რეზონანსი
29.03.2024

ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების დროს სისტემატურად იზრდება საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ხმის მიცემა და თუ შევადარებთ ნაციონალური მოძრაობის დროს ხმის მიმცემთა რაოდენობას, დაახლოებით 100%-მდე არის გაზრდილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„ერთ ფაქტს მოგიტანთ, სტატისტიკას - ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების დროს სისტემატურად იზრდება საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ხმის მიცემა და თუ შევადარებთ ნაციონალური მოძრაობის დროს ხმის მიმცემთა რაოდენობას, დაახლოებით 100%-მდე არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესში არის, რომ უფრო მეტმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა და ამისთვის როგორც დროული მომზადება, ინფორმაციის მიწოდება და თავისთავად კანონის ფარგლებში საარჩევნო უბნების გახსნა იქნება უზრუნველყოფილი, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის მაგალითზე. სხვა ქვეყნებში საარჩევნო უბნები ეწყობა დაცულ ტერიტორიებზე, საკონსულოები იქნება თუ სხვა მსგავსი, ჩვენივე საელჩოების ოფისები. ჩვენს შემთხვევაშიც განხორციელდება იდენტურად", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ერთმანეთს დაემთხვა.

„ძალიან ნიშანდობლივი არის დღეს სალომე ზურაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რომ ერთმანეთს დაემთხვა და ფაქტობრივად, ერთობლივად წამოიწყეს ამ თემის გაცოცხლება და გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, მანიპულატორულ ჭრილში მისი წარმოდგენა. მით უფრო, როდესაც, ალბათ გავიხსენებთ, არც ერთი არჩევნების დროს არანაირი რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ან რაღაც გამოწვევები არ ყოფილა ემიგრანტებისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არც გვქონია ასეთი რაღაც მომართვები. ასევე, გავითვალისწინოთ ის, რომ არაერთი ტალღა და არაერთი ეტაპი განხორციელდა საარჩევნო სისტემის რეფორმის და თუ ასე ძალიან მწვავედ ხედავდნენ ამ საკითხს და ამ პრობლემას, რა თქმა უნდა ჯობდა, ამ ადამიანებს იმ დროს გამოეთქვათ ეს საჭიროება. თუმცა, თავისთავად ვხვდებით და ბუნებრივია, რომ ეს საჭიროება არ არსებობს ამ სიმწვავით, ღია კარის შეტეხვის პრინციპი არის. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნების დროს და ალბათ, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებშიც ისინი რაღაც ახალ ტაქტიკას გამოიყენებენ, 2020 წლის არჩევნებში ვნახეთ, რომ ეს ტაქტიკა იყო PVT გაყალბება და თითქოს, რაღაც დაგვიანებით შედეგების გამოცხადებაზე აპელირება და არასწორი განწყობების შექმნა ამ თემაზე.

ახლა უკვე დაიწყეს არასწორი და ცრუ განწყობების შექმნა ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ხმის მიცემასთან დაკავშირებულ ვითომ პრობლემაზე და ცოტა სასაცილო იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მიმართვა და ვითომ რაღაცა მცდელობა, ამ პროცესში რაღაც თავისი როლი გამოკვეთოს. ამ ადამიანმა სამწუხაროდ, ვერ იპოვა თავისი როლი და დღეს ხვდებოდა ცესკოს წარმომადგენლებს იმ პირობებში, როდესაც ის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი იყო ცესკოსთვის ხელისშემშლელი პოლიტიკის და ხელისშემშლელი კანონების გატანისთვის. რა თქმა უნდა, ასევე, არანაირ ლოგიკას არ შეესაბამება ის, რომ მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კარგად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად კარგად ასრულებს ამ ფუნქციას და აუცილებლად არჩევნები ჩატარდება ისე, რომ ყველა ადამიანს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, ხმა მისცეს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ისევე, როგორც აქამდე", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე დიასპორის მონაწილეობა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მალევე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მხარს უჭერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×