თამთა ჩაჩანიძე
08.02.2024

ევროკავშირმა მოლდოვას, გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ფარგლებში, კანონმდებლობის სქრინინგი დაიწყო, რომელიც მოიცავს ქვეყნის კანონმდებლობაში ხარვეზების აღმოფხვრას და ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანას. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „სქრინინგის" დაწყებისას მხარეები აჯამებენ თუ რა არის შესრულებილი და რა არა კონკრეტული ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებებიდან, რომელსაც ევროკავშირმა მოლაპარაკებების დაწყებაზე მწვანე შუქი აუნთო.

„სკრინინგის პროცესს ყველა ქვეყანა გადის, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს იწყებს. ამ დროს ორივე მხარე ჯდება და აჯამებენ თუ რა შეასრულა ქვეყანამ იმ აღებული ვალდებულებებიდან და რა - არა, რომელ საკითხზეა სამუაო. რამდენიმე საკითხია და ყველგან ერთნაირი პროგრესი ვერ იქნება.

„უკრაინის ომმა სიტუაცია შეცვალა და პროცესი უფრო სწრაფად წავა. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ომი სკრინინგის კლასიკური სახის ჩატარების თვალსაზრისით შემაფერხებელი ფაქტორია, მაგრამ მეორეს მხრივ შექმნილი სიტუაცია პროცესს აჩქარებს კიდეც. ძალიან არაბუნებრივი იქნება, რომ უკრაინას ომის პირობებში მოსთხოვო საოცრებები გააკეთოს.

„მოლდოვასთან ცოტა სხვანაირი მიდგომა იქნება, ამ ყველაფერს უკვე მთლიანად მოსთხოვენ. აქამდე პროცესი შედარებით ადვილი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც მოლაპარაკებების პროცესი იწყება, ევროკავშირი ძალიან მკაცრი ხდება, მათ შორის უკრაინისა და მოლდოვასთან დაკავშირებით, რადგან მთლიანობაში ერთვება კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობა და თუ მანამდე გეოპოლიტიკური და სხვა მოსაზრებების გამო ხუჭავდნენ თვალს, ახლა არცერთი ევროპული სახელმწიფო თვალს არ დახუჭავს, მათ შორის ისეთ თემებზე, რომელიც ევროკავშირის მომავალს ეხება.

„რაც შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა კორუფცია, კანონის უზენაესობა და სხვა საკითხები, ამაზე თავად წევრი სახელმწიფოები თვალს არ დაუჭავენ, რადგან ამის პრეცენდენტი ერთხელ რომ გაჩნდეს, ვიღაცამ ეს პროცესი სწრაფად რომ გაიაროს, დაუმსახურებლად, რა თქმა უნდა, ეს მთლიანად გაფართოების პროცესს ხელს შეუშლის. ამ ქვეყნების გარდა, ბალკანეთში უამრავი ქვეყანაა, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია. ეს თანაბარუფლებიანი პროცესი უნდა იყოს და უსამართლობის შეგრძნება არავის უნდა ჰქონდეს. სკრინინგ პროცესი მოლაპარაკებების დაწყებას უკავშირდება და ჯერ ჩვენგან ძალიან შორსაა",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის ე.წ. სკრინინგის პროცესი დაიწყო. მოლდოვის დელეგაცია ბრიუსელში შეხვდა პარტნიორებს ევროკომისიაში, რომლებთანაც ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში იმუშავებს.

გასულ თვეში უკრაინის დელეგაციამ ასევე მიიღო მონაწილეობა სკრინინგის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში - ეს არის უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე უნდა განხორციელდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×