ელზა პაპოშვილი
04.03.2024

კახეთში უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი, რომელმაც ორი თანასოფლელი პენსიონერი პენსიის რიგში მოკლა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ პროკურატურის ყველა ბრალდება გაიზიარა და მას 18 წლამდე პატიმურობა მიესაჯა. 

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილობრივების ვერსიით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრალდებულსა და ერთ- ერთ გარდაცვლილს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც, სავარაუდოდ, 31 წლის გიორგი ფარსადანიშვილმა შურისძიების მიზნით, სახლიდან იარაღი გამოიტანა და პენსიონერებს გივი კობერიძესა და მერაბ ზალუაშვილს ესროლა, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.     

„სასტიკ მკვლელობას წინ, როგორც ვიცით,  სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ერთ-ერთ პენსიონერს მისთვის სახეში გაურტყამს. რის გამო მოუვიდათ დაპირისპირება, შენ ჩვენზე წინ არ იყავიო და ამაზე მოხდა შეკამათება. გაბრაზებული წავიდა, სახლიდან იარაღი გამოიტანა, ჩაუსაფრდათ და ორივე ადგილზე ჩაცხრილა. ნასვამი იყო დანაშაულის ჩადენის დროს. მეზობლების მკვლელობის შემდეგ სოფლის ცენტრიდან გაიქცა, თუმცა, პოლიციამ მალევე აიყვანა. გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაშიც კი მკურნალობდა“,-ამბობენ ბრალდებულის თანასოფლელები. 

გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადობა დაუდგინდა.      

კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×