ნაზი ბერიძე
10.02.2024

გასულ კვირას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენა, მის ნაცვლად კი ამ პოსტზე სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. „დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვას ახალი გუნდი იღებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზალუჟნი უკრაინაში ერთგვარად საკულტო ფიგურაა და ბევრისთვის, არც მეტი არც ნაკლები, ეროვნულ გმირადაც იქცა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს სამხედრო წრეებში და უკრაინის დასავლელ პარტნიორებში. სირსკის ასეთი პოპულარობა არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეაქვთ, აღნიშნავენ, რომ ბევრ წარმატებულ ოპერაციასთან ერთად, წარუმატებელი სამხედრო კამპანიებიც უწარმოებია, თანაც დიდძალი მსხვერპლითაც. ამიტომ, მოძულეები მას „ყასაბადაც" მოიხსენიებენ. (მაგალითად, პარასკევს „პოლიტიკომ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ზელენსკის მიერ დანიშნულ ახალ სარდალს „ყასაბის" რეპუტაცია აქვს".)

თანაც, ის რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი, და მისი ოჯახიც რუსეთში ცხოვრობს. ეს უკრაინაში, ისევე როგორც დასავლეთის გარკვეული წრეებში ეჭვებს იწვევს.

ამასთან, ზალუჟნსგან განსხვავებით, სირსკი მორჩილი სარდალია და ნაკლებად სავარაუდოა პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას სამხედრო ოპერაციების მსვლელობაზე ზემოქმედებაში ხელი შეუშალოს, რაც ასევე აკნინებს მას სამხედროების თვალში.

სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" ცვლილების მთავარ მოტივად წარუმატებელ კონტრშეტევას, უთანხმოებას პრეზიდენტსა და ზალუჟნის შორის, ასევე „ომში ახალი იმპულსის შეტანის" საჭიროებას ასახელებენ.

რაც შეეხება სირსკის, ის გამორჩეული სამხედრო მოხელეა და ექსპერტების მოსაზრებით, იქნება წარმატებული ფრონტზე, თუნდაც იმით, რომ ახალ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს შეიტანს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ცვლილების ერთერთი მიზეზი კონტრშეტევის წარუმატებლად დაგვირგვინებაა. თუმცა ეჭვი შეაქვს ამ ვერსიაში, და ამბობს, რომ კონტრშეტევა ხორციელდებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით და იგი იყო მოუმზადებელი.

არეშიძის თქმითვე, არსებობდა დაპირისპირება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის. და პრობლემა იყო ის, რომ ზელენსკი ზალუჟნიზე პოპულარული იყო და არჩევნებში თუ მიიღებდა მონაწილეობას, როგორ დასრულდებოდა ეს არჩევნები, არავინ არ იცის. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ ზალუჟნის ახლაც შეუძლია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს.

„რაც შეეხება სირსკის, ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია და წარმოშობა. სირსკის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული ნდობა არ არის, საქმე ისაა, რომ სირსკი არ არის უკრაინაში დაბადებული - რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი. მისი ოჯახის წევრები და ძმა ოლეგი დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვლადიმირში და როდესაც ჟურნალისტები მათთან მიდიან, ისინი პასუხობენ, სირსკისთან კონტაქტი არა გვაქვს და ჩვენთან ნუ მოდიხართო. სირსკის ამის გამო აქვს პრობლემები როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. იქ მას მოღალატედ მიიჩნევენ. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, ისაა, რომ სირსკის ვაჟიშვილი ცხოვრობს ავსტრალიაში და სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობს. ეს იწვევს უკრაინელებში გაღიზიანებას.

„როგორც სამხედრო ხელმძღვანელმა სირსკიმ საკმაოდ გამოიჩინა თავი და რამდენიმე წარმატებულ სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, ისე არაა, თითქოს ვიღაცა ქუჩიდან მოყვანილი დანიშნეს. მაგრამ დასავლეთში სწორედ იმიტომ, რომ სირსკი არის წარმოშობით რუსეთიდან, ეჭვიანობა დაიწყეს. ვერ გეტყვით, ამის საფუძველი აქვთ თუ არა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯონ კირბიმ განაცხადა ვინც გინდა დანიშნონ მთავარსარდლად უკრაინაში ამერიკისთვის არსებითად არაფერს არ ცვლისო, მე ვიცი, რომ კულუარებში ამ დანიშვნით კმაყოფილები არ არიან," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ზალუჟნის ჩანაცვლების რამდენიმე მიზეზს ასახელებს და მიაჩნია, რომ სირსკი წარმატებული მთავარსარდალი იქნება.

„პირველ რიგში ალბათ იმიტომ შეცვალა, რომ ფრონტზე საჭიროა ახალი იმპულსის შეტანა, რათა მოხდეს გამოცოცხლება. ზელენსკის პოზიციაზე მაქვს საუბარი ახალი საბრძოლო მოქმედებებისთვის. მეორე როგორც ჩანს არსებობდა სერიოზული დაპირისპირება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის. ჩანდა კიდეც სამხედრო-ოპერატიული დაგეგმარების კონტექსტში სერიოზული უთანხმოებები. ეს გასაკვირი არც არის საომარი მოქმედებების პირობებში რამე განსაკუთრებული ტიპის მოვლენა. მესამე, ზელენსკის უნდოდა რომ გადაებრალებინა წარუმატებელი სტრატეგიული შეტევის ჩავარდნა, რომელიც იგეგმებოდა ამ ზაფხულს და შემოდგომაზე, და რომ ეს იყო ზალუჟნის ბრალი. მეოთხე, ზელენსკი ზალუჟნის განიხილავდა როგორც მომავალ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.

„მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 30 მაისს არჩეულ პრეზიდენტს ეწურება საპრეზიდენტო ვადა უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები საბრძოლო საომარი მოქმედებების პირობებში ალბათ არ ჩატარდება, მაგრამ რომ ჩატარებულიყო, ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი იქნებოდა ვალერი ზალუჟნი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

„რაც შეეხება სირსკის, ის გამოცდილი სამხედრო მხედართმთავარია. ყოველ შემთხვევაში, ის არ იყო ზალუჟნის გუნდის წევრი, მაგრამ მონაწილეობდა ბახმუტის თავდაცვით ოპერაციებში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეძლო რუსი ოკუპანტების ძალების შეკავება. ყოველ შემთხვევაში, თავისი მისია შეასრულა. შეიძლება ტექნოლოგიურად უფრო ახალი ინოვაციები შემოიტანოს საბრძოლო მოქმედებების დაგეგმარებაში. როგორი იქნება, ამას დრო გვიჩვენებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×