და იგი რუსეთის შემადგენლობაში შედის. ამის ფონზე მგონია, რომ ეს განცხადება არ არის სერიოზული და ყოველგვარ აზრსაა მოკლებული.

„მედვედევმა თქვა, რომ ისინი შეამცირებენ დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს რუსეთზე არ არის დამოკიდებული, თვითონ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს აღარ სურთ დიპლომატიური ურთიერთობა მათთან.

„დიმიტრი მედვედევის როლი დღევანდელ რუსეთში არის ის, რომ გაახმოვანოს რადიკალური შეხედულებები, რომელიც არსებობს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. დაახლოებით იგივეს აკეთებდა რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკიც. მედვედევს უნდა ქვეყნის შიგნით შეძლოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ანტიდასავლური ნარატივის სასარგებლოდ. იგი ხშირად რადიკალურ შეხედულებებს ახმოვანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება მას მოუსმენს.

„რუსეთსა და ევროკავშირს შორის ისედაც გაფუჭებულია ურთიერთობა და ამაზე მეტად რაღა შეიძლება მოხდეს?! ასე რომ, დიმიტრი მედვედევის განცხადება საერთოდ არაფრის მომტანია, მას არანაირი დატვირთვა არ გააჩნია", - განაცხადა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გარკვეული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეხვედრაზე მიიწვია, მაგრამ დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ამის შემდგომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ „X"-ზე დაწერა, რომ ეს ეწინააღმდეგება დიპლომატიური მისიების არსებობისა და ელჩების დანიშვნის იდეას. სწორედ ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთიდან უნდა გააგდონ და მათ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე უნდა შემცირდეს.

„რუსეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ვითომცდა ბრიუსელის რჩევით. ეს ეწინააღმდეგება დიპლომატიური მისიების არსებობისა და ელჩების დანიშვნის იდეას.

„ფაქტობრივად, ყველა ეს ელჩი უნდა გააძევონ რუსეთიდან და შემცირდეს დიპლომატიური ურთიერთობების დონე ევროკავშირის ქვეყნებთან", - წერს მედვედევი სოციალურ ქსელ X-ზე.

ავტორი: ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×