რეზონანსი
08.05.2024

 „ქართულ ოცნებას“ ახლა სუს-იც უერთდება და მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ დასავლეთიდან შემოსული ფულით კეთდება თურმე აქ გადატრიალება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად: „გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პარლამენტთან მოაწყონ პროვოკაციები, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებით, დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.“

აქუბარდიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები დამახასიათებელია ავტორიტარული ქვეყნებისთვის.

„სუს-ის აპოკალიფსური სცენარი, რომელიც ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ფილიალია და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ყბადაღებულ რევოლუციებს, რომლითაც აშინებენ საკუთარ მოსახლეობას. სუს-ის არაერთი გამოძიება, რომელიც დაწყებულა და არასდროს არ დასრულებულა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სუს-ის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა რუსეთია, ფერადი რევოლუციები, როგორც საფრთხე სუს-ის განცხადებაში ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს ფერად რევოლუციებთან დაკავშირებით. მთელი ეს დრამატურგია, რომელიც აქ არის მოყვანილი თითქოს მათი ინფორმაციით, რომელიც არასდროს არსად არ დადასტურებულა ისევ და ისევ აძლევს ხელს „ქართულ ოცნებას“, განავითარონ ის დრამატული სცენარი, რომელიც მათი ძალაუფლებისთვის საფრთხის შემქმნელია. ამ მოცემულობაში მე მაქვს ერთი კითხვა „ქართულ ოცნებასთან,“ როდესაც შემოჰქონდათ რუსული კანონი ხელმეორედ და მათ პირველ ჯერზე ნახეს 7-8 აქციებისას ხალხის წინააღმდეგობა, გათვალეს თუ არა რისკები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ამ კანონის შემოტანით, თუ გათვალეს, მაშინ, რატომ წავიდნენ იმაზე, რომ გამოეწვიათ დაპირისპირება, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის რისკები გაეზარდათ და ჩამოეშორებინათ ქვეყანა დასავლეთ ორბიტას. ასეთი ტიპის განცხადებები დამახასიათებელია ავტორიტარული ქვეყნებისთვის“, – აცხადებს აქუბარდია.

მისივე თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებული დღევანდელი განცხადება არის „პარტიული დანამიტის შინაარსის მქონე.“

„ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს, რომ აქ ამერიკა და დასავლეთი გადატრიალებას გეგმავდა. ახლა ამას სუს-იც უერთდება და მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ დასავლეთიდან შემოსული ფულით კეთდება თურმ გადატრიალება, ფერადი რევოლუცია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის დეზინფორმაციული ტიპის განცხადებებით ისინი აპირებენ ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცლას. ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრისთვის, ძალიან სამწუხაროა ამ ტიპის განცხადებები არის პარტიული დანამიტის შინაარსის მქონე და არა  – სახელმწიფო უსაფრთხოების“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×